იუსტიციის მინისტრმა დიპლომატებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 18 მაისს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რატი ბრეგაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 12 მაისის გადაწყვეტილება გააცნო და მათთან თემასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხებივ განიხილა.
თავად იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და მასზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად, სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, რაზეც საჯაროდ საუბარს მოერიდება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების „უმაღლესი სტანდარტით“ ხელმძღვანელობს და მიხეილ სააკაშვილი შესაბამის სამედიცინო დახმარებას კერძო კლინიკაში იღებს.
„როდესაც იქნება ექიმების დასკვნა, რომ შესაძლებელია ამ ადამიანის გადაყვანა [პენიტენციურ დაწესებულებაში] და ის არის სრულიად განკურნებული, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – დასძინა მან.
„საუბარი ძალიან პროდუქტიული და მეგობრული იყო და ვფიქრობ, ბევრი განმარტება მოვისმინეთ ამ [მიხეილ სააკაშვილის] სიტუაციასთან დაკავშირებით“, – წერს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საბერძნეთის ელჩის, მარია თეოდორუს სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა. „ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ საქართველომ წესები უნდა დაიცვას, როგორც ყველა დანარჩენმა ევროპულმა ქვეყანამ, პატივი სცეს ყველა მოქალაქის უფლებებს“, – ციტირებს „ინტერპრესნიუსი“ საბერძნეთის ელჩს.
იუსტიციის მინისტრის დიპლომატებთან შეხვედრა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ დროებით ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა. დიპლომატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე იუსტიციის მინისტრს, გასული წლის დეკემბერშიც შეხვდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)