Placeholder canvas
ახალი ამბები

ბურუსით მოცული ციხის ინციდენტი

მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა ჩატარდეს 27 მარტს თბილისის ციხეში  მომხდარი ძალადობის დამოუკიდებელი და საჯარო გამოძიება, საქართველოს ოფიციალური პირები ამ ეტაპზე მომხდარის ამგვარი შესწავლის აუცილებლობას სკეპტიკურად უყურებენ.

მე-5 საპყრობილეში მომხდარი ძალადობის მოტივი კვლავ რჩება სხვადასხვა ინტერპრეტაციისა და ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის დაპირისპირების წყაროდ. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი იყო კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ციხეში მოწყობილი ბუნტი, რაც ციხიდან მასობრივ გაქცევას და ქვეყნის “მასიურ დესტაბილიზაციას“ ისახავდა მიზნად.


თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უარყვეს ეს ვერსია და განაცხადეს, რომ ბუნტი იყო პატიმრების სპონტანური ქმედება ციხის თანამშრომლების და კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩო ახალაიას მიერ 27 მარტს ღამით პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობის წინააღმდეგ. ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ პოლიციის სპეცრაზმმა “გადაჭარბებული ძალა“ გამოიყენა პატიმრების წინააღმდეგ.


ციხეში მომხდარ ძალადობას საერთაშორისო გამოხმაურებაც მოყვა. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 31 მარტს შეშფოთება გამოხატა თბილისის მე-5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარი “ძალადობრივი ინციდენტის“ გამო და საქმის დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.


“ჩვენ აღვნიშნავთ, რომ მომხდარის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა და გაურკვევლობაც სახეზეა“, – დასძინა კარელ დე გუხტმა.


“მჯერა, რომ სწორი იქნება დამოუკიდებელი და საჯარო გამოძიების წარმოება მოვლენათა გარკვევის მიზნით, მათ შორის იმ განცხადებებისა, რომლებიც კეთდებოდა მთავრობის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც დიდი რაოდენობის მსხვერპლით დასრულდა“, – განაცხადა მან.


ამჟამად საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს. პარლამენტარები მმართველი პარტიიდან აცხადებენ, რომ ამჟამად დამოუკიდებელი გამოძიების საჭიროება არ არსებობს.


“თუ გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდება, მაშინ უნდა დადგეს საკითხი დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. თუმცა ჯერ დაველოდოთ პროკურატურის გამოძიების შედეგებს“, – განუცხადა 1 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ “სივილ ჯორჯიას“.


იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება “პროკურატურის მიმართ უნდობლობის“ გამოხატულება იქნება. 


“ეს იყო საპარლამენტო ჯგუფის შექმნაზე ჩვენი უარის მთავარი მოტივი. არ ვიცი, რისთვის არის საჭირო დამოუკიდებელი გამოძიება, როდესაც გენერალური პროკურატურა იძიებს გამოყენებული იყო თუ არა გადაჭარბებული ძალა ბუნტის დროს“, – განუცხადა ნიკა გვარამიამ “სივილ ჯორჯიას“ 1 აპრილს.


“თუ საჭირო იქნება გამოძიების პროცესში პოლიტიკური კომპონენტის ჩართვა და ამას დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოება, მაშინ შეიძლება ამის გაკეთება, თუმცა მე მგონია, რომ კომისიის შექმნა საჭირო არ არის“, – დასძინა მან.


ნიკა გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მიერ თავის განცხადებაში გაკეთებული ფრთხილი შეფასებები, რომელშიც ის არ იყენებს ტერმინს “ციხის ბუნტი“ და სანაცვლოდ მას “ძალადობრივ ინციდენტს“ უწოდეს, “სწორი ინფორმაციის ნაკლებობითაა“ გამოწვეული. 


“ჩვენი წარმომადგენელი ეუთოში შეეცდება გამოასწოროს ეს ვითარება, რადგან ეს იყო ნამდვილად ბუნტი და ქვეყანა სერიოზულ საფრთხეს გადაურჩა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ და იქვე დასძინა, რომ ადამიანის უფლებათა დამცველმა “ანგაჟირებულმა” ორგანიზაციებმა ხელი შეუწყვეს საერთაშორისო საზოგადოების “დეზინფორმირებას“.


ნიკა გვარამია 28 მარტს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებას გულისხმობდა. ამ ჯუფმა, რომელშიც ასევე შედიოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას და დაგმო პოლიციის ქმედება გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო და ციხეში მომხდარი ძალადობის მიზეზების გამოძიების მიზნით საჯარო გამოძიების წარმოება მოითხოვა. თუმცა თავისუფლების ინსტიტუტმა გააკრიტიკა ეს მიმართვა, მას მიკერძოებული და “არაკომპეტენტური“ უწოდა და მხარი დაუჭირა ხელისუფლების მიერ ციხეში ვითარების დასამშვიდებლად გატარებულ ღონისძიებებს.


ოპოზიციური ფრაქცია ახალი მემარჯვენეების წევრმა კოკა გუნცაძემ, მას შემდეგ, რაც მან ციხეში შესვლაზე პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვა მიიღო, 1 აპრილს პატიმრები მოინახულა.


“ძალიან შეშინებულები არიან პატიმრების უმრავლესობა, ერიდებიან ამ თემაზე საუბარს, თუმცა მიუხედავად ამისა, გამოჩნდა იქ [ციხეში]რამოდენიმე ადამიანი ვინც გაბედა და მომიყვა თუ რა ხდებოდა იმ დღეს. მათ პრაქტიკულად დაადასტურეს ის ეჭვი, რომელიც გვქონდა ჩვენ, რომ ყველაფერი დაიწყო ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან, სადაც იყო მორიგი შემთხვევა პატიმრების ცემის, სადისტური მოპყრობის, აბუჩად აგდების, შემდგომში ეს ყვირილი გადაედო ციხის კორპუსს, მე–5 საპყრობილეს და გამოიწვია ამან მძაფრი პროტესტი, რომელმაც მიიღო უკვე ბუნტის და სახალხო მღელვარების ფორმა. და ამის შემდგომ გამოყენებული იყო უკვე სპეცდანიშნულების ჯგუფები”, – განუცხადა კოკა გუნცაძემ ჟურნალისტებს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button