„ქართული ოცნება“: პრეზიდენტი ეროვნული ბანკის „გამართულ ფუნქციონირებას“ აბრკოლებს
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ეროვნული ბანკის „გამართული ფუნქციონირებისთვის“ პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს ბანკის საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები პარლამენტისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.
მმართველი პარტია ხაზს უსვამს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურია წევრის 2 ადგილი, 2 მარტიდან კი – ბანკს პრეზიდენტიც არ ჰყავს. „ქართული ოცნების“ განმარტებით, საკითხზე პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის გამართული კონსულტაციებისას სალომე ზურაბიშვილმა „დაადასტურა მზაობა“, რომ საბჭოს ერთ-ერთ წევრად მოქმედ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს წარუდგენდა.
„საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“ და დასძენენ, რომ მიუხედავად ამისა, „პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.
მმართველი პარტიის განმარტებით, ერთ-ერთი შეთანხმებით, სალომე ზურაბიშვილი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას პარლამენტს იმ შემთხვევაში წარუდგენდა, თუკი ეს უკანასკნელი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე მის მიერ დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. თუმცა, მმართველ გუნდთან გამართული გუშინ გამართული კონსულტაციისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი პარლამენტს კანდიდატურებს წლის ბოლომდე არ წარუდგენს.
„იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში და დასძენენ: „ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა. „ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს“.
„მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი
მმართველი პარტიის ბრალდებებს დღესვე უპასუხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და განაცხადეს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას არ ზიანდება“. პრეზიდენტის საპარლამენტოს მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ხაზგასმით თქვა, რომ „ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი“ და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი ფერხდება.
„ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი. ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რაიმეს შემაფერხებელია“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ბანკის საბჭოს წევრობაზე მოქმედი ფინანსთა მინისტრის წარდგენას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, რომ „პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს“.
„თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი – კანდიდატის დამოუკიდებლობა, კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ის რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი ად უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც“.
„ის, რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას კი არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, – ხაზი გაუვსა მან.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)