skip to content
ევროპამთავარი თემა

მინისტრები: ევროკავშირში მეტი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ხმათა უმრავლესობით

ჩვენ არც ევროკავშირის ფუძემდებელი ხელშეკრულების შეცვლა გვსურს და არც აკადემიურ დებატებში შესვლა. ოღონდაც, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების ეფექტური გადაწყვეტა პრაგმატულ მიდგომას მოითხოვსო, ამტკიცებენ ერთობლივ საგაზეთო წერილში გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვენიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.


უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინაშე ევროკავშირმა საკუთარი ქმედუნარიანობა დაამტკიცა. უკრაინას დიპლომატიური, ფინანსური და სამხედრო დახმარება გავუწიეთ; რუსეთისაგან ენერგეტიკული დამოკიდებულება შევამცირეთ; უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის ნათელი პერსპექტივა შევთავაზეთ.

მომავლისაკენ როცა ვიხედებით, ცხადია, რომ საგარეო პოლიტიკაში სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედების აუცილებლობა ევროკავშირისათვის კვლავაც შენარჩუნდება, თუკი გვსურს ჩვენი მოქალაქეების ღირებულებები და ინტერესები დავიცვათ სულ უფრო ცვალებად მსოფლიო ასპარეზზე.

ჩვენ ისეთი ევროკავშირი გვჭირდება, რომელიც მტკიცე, ხელშესახებ შედეგებს გვაძლევს. უკანასკნელი ხანების მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ კრიზისულ ვითარებაში მოქმედების ეფექტურობა უნდა გავზარდოთ – დრო არ ითმენს. ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პირობებში, ინტეგრაციის წარმატება დამოკიდებული იქნება ჩვენი ინსტიტუტების ეფექტურ მუშაობაზე.

წარსულში, ევროკავშირს აკლდა სისწრაფეც და სიმტკიცეც. საგარეო პოლიტიკის მხრივ ევროკავშირის გადაწყვეტილებების უმრავლესობა წევრების ერთსულოვნებას მოითხოვს რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, აფერხებს ჩვენს ქმედუნარიანობას. უკრანიაში, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული ომის გამჩაღებელი რუსეთის დასანქცრების ათ პაკეტზე შეთანხმება ამ კონსენსუსის წესის მიუხედავად მოხერხდა, მაგრამ რთულად.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) საკითხებზე კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის უფრო ფართოდ გამოყენებას.

გვსურს, გადავლახოთ ის ძველი გამყოფი ხაზები, რომლებიც უმრავლესობით კენჭისყრის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს ყოფდა. ჩვენ არ გვსურს ევროკავშირის ფუძემდებელი ხელშეკრულების შეცვლა, არც აკადემიური დებატების გამართვას ვაპირებთ. დიახ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ საუბარი უმრავლესობით კენჭისყრაზე უფრო ფართო დისკუსიის ნაწილია, მაგრამ დღეს გვინდა პრაგმატული მიდგომა შემოგთავაზოთ – მოდით, მხოლოდ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ვისაუბროთ და გამოვიყენოთ ის მექანიზმები, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია ევროკავშირის ხელშეკრულებაში, ოღონდ უფრო მოქნილად და ისე, რომ ყველასთვის მისაღები იყოს.

პირველ რიგში, გთავაზობთ, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ “კონსტრუქციული თავშეკავების” მექანიზმი, როგორც ხელშეკრულების 31 მუხლის პირველი ნაწილითაა გათვალისწინებული. წევრმა სახელმწიფოებმა უკვე დაიწყეს ამ მარტივი, მაგრამ ფრიად ეფექტური მექანიზმის გამოყენება, რითაც ქვეყანა არ გამოხატავს მხარდაჭერას გადაწყვეტილებისადმი, მაგრამ დანარჩენ 26 წევრს არ უშლის ხელს გადაწყვეტილების მიღებაში.

ამგვარი “კონსტრუქციული თავშეკავების” ხელშესახები შედეგი გასულ ოქტომბერში ვნახეთ, როცა საგარეო საქმეთა საბჭომ უკრაინელი სამხედროების წვრთნის მისია დაამტკიცა. გვინდა ამ ახალ ტენდენციას მხარი დავუჭიროთ და გავაღრმავოთ – ჩვენს საკუთარ პოზიციებს გადავხედავთ ისე, რომ უფრო ხშირად, წინააღმდეგ ხმის მიცემის ნაცვლად, კონსტრუქციული თავშეკავება გამოვიყენოთ.

