ახალი ამბები

ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი საქართველოს სტუმრობს

საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ  13 ივნისს აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი (რესპუბლიკელი) ბრაიან პ. კემპი და მისი მეუღლე მარტი კემპი უხელმძღვანელებენ ოფიციალურ დელეგაციას  საერთაშორისო მისიით, რომელიც დაიწყება თბილისში და დასრულდება პარიზში. ვიზიტი აღსანიშნავია იმით, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, რათა „ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე“.

გუბერნატორი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და აშშ-ის ელჩის მოადგილეს, რაიან ჰარისს. იგი ჯვრის მონასტერსაც ესტუმრა და სოფელ წილკანში აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მოხუცთა თავშესაფარიც გახსნა.

ვიზიტის ფარგლებში გუბერნატორი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა მარიეტას სახანძრო დეპარტამენტის წევრებთან, რომლებიც ამჟამად სწრაფ წყლებში  სამაშველო ოპერაციების წვრთნებს საქართველოში ატარებენ.  

შეხვედრა პრემიერმინისტრთან

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის დელეგაციას შეხვდა ჯორჯიის შტატის გუბერნატორის ბრაიან კემპის ხელმძღვანელობით, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზადყოფნა. საუბარი ასევე შეეხო არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა.

„პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს აშშ-სა და საქართველოს სამაგალითო თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მზადყოფნის, თავდაცვის შესაძლებლობების, მდგრადობისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

იმავდროულად, 17 ივნისს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, მის მეუღლესა და აშშ-ის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.

შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ გუბერნატორს 16 ივნისს უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ქვეყნებს შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. „ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის 29-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა“.

შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი სამაგალითო პარტნიორობისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. სანაცვლოდ, ბრაინ კემპმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის სახელით თავდაცვის მინისტრს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და გამორჩეული სამსახურისთვის ოგლტორპის მედალი გადასცა.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button