ვილნიუსის თეთრი ღამეები
გასულ კვირას, ვილნიუსში ჩაიარა ნატო-ს სამიტმა, სადაც გადაწყდა, რომ უკრაინის ნატო-სკენ მიმავალი გზა შემოკლდება და მას წევრობის სამოქმედო გეგმის შესრულება აღარ მოუწევს. ამასთან, ნატო-ს ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკი დაარწმუნეს, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია, მაგრამ ალიანსში უკრაინის ოფიციალური მიწვევისგან ჯერ თავი შეიკავეს – ზარბაზნების გრუხუნმა ჩაიაროს და ამ თემას კიდევ დავუბრუნდებითო. მიუხედავად ბევრი მითქმა-მოთქმისა, სამიტზე ნატო-ს ქვეყნების ლიდერები მტკიცედ შეთანხმდნენ – რეგულარულად მოამარაგონ კიივი სამხედრო შეიარაღებით, ტექნიკით, სადაზვერვო ინფორმაციითა და სხვა საჭირო რესურსებით, ასევე დაეხმარონ ჯარის გამართვაში. ნატო-ს ეს დანაპირები კი, ფაქტიურად ყველაფერს მოიცავს მე-5 მუხლის გარდა, რაც აშშ-ს მიერ ისრაელისთვის მიცემული გარანტიების ძალიან მსგავსია.
ერდოღანის შვედური გამბიტი
სამიტი დაწყებული არ იყო, ხმა გავარდა – რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას დათანხმდაო. მართლაც, ნატო-ს თავიკაცის, იენს სტოლტენბერგის მასპინძლობით გამართულ შეხვედრაზე, თურქეთის პრეზიდენტი და შვედეთის პრემიერი შეთანხმდნენ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების ოქმი უახლოეს მომავალში თურქეთის პარლამენტს გადაეცემა დასამტკიცებლად და საქმე აღარ გაჯანჯლდება. არადა, ვილნიუსში გამგზავრებამდე, ერდოღანი ღიად იმუქრებოდა, სანამ თურქეთს ევროკავშირის გზას არ გაუხსნით, შვედეთზე ჩემი მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათო. ამ დღეებში, იმასაც ამბობდნენ, ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებაზე დაყაბულების სანაცვლოდ, აშშ ერდოღანის თურქეთისთვის 40 სამხედრო თვითმფრინავის მიყიდვას და ძველების მოდერნიზებას დათანხმდაო. მალე გამოჩნდება რაში გაცვალა ერდოღანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობა.
ომიანობის სახასიათო გაუგებრობები
ნატო-ს სამიტის დღეებში, უხერხული გაუგებრობა წარმოიშვა ბრიტანეთსა და უკრაინას შორის. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ ვოლასმა ნატო-ს სამიტის შედეგებით თითქოს უკმაყოფილო ვოლოდიმირ ზელენსკის საჯაროდ შეუთვალა – უკრაინის მხრიდან მეტი მადლიერება ნამდვილად არ გვაწყენდა, ჩვენ Amazon-ი კი არ ვართო. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ამ შენიშვნას, პრემიერი სუნაკი მაშინვე გაემიჯნა და დაამატა ზელენკის მადლობა არ ეშლებაო. ბენ ვოლასის ალბათ უდროო და უადგილო გამოხტომა უპასუხოდ არ დატოვა თავად ზელენსკიმაც – გვითხარით რა ფორმით გესიამოვნებათ მადლიერების გამოხატვა და მზად ვართ, თქვენთვის მადლიერების გამოხატვაში გავლიოთ მომავალი დღეებიო. ახლო მოკავშირეების ეს სარკასტული გაუგებრობა მალევე ჩაცხრა და მტრის ჯინაზე მეტი გასაქანი აღარ მიეცა.
