ახალი ამბები

საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ენმ-დან გასული დეპუტატების საპარლამენტო ჯგუფის შექმნას

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 8 ივნისს მხარი დაუჭირა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატების – რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის პოლიტიკური ჯგუფის – „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციას. ახლა კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობად ბიურომ უნდა მიიღოს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ ენმ-ის ყოფილ დეპუტატებს პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების შესაძლებლობა პარლამენტის რეგლამენტში ცოტა ხნის წინ შეტანილმა ცვლილებამ მისცათ, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება დეპუტატების ფართო წრისთვის გახდა შესაძლებელი.

რეგლამენტში რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის მიერ ინიცირებული ცვლილება პარლამენტმა 30 მაისს 91 ხმით, დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილების მიხედვით, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია დატოვეს.

მანამდე, მაისის დასაწყისში, პარლამენტის ბიურომ ენმ-დან გასულ დეპუტატებს უარი უთხრა ახალი პოლიტიკურ ჯგუფის რეგისტრაციაზე. მაშინ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ რეგლამენტით ერთი პოლიტიკური პარტიიდან გამოყოფილი დეპუტატების მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ბლოკის სახით არჩეულ ჯგუფებზე არ ვრცელდება. დეკანოიძე და გოცირიძე მე-10 მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ სიით მოხვდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button