როგორ იმარჯვებს ვიქტორ ორბანი
2022 წლის 3 აპრილს ვიქტორ ორბანმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო არჩევნები და მეოთხედვე გაინაღდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ავტორის აზრით, გამარჯვებისთვის ორბანმა ჭკვიანურად გამოიყენა უკრაინაში დაწყებული ომი და არჩევნების წინ სოციალური დახმარებაც მნიშვნელოვნად გაზარდა. კიდევ უფრო გადამწყვეტი იყო 2010 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საარჩევნო წესების მუდმივი ცვლა ოპოზიციის შესაზღუდად. ყველა რეიტინგში უნგრეთი დემოკრატიული სისტემიდან ავტოკრატიამდე ჩამოქვეითდა. სტატიაში ახსნილია, თუ რატომაა ეს შეფასება სწორი. ავტორის დასკვნით, მანამ, სანამ ორბანი საარჩევნო წესებზე სრულ კონტროლს ინარჩუნებს, მას ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით შეუძლია დარჩენა.
ავტორი: კიმ ლეინ შეპელი ლორენს ს. როკფელერის სახელობის პროფესორია სოციოლოგიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, პრინსტონის უნივერსიტეტში. ის უნგრეთის საკონსტიტუციო კანონმდებლობაზე 1990-იანი წლებიდან მუშაობს და 2012 წელს თანაავტორებთან ერთად Journal of Democracy-ში გამოაქვეყნა სტატია “უნგრეთის არალიბერალური შემობრუნება: კონსტიტუციის გაუვნებელყოფა”.
შესავალი
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “ფიდესის” მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი გამოკითხვებიც კი წინასწარმეტყველებდნენ, რომ ორბანი, სავარაუდოდ, 199-წევრიან, ერთპალატიან პარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებდა, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავდა. კონსტიტუციის შეცვლა უნგრეთში პარლამენტის ორი მესამედის თანხმობით, ერთი კენჭისყრითაა შესაძლებელი. ამგვარი უმრავლესობა ორბანს 2010 წლიდან თითქმის სულ ჰქონდა, ერთი ხანმოკლე პერიოდის გამოკლებით. მისი წყალობით, “ფიდესმა” თავი კანონზე მაღლა დააყენა და კონსტიტუციის სურვილისამებრ ცვლას არ ერიდებოდა. ამდენად, ოპოზიციას რომც ვერ გაემარჯვა, ორბანისათვის აბსოლუტური უმრავლესობის წართმევით უკვე ხელშესახებ შედეგს მიაღწევდა.
თუმცა, ამ წარმატებების უმთავრესი მიზეზი მაინც საარჩევნო სისტემა იყო, რომელიც “ფიდესმა” იმგვარად მოირგო, რომ ოპოზიციაში ნებისმიერი უთანხმოება ავტომატურად აძლევს მმართველ პარტიას აბსოლუტურ უმრავლესობას. 2022 წელს, მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა და გამოკითხვებში “ფიდესთან” თანაბრად მიდიოდა. ისე ჩანდა, თითქოს ამჯერად “ფიდესს” შეიძლება მართლა წაეგო.
ოპტიმისტური მოლოდინები გაცუდდა — ორბანმა ჯერაც არნახული საარჩევნო ტრიუმფი იზეიმა. არჩევნების წინა ღამეს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, “ფიდესი” დაახლოებით ხუთი საპროცენტო ერთეულით უსწრებდა ოპოზიციას, რაც ცდომილების ზღვარში იყო. შედეგად კი ორბანმა 20 პროცენტული ერთეულით იმარჯვა და ერთმანდატიანი ოლქების 83% და პარტიული სიის 54% მოიპოვა. ამით, მან არა მხოლოდ ორი მესამედის უმრავლესობა შეინარჩუნა, არამედ ხმათა 68% გაინაღდა და მხარდამჭერი დეპუტატების ხმების გვარიანი ბუფერიც შეიქმნა. უნგრეთში ოპოზიციას ასეთი ცუდი შედეგი ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ არ უჩვენებია. “გავერთიანდეთ უნგრეთისათვის” წევრები ახლა ცდილობენ, შოკიდან გამოერკვნენ და გადაწყვიტონ, რა გზას ეწიონ იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთს წინ ავტოკრატიის კიდევ ოთხი წელი უძევს.