ფრანგული საჩუქარი
ბრიტანეთის გარდა, Storm Shadow/SCALP-ის მაღალი სიშორის ფრთოსონი რაკეტებით უკრაინას საფრანგეთიც მოამარაგებს. ამის შესახებ, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე ჩასულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა. გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, საერთო ჯამში საფრანგეთი უკრაინას 50 ასეთ რაკეტას მიაწვდის და როგორც ირკვევა, მათი ნაწილი თურმე უკვე უკრაინაშია. ამ ბრტანულ-ფრანგული წარმოების რაკეტების მოქმედების სიშორე დაახლოებით 250 კილომეტრს შეადგენს და თითიეული მათგანი 2.5 მილიონ ევროზე მეტი ღირს. Storm Shadow/SCALP-ის რაკეტები უკრაინის არსენალში არსებული ყველაზე მაღალი სიშორის მოქმედების იარაღია, რომელსაც ფრონტის ხაზს მიღმა განლაგებული სამიზნეების მიგნება და განადგურება შეუძლია.
მკვდარი სულები
ავტორიტეტულმა რუსულმა მედია საშუალებებმა – “Медуза”-მ და “Медиазона”-მ ერთობლივი კვლევა ჩაატარეს და გამოარკვიეს, რომ უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ – 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის მაისის ბოლომდე პერიოდში – რუსულ მხარეს დაეღუპა დაახლოებით 47 ათასი ჯარისკაცი. კვლევისას, თურმე გამოყენებულ იქნა სამემკვიდრეო საქმეების რეესტრი, როსტატის სიკვდილიანობის მონაცემები, დამოუკიდებელი ინტერნეტ წყაროები და სასაფლაოების სიებიც კი. “Медуза” და “Медиазона” თავიანთ კვლევაში დარწმუნებულები არიან და საფუძვლიანად ვარაუდობენ, რომ მათი კვლევის შედეგები 95%-იანი სიზუსტით გამოირჩევა. საგულისხმოა, რომ ეს მონაცემი სამჯერ აღემატება 1979-1989 წლებში ავღანეთის ომის საბჭოთა დანაკარგებს და ცხრაჯერ – 1994-96 წლებში პირველი ჩეჩენურ ომში დაღუპულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობას.
ავაზაკების შეხვედრა
ცნობისმოყვარე ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ ერთ დროს ამბოხებული ჟენია პრიგოჟინი, „ვაგნერის“ საველე სარდლებთან ერთად, 29 ივნისს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვედრია და მათ შორის რამდენიმე საათიანი გულითადი მუსაიფიც გაბმულა კრემლში. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა. ამ შეხვედრის მიუხედავად, „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფებამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მის ხელთ არსებული დიდძალი სამხედრო ტექნიკა მთლიანად გადაულოცა, პუტინმა კი, ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა რომ „ვაგნერი“ სამართლებრივად არ არსებობს, რადგან კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობას რუსული კანონმდებლობა არ არეგულირებსო. მოკლედ, ავაზაკები განაგრძობენ ერთმანეთში თავისი ავაზაკური საქმეების გარკვევას. სანამ ჟენია თავის საქმეებს აგვარებს, მისი ვაგნერელები ბელარუსში ჩავიდნენ და იქაური ჯარისკაცების გაწვრთნას მიჰყვეს ხელი.
ღენერლების საქმე
დასავლური და რუსული საინფორმაციო საშუალებები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, უკვე დარწმუნებით ამბობენ, რომ დაპატიმრებულია რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალებისა და შეთავსებით უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების სარდალი, არმიის გენერალი, ანდრეი სუროვიკინი. გენერალი სუროვიკინი 24 ივნისის შემდეგ არავის უნახავს, რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავკაცი კი, გაიძახის – მოსასვენებლადაა კაცი და გათიშული აქვს ტელეფონიო. სუროვიკინის გარდა, გასულ კვირას საქმეებს ჩამოაცილეს და გადააყენეს რუსეთის 58-ე არმიის უკმაყოფილო სარდალი, გენერალი ივან პოპოვი. გენერალმა პოპოვმა თურმე რუსეთის გენშტაბის უფროს, ვალერი გერასიმოვს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის არმიასა და უკრაინის ფრონტზე არსებულ მძიმე პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. გერასიმოვმა კი, პოპოვი ცრუ ცნობების გავრცელებასა და პანიკიორობაში დაადანაშაულა და საერთოდ ჩამოაცილა სამხედრო საქმეებს.