სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, „ციხის ბუნტის“ საქმეზე არაადამიანურ მოპყრობაში მსჯავრდებულის, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სამხედრო პოლიციის უფროსის მეგის ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ „სამოქალაქო საქართველოს“ აცნობა, რომ მეგის ქარდავას ადვოკატების სააპელაციო საჩივარი მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის განაჩენს ასაჩივრებდნენ, რომლითაც ქარდავას სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა.
მსჯავრდებულის ადვოკატის, გია გოროზიას თქმით, მეგის ქარდავა უნდობლობას უცხადებს სასამართლოს, რის გამოც იგი არ ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას და არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.
მეგის ქარდავა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წლის თებერვლიდან სხვადასხვა ბრალდებით 11 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა. იგი 2017 წელს უკრაინაში დააკავეს და 2021 წელს მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში. ქარდავა დამნაშავედ ცნეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ე.წ. „ციხის ბუნტის“, „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ და „კასრების“, ასევე გადამდგარი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე, რისთვისაც ქარდავას დაუსწრებლად ცხრაწლიანი პატიმრობა შეეფარდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/07/2018 – სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)