Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო Freedom House-ის დეტალურ ანგარიშში

უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის მიერ 24 მაისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში – „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები – 2023“ – ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი 3.07-დან 3.04 ქულამდე დაეცა, თუმცა ქვეყანა „გარდამავალი ხელისუფლება ან ჰიბრიდული რეჟიმის“ კატეგორიაში დარჩა.

ყოველწლიური კვლევა წინა წელს ევროპისა და ევრაზიის 29 პოსტკომუნისტურ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის მდგომარეობას მიმოიხილავს. ქულები წარმოდგენილია 1-დან 7-მდე შკალაზე, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო 7 – ყველაზე მაღალი. დემოკრატიულობის საერთო ქულა გამოიანგარიშება ქულების საშუალო მაჩვენებლით ცალკეული კატეგორიების მიხედვით, რომლებიც მოიცავს: ეროვნულ დემოკრატიულ მმართველობას, საარჩევნო პროცესს, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას, ცენტრალურ და ადგილობრივ მმართველობას, სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას და კორუფციას.

საგულისხმოა, რომ წელს საქართველოს დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელი 3.50-დან 3.25 ქულამდე დაეცა, რაც „განაპირობა ჟურნალისტების შევიწროებისა და მათ წინააღმდეგ ძალადობის მრავალწლიანმა ტენდენციამ“, მათ შორის, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის დირექტორის დაკავებამ და გასამართლებამ, ასევე „უკიდურესად პოლარიზებულმა და პოლიტიზირებულმა მედიაგარემომ, რაც ძირს უთხრის სარედაქციო დამოუკიდებლობას“.

აქედან გამომდინარეობს დემოკრატიულობის ქულის კლებაც, ნათქვამია ანგარიშში.

დამოუკიდებელი მედია

Freedom House-ის თქმით, დამოუკიდებელი მედიის ქულა 3.50-დან 3.25-მდე დაეცა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2022 წელს „საქართველოს მედია გარემო აქტიური და მრავალფეროვანი, თუმცა პოლიტიკურად პოლარიზებული იყო“. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რამაც საქართველოში მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე გავლენა მოახდინა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხმების გაჩუმების კიდევ ერთ მცდელობად იქნა აღქმული.

გარდა ამისა, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იუნესკოს მიერ „ტელეკომპანია პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შეყვანაზე მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანაზე. დოკუმენტში სხვა წუხილებიცაა ასახული, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის შესახებ ბრალდებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში პოლიტიკური მიკერძოების გამოვლენა, ასევე 2022 წლის განმავლობაში საქართველოში მედიის თვალთვალთან დაკავშირებული წუხილები.

ეროვნული დემოკრატიული მმართველობა

ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ქულა 2022 წელს 2.50-დან 2.25-მდე დაეცა პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის გამო, რაც ხელს უშლის დასავლელ პარტნიორებთან პოლიტიკის რეკომენდაციებზე თანამშრომლობას. გამოითქვა შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო პარტნიორებმა შეშფოთება გამოთქვეს საკანონმდებლო ცვლილებების ნაჩქარევად მიღების პრაქტიკის გამო. საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის დაცვის მიზნით შეეცადა, რომ კრიტიკა წარმოეჩინა როგორც არასწორი და „არასამართლიანი“.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია პოლარიზაციის მაღალი დონე საქართველოში. დოკუმენტის თანახმად, მართალია, ოპოზიციის გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ცალკე პლატფორმის ამუშავებაზე პოზიტიურ ნაბიჯად განიხილება, ის ასევე ნათელს ჰფენს სეგმენტირებულ ხელისუფლებას და მმართველ პარტიაში არსებულ ანტაგონიზმს, რაც კიდევ უფრო ართულებს საერთო მიზნებისკენ სვლის პროცესის კოორდინაციას.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად არ ითვალისწინებენ დასავლელი პარტნიორების შენიშვნებს, შეფასებებს ან რეკომენდაციებს, ნათქვამია ანგარიშში. „ქართულ ოცნებას“ იმის მტკიცების გამოც აკრიტიკებდნენ, რომ „დასავლეთი გადაჭარბებულ ზეწოლას ახორციელებს საქართველოზე, რომ ომში ჩაერთოს, ან ხელს უწყობს ქვეყანაში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პოლარიზაციას“. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნება“ მედიას, არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ პარტიებს „ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ“ ქმედებებში ადანაშაულებს, რითაც „გადაბრალების პრაქტიკას“ მიმართავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ხალხის ძალამ“, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასულ დეპუტატებს აერთიანებს, „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტები წარადგინა. ანგარიშის თანახმად, ეს კანონპროექტები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვის, ასევე „საქართველოში ავტორიტარული ტენდენციების დამკვიდრებისა და რუსული გავლენის ზრდის“ მცდელობად აღიქმებოდა.