მეორე, გთავაზობთ, კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრა პრაქტიკაში გამოვცადოთ. ევროკავშირის პოლიტიკის გარკვეული მიმართულებებით ამგვარი წესი უკვე მიღებულია, ევროკავშირის ხელშეკრულების 31-ე მუხლის მეორე პუნქტზე დაყრდნობით. მაგალითად, თუკი საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის სამოქალაქო მისიის გახსნის შესახებ, მისი საოპერაციო მოდალობების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კვალიფიციური უმრავლესობით უნდა შეიძლებოდეს. მსგავსადვე შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმებზე ევროკავშირის ერთიანი პოზიციის შესახებ.

მეტიც, ჩვენი წინადადებაა მსგავსადვე მივუდგეთ იმგვარ საკითხებს, სადაც ფორმალურად გადაწვეტილებების მისაღებად კენჭისყრა საჭირო არაა, მაგრამ პრაქტიკაში კონსენსუსის წესი მოქმედებს. როდესაც [საგარეო პოლიტიკაში] უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის სახელით აკეთებს განცხადებას, ამის შესახებ საბჭოში გადაწყვეტილება შეგვიძლია კვალიფიციური უმრავლესობით მივიღოთ ხოლმე, რითაც ევროპის ხმას უკეთ გავაგონებთ მსოფლიოს.

მესამე, ჩვენი სურვილია ხიდები – ანდა ევროკავშირის ჟარგონით თუ ვიტყვით “პასარელები” [ფრ. Passerelle – საცალფეხო ხიდი, ბოგირი. ევროკავშირის ჟარგონით, ერთი სამართლებრივი მექანიზმიდან მეორეზე “მოკლეზე მოჭრის” მეთოდი – რედ.] – ავაგოთ. ამგვარი წესით ახლა უკვე შესაძლებელია, რომ საბჭომ ერთხმად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ საგარეო პოლიტიკის გარკვეული მიმართულებებით უმრავლესობით კენჭიყრა წესად იქცეს. ამგვარადვე შეგვიძლია, ზუსტად განვსაზღვროთ ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ის მიმართულებები, სადაც უმრავლესობით კენჭისყრა წესად იქცევა.

გვესმის, რომ ევროკავშირში ჩვენს ზოგიერთ პარტნიორს საგარეო პოლიტიკაში უმრავლესობის წესის დანერგვა თვალში არ მოსდის – მათი შეშფოთება გვესმის და სერიოზულად აღვიქვამთ.

ჩვენი აზრით, კონსენსუსის ძიება არის და უნდა დარჩეს საერთო-ევროპული გადაწყვეტილებების მიღების ძირითად ფორმად, იმიტომ, რომ ჩვენ სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან ვუცქერთ და კონსტრუქციული კომპრომისები უპირატესობად მიგვაჩნია და არა ნაკლად. ამდენად, ჩვენ მზად ვართ ევროკავშირის წევრების პოზიციები გავითვალისწინოთ და ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომლებიც ჩვენს საერთო ინტერესებს საუკეთესოდ წაადგება. გვინდა, ევროკავშირის ფარგლებში ურთიერთნდობა იყოს თანამშრომლობის განმტკიცების საფუძველი.

ბუნებრივია, [თუკი უმრავლესობით კენჭისყრის წესს მივიღებთ] წევრ ქვეყნებს ყოველთვის შეეძლებათ, გამოიყენონ ხელშეკრულების 31-მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული “საგანგებო მუხრუჭი” და შეაჩერონ იმგვარი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მათ სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მეტიც, შეგვიძლია კიდევ უფრო განვავითაროთ დაცვითი მექანიზმები იმ მიმართულებებით ეროვნული ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად, სადაც “პასარელის” წესით მოხდება უმრავლესობით კენჭისყრის გავრცელება. გვინდა, დამოუკიდებელი ექსპერტებსაც მოვუსმინოთ და მათი კითხვები და იდეები გავითვალისწინოთ.

ამ რთულ დროში, ჩვენ ისეთ ევროკავშირს ვუჭერთ მხარს, რომელიც ეფექტური და გადაწყვეტილებებისაკენ მომართული მოთამაშე იქნება, რომელიც დაიცავს ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. კრიზისულ მომენტებში ევროკავშირი ყოველთვის დგამდა ხოლმე ნაბიჯებს წინ. ახლაც ასეთი დრო მოვიდა.

პირველწყარო
It’s time for more majority decision-making in EU foreign policy

მსგავსი/Related

Back to top button