ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი, დომინიკ ჰასლერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება, სადაც იგი უკვე შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
დომინიკ ჰასლერმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში, იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება. ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.
შეხვედრა პრემიერმინისტრთან
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ დომინიკ ჰასლერის ვიზიტი მნიშვნელოვანი ეტაპია ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ახალ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობას.
ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობებზე. “აღინიშნა, რომ საქართველო არის საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, რომელიც მზად არის განავითაროს ძირითადი რეგიონული სატრანზიტო მარშრუტები, რომლებიც აუცილებელია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ურთიერთკავშირების გასაძლიერებლად”.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა დომინიკ ჰასლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიხტენშტაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა პირისპირ შეხვედრის გარდა, გაფართოებულ ფორმატშიც გამართეს შეხვედრა.
It was a pleasure to host FM of Liechtenstein @DominiqueHasler on her 1st official visit to ??. ??&?? have high potential for developing coop in various fields. We agreed to continue working together to enhance ties for the benefit of our nations. Grateful for ??'s support for??. pic.twitter.com/1ndYo1In5w
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) June 12, 2023
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა და წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირებას ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. მისი თქმით, ვიზიტი იმპულსს შესძლეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს და შექმნის საფუძველს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასადებად ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც ლიხტენშტაინია.
დარჩიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობას უცხოელი პარტნიორებისთვის და საქართველოს როგორც სატრანსპორტო ჰაბის და საიმედო სატრანზიტო პარტნიორის როლს რეგიონში. მან ასევე აღნიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსა და ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობენ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარებას.
შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დომინიკ ჰესლერისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეხვედრის დროს, საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე, ასევე თანამშრომლობის შესაძლებლობებზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ლიხტენშტაინის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.
პარლამენტის ინფორმაციით, დომინიკ ჰასლერმა გამოხატა ლიხტენშტაინის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ქვეყნის მზადყოფნა, გაუზიაროს საქართველოს ლიხტენშტაინის, როგორც ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრი ქვეყნის გამოცდილება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)