ახალი ამბები

რობინ ვაგენერი: ამ რეგიონის ევროპული მომავალი ჩვენთვის მნიშვნელოვანია

გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა და აწ უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან სონია შიფერსთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო იმის დანახვა, რომ მარტის დასაწყისში საქართველოში ქუჩაში ამდენი ხალხი გამოვიდა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რათა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოეხატათ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის თაობაზე დასმულ კითხვაზე, მან განაცხადა, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან და მისი მიღება „გადაუკეტავდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“.

ვაგენერმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის განგაშის სიგნალი იყო და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ამას გააცნობიერებენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული გზის თვალსაზრისით, ძლიერი, კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მთავარი მოთხოვნაა თავისუფალი და სტაბილური სახელმწიფოს არსებობისთვის. ვაგენერმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ეს იყო საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის გზავნილი. მისი თქმით, ვიზიტის გზავნილი იყო, რომ „გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“. ვაგენერმა ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებელი მუშაობა „დემოკრატიული ქვეყნის მთავარი შემადგენელი ნაწილია“, რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს სოციალურ საკითხებზე ისაუბრონ, განსაკუთრებით როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება და რომ „ამის სტიგმატიზაცია შეუთავსებელია ევროპულ იდეალებთან“.

ხაზი გაუსვა რა ვიზიტების მნიშვნელობას, რადგანაც „ისინი გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ რეგიონის ევროპული მომავალი“, ვაგენერმა განაცხადა, რომ საქართველოს ზაფხულის დასაწყისსა და შემოდგომაზე ეწვევა, რათა პოლიტიკური პარტნიორები და სამოქალაქო საზოგადოება ადგილზე გაიცნოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button