მმართველი პარტიის მიმართ დამატებითი კრიტიკა უკრაინის ომის მიმართ მის პოზიციას უკავშირდება. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ოფიციალური პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტორების მიერ მიჩნეულია როგორც „საეჭვო, პრობლემური ან არათანმიმდევრული“. გარდა ამისა, გაჩნდა შეშფოთება ხელისუფლების მიერ ომის თემის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე.

საარჩევნო პროცესი

ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო პროცესის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და კვლავ 3.00 ქულაზე დარჩა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად წარმოშობილი საარჩევნო კრიზისი 2022 წელს ნაწილობრივ მოგვარდა. თუმცა, გადაუჭრელი რჩება ისეთი მნიშვნელოვანი წუხილები, როგორიცაა ადმინისტრაციული და საბიუჯეტო რესურსების ბოროტად გამოყენება საარჩევნო პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით აკვირდებოდნენ საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო სისტემაში ცვლილებების მიღებას და განხორციელებას, მაგრამ, ამის მიუხედავად, საარჩევნო საკითხებში ჩართული ზოგიერთი ძირითადი ჯგუფი არ მიიწვიეს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა.

ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიერ გაჟონილ დოკუმენტებზე, სადაც საარჩევნო სისტემაში უკიდურესად პრობლემური სტრუქტურული საკითხები გამოვლინდა.

სამოქალაქო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოების ქულა 4.00-ზე დარჩა. ეს სტაბილურობა ქვეყანაში აქტიური და მოტივირებული არსამთავრობო ორგანიზაციების არსებობითაა განპირობებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „წლის განმავლობაში მმართველი პარტიის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმა ცილისწამების კამპანიები წამოიწყეს არასამთავრობოების წინააღმდეგ მათ ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რითაც მოამზადეს საფუძველი „უცხოეთის აგენტებზე“ შემოთავაზებული კანონპროექტისთვის. მიუხედავად მმართველი ელიტის ძალისხმევისა, რომ ძირი გამოეთხარათ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მათი მარგინალიზაციაა მოეხდინათ, არასამთავრობოები განაგრძობდნენ აქტიურ მონაწილეობას რეფორმებსა და ხელისუფლების ზედამხედველობის პროცესებში, ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ქართული ოცნების მხრიდან უკრაინის აქტიური მხარდაჭერის არარსებობის საპასუხოდ, 60 ქართულმა და უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის აგრესიაზე „მკაცრი, ერთიანი და ძალისმიერი“ რეაგირებისკენ მოუწოდეს. თუმცა, 2022 წლის პოლიტიკურ ლანდშაფტში შესამჩნევი იყო არალიბერალური და ულტრამემარჯვენე ჯგუფების არსებობა, რომლებიც ღიად ემხრობოდნენ „ძალადობრივ, ნატივისტურ და ჰომოფობიურ რიტორიკას“.

სასამართლო სისტემა და მისი დამოუკიდებლობა

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის ქულამ 2.50 შეადგინა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს საქართველოს სასამართლო სისტემა კანონის წინაშე თანასწორობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის პრობლემების გამო გააკრიტიკეს. ამ კონტექსტში დოკუმენტში ნიკა გვარამიასა და პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეებია ნახსენები. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო კრიტიკისა და სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ შეთავაზების მიმართ მიმღებლობა განსაკუთრებით დაბალი იყო მმართველი პარტისა და სასამართლო სისტემის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სასამართლოს მიუკერძოებლობის, პოლიტიკურად მოტივირებული გახმაურებული საქმეებისა და სათანადო შიდა თუ გარე კონსულტაციების გარეშე სამართლებრივი ცვლილებების ნაჩქარევი მიღების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა. გრძელდებოდა სადავო მოსამართლეების დანიშვნა მნიშვნელოვან პოზიციებზე. სასამართლო რეფორმების განხორციელების ნელი პროგრესი საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ზრდის მიმართ პოლიტიკური ნების არარსებობის შედეგია. დაგვიანებული რეფორმები, საერთაშორისო და ადგილობრივი სუბიექტების რეკომენდაციების უგულებელყოფა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სადავო მოსამართლეთა დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კლანური გავლენა სასამართლოებში და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა აფერხებს საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.

ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა და კორუფცია

ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის ქულა 2022 წელს კვლავ 2.75-ზე დარჩა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში საშუალო და მსხვილი კორუფცია შესამჩნევია, ხოლო მექრთამეობისა და მცირე კორუფციის ტენდენცია უფრო დაბალია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ადგილობრივ თვითმმართველობაში რჩება კრიტიკული საკითხები, მათ შორის კორუფცია, ძალაუფლების გადანაწილების არარსებობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. საკრებულოებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ არსებული დისბალანსი ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ჩნდება წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია საკანონმდებლო და პროცედურულ რეფორმებს საკუთარ ინტერესებს არგებს, რაც აშკარაა საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში მიღებული ცვლილებების პროექტში.

რაც შეეხება კორუფციას, მისი ქულა 3.50-ზე რჩება. საქართველოში საშუალო და მსხვილი კორუფცია აშკარაა, თუმცა მექრთამეობისა და მცირე კორუფციის გავრცელება უფრო დაბალია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button