ახალი ამბები

პრემიერი რუსეთთან ფრენებზე, საქართველოს პრეზიდენტსა და მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 19 მაისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის ადგილზე კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, საქართველოს პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობასა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე ოპოზიციის კრიტიკაზე დასმული კითხვის პასუხად, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული“ ოპოზიცია „ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და მოქმედებს“. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები წარსულში „ღიად ლობირებდნენ“ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და ამბობდნენ, რომ „აუცილებელი იყო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება რუსეთთან“. „ეს ადამიანები დღეს ასე ურცხვად ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას… რაც იყო მათთვის დასაშვები თურმე დღეს არის დაუშვებელი, სად არის ლოგიკა?“, – იკითხა მან.

პრემიერის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ „აბსოლუტურად, არავითარი კამპანია არ უწარმოებიათ არც სანქციების დაწესების თაობაზე, არც რაიმე შეზღუდვაზე“ და „დღეს გვეუბნებიან, რომ იმის გამო რომ უკრაინაში არის ომი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ“.

მანვე ამ კონტექსტში დასავლეთის უმოქმედობაც აღნიშნა და თქვა, რომ „დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ომის შემდეგ, როცა ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ და არამარტო საქართველოში, არამედ ნატოს მისიებში, ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი… არავის არ გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკაში, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში“. „ჩვენი ქვეყანა, მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომი არის?“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იქონიებს უარყოფით გავლენას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ „ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია და არასწორი დაკავშირება“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს სწორად აკეთებს და სწორ ნაბიჯებს დგამს. „ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათ პოლიტიკას ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერჯერობით. ამას დასჭირდება წლები“.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის მიმართულებით ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამ მიმართულებით, „თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო 10 წელიწადში და ბოლო 30 წელიწადში“, გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“.

„ჩემი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩვენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, მათ შორის თქვენი ინტერესების დაცვა“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა: „ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. როგორ მოვახერხეთ, ისწავლეთ გაკვეთილები“.

პრემიერმა ასევე გაიმეორა, რომ „არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, არცერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში“.

მთავრობა პრეზიდენტს ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობას მისცემს

პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკასაც უპასუხა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საქართველოს მთავრობის მყისიერი თანხმობის ფონზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში 31 მაისს ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის თანხმობა ამ დრომდე არ მიუღია. „ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელსაც ადმინისტრაციები ერთმანეთთან წყვეტენ. ამის საჯაროდ გამოტანა მე ვფიქრობ, არასერიოზულია, უადგილოა, და საერთოდაც, მე ვფიქრობ, არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას“.

ეჭვები, რომ, შესაძლოა, მთავრობას პრეზიდენტისთვის ბრიუსელში ვიზიტზე უარი ეთქვა, მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 18 მაისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მმართველი გუნდი შიშობს, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი და ევროპარლამენტში მისი განცხადებები „დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ“.

მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

პრემიერი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომელმაც არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ დროებით ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის მხრიდან წარმოებული „ანტისახელმწიფოებრივი“ კამპანიის „კლასიკური მაგალითი“.

„სააკაშვილის შემოპარვის დღიდან, მას შემდეგ, რა იგი მოვათავსეთ ციხეში დაიწყო აღვირახსნილი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომ იგი კვდება, მოვწამლეთ, ათასი უბედურება დავმართეთ, მაგრამ ეს მაინც ფეხზე დგას“, – განაცხადა მან და დასძინა – „სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური და ის კლინიკა, სადაც მკურნალობს სააკაშვილი, ყველაფერი რაც გაკეთდა, არის სწორი და შესაბამისობაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button