ახალი ამბები

ღარიბაშვილი: „შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 19 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში 90-იანი წლების აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან რიგ საკითხებზე, მათ შორის სააკაშვილის საქმეზე, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელზე, დავით კეზერაშვილზე ისაუბრა.  

სააკაშვილის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი FARA-ს (უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი – Foreign Agents Registration Act) ანგარიშებს შეეხო, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა და რომლებშიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ ამერიკაში ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილი მნიშვნელოვანი თანხებია ასახული. ღარიბაშვილმა ექს-პრეზიდენტი საქართველოს წინააღმდეგ „სამარცხვინო კამპანიის“ წარმოებაში დაადანაშაულა. „მისი ოჯახი იხდის მილიონობით დოლარს, მილიონებს ხარჯავს მთელ მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანდეს, ჩვენი რეპუტაცია შეილახოს“, – განაცხადა პრემიერმა. „რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, 9 წელი რომ მართავდა ამ ქვეყანას ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის მილიონობით დოლარს, მილიონებს ხარჯავს მთელ მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანეს“.

ღარიბაშვილის თქმით, ამ პროცესში „ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები“, რომელთა მიზანიც საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების დესტაბილიზაციაა. მან უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან გაავლო პარალელები და განაცხადა: „მათი ინტერესია, რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა და უბედურება, ისეთი რაც ახლა ხდება უკრაინაში“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი“. მან ანტი-სახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსების წყაროებსა და სააკაშვილის ოჯახის ქონებაზეც დასვა კითხვები: „საიდან აქვთ ეს არადეკლარირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში ამ მილიონებს?“

რაც შეეხება პოლონელ ექიმებთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომლებიც შეეცადნენ სააკაშვილის ბიომასალა ფარულად გაეტანათ კლინიკიდან, ღარიბაშვილმა აღნიშნა: „ჩვენი შეთავაზება იყო, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ, ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამისი მცდელობა. საერთოდ, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა“.

იგი პოლონეთის პოლიტიკურ კამპანიაში სააკაშვილის „ყოფილი მეგობრების“ ჩართულობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი ამ საკითხს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში იყენებენ. „ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი, გავაგრძელოთ თანამშრომლობა [პოლონელ ექიმებთან}. ვიმეორებ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება ოჯახის მიმართ, ოჯახის მიმართ ხაზს ვუსვამ, რომ ადგილზე ჩამოიყვანონ, თუ მაინცდამაინც უნდათ მკურნალობა, უმკურნალონ რაც უნდათ ის გაუკეთონ“, – განაცხადა პრემიერმა.

სააკაშვილის საქმეზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ მოახდინა რეაგირება სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის თაობაზე საქართველოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე. „კითხვა ისმის, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირება? უფრო მეტიც, არათუ რეაგირება და არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ სააკაშვილი დღემდე, პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას“. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ლორთქიფანიძე (სააკაშვილის მმართველობის დროინდელი შს მინისტრის მოადგილე) უშუალოდ იყო ჩართული ამ საქმეში, იგი დააწინაურეს და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

უკრაინის შესახებ

ღარიბაშვილმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც განიხილა და უკრაინის ხელისუფლების მიერ სააკაშვილის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან „მეორე ფრონტის“ შესახებ დასავლეთის ნარატივსა და სააკაშვილს საქმეს შორის ურთიერთკავშირს გაუსვა ხაზი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „სიტყვა „მეორე ფრონტი“ უკრაინის მაღალჩინოსნებისგან მომდინარეობს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და მოლდოვაში“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ზელენსკის მრჩევლები და უამრავი, ოფისის წარმომადგენლები ვინც არიან, ღიად ამბობდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ანუ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის ყურადღება, რომელიც სააკაშვილის საქმეს ეთმობა, არალოგიკურია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც უკრაინა დგას. „უკრაინის მთელი ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული, ტრილიონ დოლარზე მეტი არის ზარალი, რომელიც უკრაინას მიადგა. ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული და 20 მლნ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში. ზოგმა ქვეყანა დატოვა, ამბობენ, რომ 7-10 მილიონი შეიძლება იყოს, მეორე ათმა მილიონმა ქვეყნის შიგნით გადაინაცვლა… ამ ტრაგედიის შემდეგ, ყოველდღიური გამოწვევების ფონზე… როცა დრო გაქვს და ერთ-ერთ ლუზერ, სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს და გინდა, რომ ამით რაღაცა დღის წესრიგი შექმნა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის“.

მისი თქმით, „მთელმა მსოფლიომ და საზოგადოებამ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სამწუხაროდ მათ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ზოგიერთი ყოფილი პოლიტიკოსი და მათ შორის სამწუხაროდ სხვა ზოგიერთი, ასე ვთქვათ, ევროპელიც, სიმართლე არის ერთი – ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. ეს არის მთავარი“.

კიევთან ბოლოდროინდელ დიპლომატიურ უთანხმოებაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, „ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ელჩი გაიწვიეს, საქართველო იყო და უკრაინას დღემდე ჰყავს ელჩი იმ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის თავდასხმები“. „რა თქმა უნდა, მადლიერებაზე აღარ არის საუბარი, ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ეტიკეტის დარღვევა. კიევი როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. აი ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის“ დედაქალაქში, თბილისში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა“.

ამ კონტექსტში, პრემიერმა განაცხადა, რომ „ჩვენ არ ჩამოვრჩებით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკავშირის, ევრიკომისიის დასკვნა სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და არ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე“. მისივე თქმით, რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს.

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და დავით კეზერაშვილის შესახებ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას გამოეხმიანა და მისი დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი მწვავედ გააკრიტიკა. „თუ არ ვცდები, იბარებს ოპოზიციონერებს, პოლიტიკოსებს და აძლევს ინსტრუქციებს… თქვენ საერთოდ როგორ ბედავთ და კითხვას მისვამთ, კეზერაშვილის ტელევიზია?“ – მიმართა მან ჟურნალისტს.

მისი თქმით, კეზერაშვილმა „ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში“. „კაცმა მილიარდი დოლარი მოიპარა და ფორმულასაც და სხვა პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს მოპარული, ევროპელი პენსიონერების ფულით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, კეზერაშვილთან დაკავშირებული ყველა ადამიანია „ლუზერია“, რომელთაც „გარდა ჩვენი ქვეყნის დაზიანებისა, არაფრის მოტანა შეუძლიათ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button