არასამთავრობოები უარყოფითად აფასებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრის არჩევას
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც სასამართლო თემატიკაზე მომუშავე 40-ზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ 17 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას.
აღნიშნავენ რა, რომ „არამოსამართლე წევრები საბჭოში უნდა უზრუნველყოფდნენ სასამართლოს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების მიმართ“, არასამთავრობოები ხაზს უსვამენ, რომ არჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებებმა აჩვენა, „ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს. შესაბამისად, მათი არჩევა საბჭოში მოცემულობას ვერ შეცვლის და „კლანის“ პოზიციებს გაამყარებს“.
„იმ პირობებში, როცა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა კრიტიკულად დაბალია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თანამდებობაზე არჩეულიყვნენ პირები, რომლებიც სწორად აიდენტიფიცირებდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას – კლანურ მმართველობას“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ საბჭოს წევრებად მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირების ფართო პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე დანიშვნა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის ნაწილიცაა.
ამდენად, არასამთავრობოების შეფასებით, 17 მაისს პარლამენტის მიერ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევამ „კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს „კლანის“ მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში“. „სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდათ“.
ამასთან, „ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმდენად, რამდენადაც, იგი დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს არჩეულ კანდიდატებს, არ აქვთ სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების რეალური პოლიტიკური ნება და ფუნდამენტური რეფორმების ხედვა“, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/01/2023 – არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესს აფასებენ
- 10/11/2022 – არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობის 5 კანდიდატს უცხადებენ მხარდაჭერას
- 21/10/2022 – პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთა სია გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)