ახალი ამბები

წამების კადრები მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აჩვენეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიდ ჯგუფს უმასპინძლა, რომელთა შორისაც ასევე იყვნენ პოლიტიკური მიმომხილველები და ექსპერტები, რათა მათთვის ის ვიდეოფირები ეჩვენებინათ, რომელიც, როგორც ხელისუფლება აცხადებს, სამეგრელოს რეგიონში კვირის დასაწყისში აღმოჩენილ იარაღის სამალავში იქნა ნაპოვნი და რომელიც სამართალდამცველების მიერ ორი დაკავებულის წამებას ასახავს, რასაც შსს–ს ცნობით, 2011 წელს ჰქონდა ადგილი.

ერთი დღით ადრე ვიდეოფირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.

20 ივნისს ნაჩვენები ვიდეოფირები ორ დამოუკედებელ ეპიზოდს შეიცავს, სადაც ორ დაკავებულს, რომელთა სახეებიც დაფარულია ვიდეოზე, აუპატიურებენ და აწამებენ; ერთ–ერთ ეპიზოდში სამართალდამცველები სავარაუდოდ ცდილობენ დაკავებულისგან აღიარება მოიპოვონ სავარაუდო ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით.  ვიდეოები ინგლისური სუბტიტრებით გაუშვეს, სადაც ხმა ჩაწეული იყო.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 19 ივნისს, რომ რამდენიმე პირი, მათ შორის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი და ასევე ის პირი, რომელსაც ორ დაკავებულზე სქესობრივ ძალადობაში ედება ბრალი, დაკავებული არიან იმ სცენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვიდეოფირებზეა აღბეჭდილი.

ოფიციალური განცხადებებიდან გამომდინარე, ამ ვიდეოფირების ჩვენებით, ჯერ დიპლომატიური კორპუსისთვის და შემდეგ მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ხელისუფლებას სურდა ეჩვენებინა, რომ სექსუალური ძალადობის და წამების შემთხვევები, როგორც მთავრობა აცხადებს, „სისტემური ხასიათს“ ატარებდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, რასაც არა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაში ჰქონდა ადგილი პატიმრების წინააღმდეგ, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

"საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. იმ დროს [შინაგან საქმეთა] მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი, მე მინდა კარგად შევახსენო ყველას, შესაბამისად პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირების, რომელთა მმართველობის დროს ხორციელდებოდა ეს საშინელება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 19 ივნისს ორი დაკავებულის წამების ამსახველ ვიდეოფირებზე საუბრისას. 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა ჟურნალისტებს 20 ივნისს, რომ ვიდეოფირები იმის მტკიცებულებაა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში „მასიური სადიზმის ინსტიტუტები“ არსებობდა.

„ბუნებრივია ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის, მაშინდელი პრეზიდენტისაც, რომ ესეთი მასიური ტერორის და სადიზმის ინსტიტუტები შეიქმნა ქვეყანაში“, – განაცხადა ალასანიამ.

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდა, რათა კონტროლი განხორციელდეს შსს–ს მიერ იმ დანაშაულების გამოძიებაზე, რომლებიც ვიდეოფირებზეა ასახული და არ მოხდეს ამ საქმის შესაძლო გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ.

20 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ „საქმე გვაქვს იმდენად მძიმე დანაშაულთან, რომ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე, სრულიად მკაფიოდ უნდა ითქვას – ყველა პირი, რომელიც მონაწილეობდა, გეგმავდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და ავრცელებდა ამის ამსახველ მასალას უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით“.     

„საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია იმისათვის, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გამოიყენონ ამ აღმაშფოთებელი ფაქტების გამოძიების პროცესი და მისი მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები არა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიის საწარმოებლად, არამედ რეალური დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად,  მძიმე დანაშაულის გამოვლენისა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯისათვის მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ – პოლიტიკურ ფაქტორებს. „შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნით შეძლებს თავიდან აიცილოს პოლიტიკური მიკერძოება და დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას“, – განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ.

20 ივნისს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ამჟამად სხვადასხვა ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ვიდეოფირებზე ნაჩვენები დანაშაულების უკან დგანან. გაცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „თუ უკანასკნელ წლებში, რამე მსგავს შემთხვევას ჰქონდა პოლიციაში ადგილი, ეს წარმოადგენს ცალკული პიროვნებების თვითშემოქმედებას და მას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი“. 

„შესაბამისად, ნებისმიერი სპეკულაცია მსგავსი ფაქტების სისტემურ ხასიათთან დაკავშირებით წარმოადგენს წინა ხელისუფლების და პირადად ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის გაგრძელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

20 ივნისს გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს დანაშაულები ზედმიწევნით უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები „მკაცრად უნდა დაისაჯონ“. მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში „ძალიან ბევრი გაკეთდა“ იმისათვის, რომ აღმოფხვრილიყო „ადამიანის ტანჯვა, წამება, ფულის აღება, ძალდატანებით აღიარების მიღება“, რასაც, მისი თქმით, ვარდების რევოლუციამდე ჰქონდა ადგილი და „სიტუაცია“ პოლიციაში „99.99 პროცენტის შემთხვევებში გაუმჯობესდა“.

„მაგრამ ყველა ამ სიტუაციაში ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას კუნძული უბედურების და საზიზღრობის, ყოველთვის შეიძლება შეიპარონ სადისტები და მოძალადეები, და რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთები შეიპარნენ იქ წინა მთავრობის დროს, ჩემი მთავრობის დროს“, – განაცხადა სააკაშვილმა. ნაციონალური მოძრაობის განცხადების მსგავსად, სააკაშვილმაც გააკრიტიკა გადაწყვეტილება ციხის სკანდალთან დაკავშირებულ საქმეზე ერთ–ერთი ბრალდებულის, ლადო ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე მას შემდეგ, რაც სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მთავარმა პროკურორმა მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ ვიდეოფირები მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიდი ჯგუფისთვის ეჩვენებინა, უთანხმოება მოყვა.

რამდენიმე წარმომადგენელმა, რომლებიც 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიკრიბნენ, პროტესტის ნიშნად დატოვა ჩვენება; მათ შორის იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელები; მათ განაცხადეს, რომ უცნობია, რა იყო ამ ვიდეოფირების ჩვენების მიზანი და ამის სანაცვლოდ სამინისტროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინფორმაცია უნდა გაეზიარებინა ამ დანაშაულების გამოძიების თაობაზე. ჩვენება ასევე დატოვა რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუს წამყვანმა დავით პაიჭაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენებამდე მან ჰკითხა შინაგან საქმეთა მინისტრს, მიიღეს თუ არა მათ ყველა ზომა ფირებზე ასახული პირების იდენტობების დასაფარად; პაიჭაძემ, რომელიც ქართული ოცნების ბევრი მხარდამჭერის აზრით, წინა ხელისუფლებას თანაუგრძნობს, განაცხადა, რომ მინისტრის მხრიდან მკაფიო პასუხის მიღების სანაცვლოდ, ამ უკანასკნელმა კითხვების დასმა დაუწყო მას, თუ რატომ არ საუბრობდა ის ადამიანის უფლებებზე, როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო; პაიჭაძის თქმით, ამის შემდეგ მან შეხვედრა დატოვა.

ჩვენების დაწყებამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა აუდიტორიას, რომ ფირებზე ნაჩვენები პირების კონფიდენციალურობა დაცულია და გააფრთხილა დამსწრეები, რომ კადრები ძალიან მძიმე საყურებელი იყო. მან ასევე განაცხადა, რომ ვიდეოფირების ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება არასწორია, რადგანაც „ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდ მღელვარებას გამოიწვევს საზოგადოებაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button