skip to content
ახალი ამბები

IDFI: ენმ-დან გასული დეპუტატებისთვის პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე უარი პარლამენტის რეგლამენტს არღვევს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიმა“ (IDFI) 12 მაისს განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციიდან გასული დეპუტატებისთვის – ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძისთვის პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციაზე უარი არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს და აფერხებს საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებასა და გაძლიერებას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორ ყოფილ დეპუტატს ახალი პოლიტიკური ჯგუფის – „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციაზე პარლამენტის ბიურომ უარი 8 მაისს უთხრა. მაშინ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ რეგლამენტით ერთი პოლიტიკური პარტიიდან გამოყოფილი დეპუტატების მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ბლოკის სახით არჩეულ ჯგუფებზე არ ვრცელდება. დეკანოიძე და გოცირიძე მე-10 მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ სიით მოხვდნენ.

ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281 მუხლის I პუნქტის თანახმად, რომელიც საპარლამენტო ჯგუფის ინსტიტუტს ადგენს, განსაზღვრავს, რომ ამ უფლებით სარგებლობა პარლამენტის ნებისმიერ ორ წევრს შეუძლია. „აღნიშნული მუხლის დარჩენილი ნორმები აწესრიგებს ამ უფლებით სარგებლობის წესს, მათ შორის, ადგენს გარკვეულ შეზღუდვებსა და პირობებს. სხვაგვარად, ნებისმიერი ორი დეპუტატის უფლება შექმნას პოლიტიკური ჯგუფი შესაძლოა შეიზღუდოს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას“.

IDFI აღნიშნავს, რომ 228-ე მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე, ამ მუხლის, ან ზოგადად რეგლამენტის არცერთი დებულება „არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიუთითებს საარჩევნო ბლოკით არჩეული პარლამენტის წევრთა მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შეზღუდვაზე“. ამდენად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ ჯგუფის რეგისტრაციაზე უარი რეგლამენტის „მცდარ ანალიზს ეფუძნება“.

„კერძოდ, რეგისტრაციაზე უარის თქმის მხარდამჭერებმა ვერ/არ გაიზიარეს, რომ რეგლამენტის „2281 მუხლის მე-5 პუნქტი არის უფლების შემზღუდავი ნორმა და ის ფაქტი, რომ მასში არ არის მოხსენიებული საარჩევნო ბლოკი, გამორიცხავს ამ შეზღუდვის საარჩევნო ბლოკით არჩეულ დეპუტატებზე გავრცელებას“.

„[ამდენად] მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ორ დეპუტატისთვის, პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” დაფუძნებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისად, არღვევს ორი დეპუტატის უფლებას შექმნან პოლიტიკური ჯგუფი და ამ ფორმით მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში“, – აცხადებენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button