გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარემ ნორბერტ ლამერტმა თავისი ოთხდღიანი ვიზიტი საქართველოში 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრებით დაიწყო.
ლამერტმა ორ ქვეყანას შორის „მეგობრულ“ ორმხრივ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და განაცხადა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, რომ ბუნდესტაგმა ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცედურები დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი მაისის ბოლოს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის დასრულდება.
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის 13 წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის რუმინეთმა, ბულგარეთმა, ლიტვამ, ლატვიამ, მალტამ, სლოვაკეთმა, ესტონეთმა, უნგრეთმა, შვედეთმა, ხორვატიამ, დანიამ, ირლანდიამ და პოლონეთმა უკვე მოახდინეს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის დიდი ნაწილიც დროებითი გამოყენების რეჟიმში უკვე მოქმედებს სექტემბრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველოს და გერმანიას შორის „მეგობრული ურთიერთობა დიდი ხნის დაწყებულია, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ბოლო წლებში ამ თანამშრომლობამ ახალი ელფერი შეიძინა, ახალი ენერგია შეიძინა, როგორც მთავრობის მეთაურების დონეზე, ისე პარლამენტის ხელმძღვანელების და პარლამენტის წარმომადგენლების დონეზე“.
„ბუნდესტაგის თავმჯდომარის დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთი გამოხატულებაა იმ ყურადღების, იმ ინტერესის, რაც არსებობს გერმანიაში, გერმანელ ხალხში, გერმანულ პოლიტიკურ წრეებში ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ხალხისადმი და ჩვენი რეგიონისადმი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხი.
„გერმანია ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ამ პრობლემების მოგვარებაში და გერმანიის მთავრობისთვის საქართველოს პრობლემები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, ჩვენი საფრთხეები ამ პროცესში არის კარგად ნაცნობი და გათვალისწინებული ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებებში, რომელშიც გერმანია მონაწილეობს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილსა და ბუნდესტაგის თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოება და უკრაინაში არსებული ვითარება იქნა განხილული.
ვიზიტის ფარგლებში ბუნდესტაგის თავმჯდომარე ასევე შეხვდება პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, იტყობინება გერმანიის საელჩო საქართველოში.
ბუნდესტაგის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს 2006 წელსაც სტუმრობდა, 13 თებერვალს კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოხსენებას წაიკითხავს თემაზე: ”European Peace Order: between Treaties and Conflicts” (ევროპული მშვიდობის წესრიგი: ხელშეკრულებებსა და კონფლიქტებს შორის).
This post is also available in: Русский (რუსული)