ახალი ამბები

უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსანი, გახმაურებულ საქმეებში ბრალდებული, მეგის ქარდავა დააკავეს

უკრაინის სამართალდამცავებმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 1 ნოემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წლის თებერვლიდან 9 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნება.

მთავარი პროკურატურის მიერ 2 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, ხოლო საქართველოში მისი ექსტრადიციის საკითხი უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყდება.

პროკურატურის თანახმად, ქარდავა საქართველოში დაუსწრებლად უკვე გაასამართლეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ იგი ფიგურირებს ე.წ. „ციხის ბუნტის“, „ნავთლუღის სპეცოპერაციის“, „კასრების“ და სხვა სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებშიც მას ბრალად წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ასევე ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებები ედებოდა.  

მსგავსი ბრალდებებით ქარდავას მიმართ სასამართლოში კიდევ ოთხი სისხლის სამართლის საქმე განიხილება.

მეგის ქარდავა 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. შემდეგ კი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მან საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button