ახალი ამბები

ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21 ივნისს ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო’ფარელს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობები განიხილა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და საპარლამენტო ურთიერთობებს. მხარეებმა აღიარეს, რომ ქვეყნებს შორის დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და გამოითქვა იმედი, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ დაფასდება. პრემიერმინისტრის თქმით, „ირლანდიის აქტიური პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია“.

ღარიბაშვილმა ირლანდიას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს.

ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, შონ ო’ფარელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ირლანდიას შორის 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მტკიცე მეგობრობას. მისი თქმით, გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, საქართველოსა და ირლანდიას ბევრი რამ აქვთ საერთო.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ირლანდიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, შონ ო’ფარელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს. მან ასევე მიმოიხილა ევროკავშირში ირლანდიის წევრობის 50-წლიანი გამოცდილება აღნიშნა, რომ „ირლანდიას სურს საქართველოც იხილოს ევროკავშირში“.

 შალვა პაპუაშვილმა ირლანდიელ კოლეგას ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების მიმართულებით საქართველოს პროგრესი გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო საქართველოს პრეზიდენტმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა

შონ ო’ფარელი დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ საქართველოს და ირლანდიას შორის ურთიერთობებში მზარდ დინამიკას და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზე და ხაზი გაესვა ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს როლს საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით. დარჩიაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა ირლანდიის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების პრაქტიკა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.  

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან პოლიტიკური და სექტორული დაახლოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის მოლოდინებზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ირლანდია შემდგომშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება. შონ ო’ფარელმა დაარწმუნა ქართული მხარე, რომ ირლანდია კვლავ გააგრძელებს პატარა ქვეყნების ინტერესების დაცვას ევროკავშირის მასშტაბით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც „მკვეთრად დამძიმდა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე“. დარჩიაშვილმა ირლანდიის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button