skip to content
ახალი ამბები

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს ყიდის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი, წილების დაბრუნებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, „გამჭვირვალე კონკურსის წესით“ ტელევიზიის გაყიდვას გეგმავს. მის განცხადებას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ხალვაშის განმარტებით, „ნაწილობრივ გაირკვა“, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც „რუსთავი 2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, პრაქტიკულად ძარცვავდა მას“. მისივე თქმით, გვარამიამ ყველა ხერხი გამოიყენა, რომ კომპანია დაეზარალებინა და დღეს უკვე „სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას“, რომ „რუსთავი 2“ „კატასტროფისწინა მდგომარეობაში“ აღმოჩნდა.

„რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი კრედიტორების წინაშე ტელეკომპანიის დავალიანებაზეც (70 მლნ ლარი) საუბრობს და აცხადებს, რომ ვალის დიდი ნაწილი სწორედ იმ პერიოდშია დაგროვილი, როდესაც მან კომპანიის წილებისთვის დავა დაიწყო, რაც მისივე შეფასებით, „მიზანმიმართულად ხდებოდა“. ხალვაში აბსურდულად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ სასამართლო დავის დასაწყისში მის მიერ მოთხოვნილ ყადაღას ტელევიზიის დაზარალება შეეძლო და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი „ექსპერტული დასაბუთება ან დასკვნა“ მან დღემდე ვერ ნახა.

„კომპანიაა გადასარჩენი, რომელიც გაკოტრების პირას არის მიყვანილი. დღეს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. „რუსთავი 2“ – ის აქტივები, რომლითაც თურმე ‘უსაფუძვლოდ გავმდიდრდი’, იმ დავალიანების მესამედსაც კი არ შეადგენს, რაც გვარამიამ დაუტოვა კომპანიას“, – აცხადებს იგი.

ხალვაშის განმარტებით, მისი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად საკმარისი არ არის, რის გამოც ის ყველა იმ პირთან სასაუბროდ მზად არის, ვინც „რუსთავი 2“- კრიზისიდან გამოყვანასა და წარმატებულ კომპანიად ქცევაში დაეხმარება. იგი ხაზგასმით აცხადებს, რომ ერთადერთი, ვისთანაც საუბარს არ გეგმავს, „რუსთავი 2“-ის ყოფილი „არაფორმალური მფლობელი და მმართველი“ მიხეილ სააკაშვილია.

მისივე თქმით, ის ტელეკომპანიას იმ პირზე გაყიდის, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის და, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი ერთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.

„პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1.000.000 აშშ დოლარის თანხის განთავსება“, – განმარტავს ხალვაში და იქვე იმედს გამოთქვამს, რომ „რუსთავი 2“ კვლავ წარმატებული კომპანია გახდება.

პარალელურად, „რუსთავი 2“- ზე პრეტენზიას კიდევ რამდენიმე სუბიექტი აცხადებს. ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილი ტელეკომპანიის 30%-იანი წილის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ამასთან, იგი ხალვაშს და „რუსთავი 2“-ის პოტენციურ პოტენციურ შემსყიდველებს მოუწოდებს, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღონ. 

ტელევიზიისთვის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს „რუსთავი 2“-ის კიდევ ორი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი. მათ ქიბარ ხალვაშისგან ტელეკომპანიის 40%-იანი წილის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და განმარტეს, რომ ისინი ტელევიზიის სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. 

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის სამართლებრივი დავა 2015 წელს დაიწყო, ტელევიზიის წილები მიმდინარე წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გადაიფორმა. მანვე იმავე დღეს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამიას ნაცვლად, მისივე ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა, რაც სამეწარმეო ან სხვა ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გამოძიება მას „რუსთავი 2“-ისთვის 7.4 მლნ ლარის ზიანის მიყენებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს ნიკა გვარამიას 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე, ქვეყნის დატოვება შეუზღუდა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button