skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკოსები პარლამენტში პრემიერმინისტრის გამოსვლას აფასებენ

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 30 ივნისს პარლამენტის წინაშე მთავრობის წლიური ანგარიშით წარსდგა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ქვემოთ მოცემულია პოლიტიკოსების შეფასებები:

მმართველი გუნდი

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ოპოზიცია გაექცა დებატებს, ამას მარტივი მიზეზი აქვს – მათ არაფერი აქვთ სათქმელი, ყველა წინა დებატები პრემიერმინისტრთან დასრულდა ანგარიშით 10-ით 0, პრემიერის სასარგებლოდ. მოლოდინი ეხლაც იყო იგივე და ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ გაუმართლდათ. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა, რომ ეს დებატებიც დასრულდა იგივე ანგარიშით“.

არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნება“: „დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ამ დარბაზში ისაუბრა შემდეგზე: პირველი, საქართველოს უსაფრთხოება და მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში გახლავთ განუხრელად დაცული ჩვენი, ხელისუფლებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მან ასევე ისაუბრა და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომ ეს ასე იქნება მომავალშიც, როდესაც ჩვენ, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად განვაგრძობთ ქვეყნის მართვას. მეორე, რაც პრემიერმინისტრმა თქვა, ეს არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს ომის დაწყებამდეც ჰქონდა, მაგრამ უფრო რთული იყო ამ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება უკვე იმ რთული კრიზისის და რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, რომელიც ახლა გვაქვს რეგიონში, მაგრამ საქართველომ დღეს ეს შეძლო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით… ასევე დღეს ამ დარბაზში გამოჩნდა, რომ საქართველოს დღეს აქვს ბევრად უკეთესი და ძლიერი დემოკრატია ვიდრე ჰქონდა 10 წლის წინ“.

მიხეილ სარჯველაძე, „ქართული ოცნება“: „პრემიერმინისტრის წლიური ანგარიში არის სრულყოფილი. არ არსებობს დღეს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც არ ყოფილა  დღეს მიმოხილული. იყო  ასევე საუბარი  გამოწვევებზე და სამომავლო ხედვებზე“.

ირაკლი ბერაია, „ქართული ოცნება“: „შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ქვეყანამ მიაღწია უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. დღეს მთავრობას სტრატეგიული ამოცანების შესრულება უწევს ურთულეს გეოპოლიტიკური რეალობაში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიით და ახალი გამოწვევების აღმოცენებით კიდევ უფრო კომპლექსური გახდა საფრთხეების ეკოსისტემა, რომელშიც საქართველო იმყოფება… სახეზე არის ხელშესახები შედეგები ყველა მიმართულებით“.

ოპოზიცია

ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: „დღეს პარლამენტში რაც ხდება არის უნიჭო სპექტაკლი. ფსევდო პრემიერის „ანგარიში“ -სიყალბე და ტყუილი რომ არის, აშკარაა თითოეული ოჯახისათვის“.

თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „[პრემიერმინისტრის] მისი რიტორიკა, მოქმედებები, საქმე დამყარებულია სიძულვილზე, ძალადობაზე და ტყუილზე. აი, ეს არის ის სამი ელემენტი… რომლითაც ცდილობენ ქვეყნის რუსიფიკაციის მოხდენას, რომ ჩვენ ქვეყანას ევროპული მომავალი წაართვან“. 

ხატია დეკანოიძე, პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“: „სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან დღეს, იმიტომ, რომ  მთელი მისი მოტივაცია, შემოქმედებაა გააღრმავოს პოლარიზაცია, დათესოს სიძულვილი, ამაზრზენი ენით ესაუბროს საკუთარ ოპონენტებს, ძალადობისკენ მოუწოდოს.  ეს არის ყველაფერი ის, რაც  ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერმინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის პოლარიზაცია, რადიკალიზაცია და თუ ვინმე არის დესტრუქციული, რადიკალური და პოლარიზაციის გამაღრმავებელი ეს არის სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გამოსვლა“.

ანა ნაცვლიშვილი, „ლელო-საქართველოსთვის“: „თქვენ რომ სხვა რეალობაში ცხოვრობთ, ეს ვიცით. თქვენ რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაქვთ, ესეც ვიცით. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ის პრივილეგიები, რაც გაქვთ თქვენ. ბევრი ტყუილი ითქვა აქ ზიზღით. არ ვიცი სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის… ტყუილი იყო რასაც თქვენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებდით ყველას, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული. სად არის შესრულებული რეკომენდაციები. სტოკჰოლმში გითხრეს, რომ შესრულებულია 12-დან სამი რეკომენდაცია. ვერ გაიგეთ ეს რომ გითხრეს?… არ გრცხვენიათ, რომ მთელი თვეების განმავლობაში იდექით და ამბობდით ტყუილს, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა“.

ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკური პარტია“: „დღეს, ძალადობის გამიჯვნის ნაცვლად, თვითონ იძალადა… თავად მხოლოდ პროპაგანდით არის დაკავებული…ეს არის სამარცხვინო, რაც დღეს ვნახეთ. კონკრეტულ შეკითხვებზე არ პასუხობდა“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „პრემიერმინისტრის დღევანდელი გამოსვლა შეიძლება შევაფასოთ, სამი კონკრეტული შეფასებით: რეალობას აცდენილი, ტყუილებით, სიცრუით გაჯერებული, სიძულვილის ენით გაჯერებული გამოსვლა, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავის თავს ვერ დაინახავდნენ, დაინახავდნენ მხოლოდ და მხოლოდ სკამზე ზრუნვას, როგორ შეინარჩუნოს [ირაკლი ღარიბაშვილმა] თანამდებობა. ეს არის რეალობა“.

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „მესმის უმრავლესობის წარმომადგენელბისთვის ძალიან ძნელია იმ სიმართლის მოსმენა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი… სწორედ ამ სტანდარტით ვხელმძღვანელობდი და ვუსმენდი ღარიბაშვილს ხუთი საათი და ადამიანმა სიძულვილის, ზიზღის, შეურაცხყოფის საკუთარი რეკორდი მოხსნა. 20 წუთი ილაპარაკა საქართველოს განვითარებაზე, დანარჩენი, ოთხი საათი ლანძღავდა ოპონენტებს… უნდა იცოდეთ მარტივი სტანდარტი, ვინც დათესავს ძალადობას, ქარს, მოიმკის ქარიშხალს და არ გირჩევთ. არ არის ეს სტანდარტი“.

ბექა ლილუაშვილი, „საქართველოსთვის“: „დღევანდელი გამოსვლით კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ ოცნებას არანაირი რესურსი, უნარი და რაც ყველაზე მძიმეა, როგორც ჩანს, პოლიტიკური ნებაც აღარ აქვს დღევანდელზე უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი შეუქმნას ადამიანებს. იგი ცდილობს ხალხი აცხოვროს არა მომავლის რწმენით, არამედ მოუშუშებელი იარის შიშებით“.

ალექსანდრე ელისაშვილი, „მოქალაქეები“: „ჩემი აზრით, თვითკრიტიკა და თვითკრიტიკულობა ყველაზე მეტად შვენის ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, განსაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობის პირს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს… თქვენს [პრემიერის]გამოსვლაში რომ მომესმინა რამდენიმე ნოტა მაინც სხვადასხვა დარგში და სფეროში ხარვეზებთან დაკავშირებით და იმასთან, რომ რაღაც სხვაგვარად გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ისევ თქვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი იმიტომ, რომ უკეთესად წარმოჩინდებოდით… სხვა საქართველოა რასაც თქვენ ხატავთ და სხვა საქართველოა რეალურად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button