ახალი ამბები

„TI საქართველო“ იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების სასამართლო „კლანთან“ სავარაუდო კავშირებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 24 მაისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცოტა ხნის წინ არჩეული სამი არამოსამართლე წევრის – ზურაბ გურასპაშვილის, გიორგი გზობავასა და ტრისტან ბენაშვილის სასამართლო „კლანთან“ სავარაუდო კავშირების შესახებ ანალიზი გამოაქვეყნა. კერძოდ, გარდა იმისა, რომ საბჭოს ახლადარჩეული წევრები „ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს“, ორგანიზაციამ მათი ბიოგრაფიების შესწავლისას აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან – მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელაიასთან მათი კავშირებიც გამოავლინა.

„შესაბამისად, მათი საბჭოში არჩევა კიდევ უფრო მეტად გაამყარებს კლანის პოზიციებს და ხელს არ შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, რაც აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მმართველი პარტია განაგრძობს სასამართლო კლანის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათი ძალაუფლების შენარჩუნებას“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და წუხილს გამოთქვამს, რომ „რომ საბჭოს ახალ წევრებს ოპოზიციის ზოგიერთი დეპუტატის მხარდაჭერაც ჰქონდათ“.

ზურაბ გურასპაშვილი

გურასპაშვილი, რომელიც საბჭოს წევრობამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსად მსახურობდა, 2006-2010 წლებში თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურის პროკურორი იყო. ამავე პერიოდში აქვე მუშაობდა სასამართლო „კლანის“ ერთ-ერთი წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძეც.

ზურაბ გურასპაშვილისა ად მისი მეუღლის, თამარ ბლიაძის Facebook-ის მონიტორინგის საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სანქცირებულ მოსამართლე ირაკლი შენგელიასთან და მის მეუღლესთან ლანა თევზაძესთან მათ კავშირებზეც საუბრობს. თავის მხრივ, ლანა თევზაძე გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ლევან თევზაძის დაა.

„ზურაბ გურასპაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე 2022 წლის მაისამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის – სხდომის მდივანი იყო, 2022 წლის მაისიდან კი იგი მოსამართლის თანაშემწედ დაწინაურდა“, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ თამარ ბლიაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობა 2017 წელს, კურიერის პოზიციიდან დაიწყო, სხდომის მდივანი კი – 2019 წელს გახდა.

ამასთან, ორგანიზაციის თქმით, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არც იმ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ იძებნება ინფორმაცია, რომელთაც გურასპაშვილი საბჭოს არამოსამართლე წევრად წარადგინეს.

გიორგი გზობავა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“, რომელმაც საბჭოს წევრობაზე გზობავას კანდიდატურა წარადგინა „ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ქართული ოცნების ე.წ. აქტივისტებს“. ამასთან, ორგანიზაციის დამფუძნებელი, თინათინ ნიბლოშვილი 2017 წლიდან „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს წევრია და 2021 წლიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს. ამასთან, 2017 წელს ამავე ორგანიზაციამ წარადგინა „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და სასამართლოში კლანის მხარდამჭერი, შოთა ქადაგიძე“.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იმასაც აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა, რადგანაც გზობავას წარდგინების დოკუმენტაციაში, მათ მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დასადასტურებლად წარმოდგენილია გადაწყვეტილებები, სადაც ორგანიზაცია ახორციელებს არა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არამედ თავად წარმოადგენს მხარეს სასამართლოში, რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ტრისტან ბენაშვილი

„TI საქართველოს“ თქმით, ბენაშვილი, რომელიც საბჭოს წევრობამდე მუშაობდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში საქმიანობდა, 1999-2004 წლებში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან – მიხეილ ჩინჩალაძესთან და ლევან მურუსიძესთან ერთად მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში. წინა ორი კანდიდატის მსგავსად, „გასაუბრებისას ბენაშვილი კრიტიკული არ ყოფილა სასამართლო სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობის მიმართ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button