რამ გადააქცია თითქოსდა თანაბარი საარჩევნო შეჯიბრი მმართველი პარტიის ტრიუმფად? ნათლად გამოჩნდა, რომ არჩევნები შეიძლება ისე ააწყო, რომ ხმათა უბრალო უმრავლესობის მომგებ პარტიას მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა მიანიჭო. რაც უნგრეთში მოხდა, გამონაკლისი როდია – ავტოკრატები თითქმის ყველგან მსგავსი ხერხებით აყალბებენ არჩევნებს კანონის ძალით. არსებული საპარლამენტო უმრავლესობის გამოყენებით, ავტოკრატები კანონს თავის თავზე ირგებენ და ისე ცვლიან, რომ ოპოზიციის მიერ არჩეული ნებისმიერი საარჩევნო სტრატეგია გაანეიტრალონ. ორბანის ამ გამარჯვების ანალიზი დემოკრატიის დამცველებს გვასწავლის, თუ რა რთულია გამარჯვება, როცა ავტორიტარები ძალაუფლებას საკანონმდებლო ურდულს ადებენ.
2022 წლის საარჩევნო კამპანია
ამომრჩევლის მოსყიდვა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმოხილვისას, ყურადღებას კანდიდატებს, საარჩევნო კამპანიას და მთავარ განსახილველ თემებს ვუთმობთ. სტრუქტურულად გაყალბებულ არჩევნებში, რომელთა შედეგები წინასწარაა გადაწყვეტილი, ეს ყველაფერი გაცილებით ნაკლებმნიშვნელოვანია. ამისდა მიუხედავად, ავტოკრატებსაც კი არ შეუძლიათ არჩევნების მოგება ხმების გარეშე. უნგრეთის 2022 წლის არჩევნების შედეგის ასახსნელად ჯერ უნგრელი ამომრჩევლის ქცევის მიზეზები უნდა გავიგოთ.
თორმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში, ორბანის საარჩევნო ბაზა ამომრჩეველთა მესამედს თითქმის არასოდეს ასცილებია. ორბანს არასოდეს უჭერდა მხარს ამომრჩევლის უმრავლესობა, თუკი იმ რესპოდენტებსაც გავითვალისწინებთ, ვინც „არ ვიცი“-ს პასუხობდა გამოკითხვებში. ეს ჯგუფი ხანდახან გამოკითხულთა უმრავლესობასაც კი შეადგენდა.
არჩევნების წინ, ორბანის მთავრობა, როგორც წესი, უხვად გასცემდა სოციალური დახმარების მსუყე პაკეტებს პოტენციური მხარდამჭერებისათვის. ამ მხრივ, არც 2022 ყოფილა გამონაკლისი. ამ საარჩევნო წელს, მთავრობამ პენსიონრებს „მეცამეტე პენსია” დაუნიშნა, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლა და უნგრელებს ინფლაციის ტვირთი საწვავის და საკვების ფასების გაყინვით შეუმსუბუქა. წინა საარჩევნო წლებში ამგვარმა დახმარებებმა ბევრი ამომრჩეველი გადაიბირა.
ორბანი ასევე აქტიურად იყენებს სახელმწიფო დასაქმების პროგრამებს იმ ამომრჩევლების მოსაზიდად, ვისთვისაც ეს ერთადერთი შემოსავალია. სახელმწიფო დასაქმების ეროვნულმა პროგრამამ, რომელიც ორბანმა 2011 წელს შემოიღო, საჯარო სექტორში დასაქმებით ჩაანაცვლა სოციალური დახმარება და უმუშევრობის დახმარება. 2016 წლისათვის დასაქმების ამ სქემით მთელი სამუშაო ძალის 5 პროცენტი იყო დასაქმებული. დაახლოებით 223,000 ადამიანისათვის სამსახურის მიღება ადგილობრივ დონეზე, “ფიდესელი” მერების კეთილგანწყობაზეა დამოკირებული. იზაბელა მარესმა და ლორენ იანგმა დაადგინეს, რომ 2014 წლის არჩევნებზე ამგვარად დასაქმებულებს სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ, თუ ისინი “ფიდესს” არ მისცემდნენ ხმას.
ადგილობრივ დონეზე “სწორი” შედეგების მიღების კიდევ ერთი საშუალება „საარჩევნო კარუსელია”: პირველი ამომრჩეველი შედის საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის ნაცვლად საარჩევნო ყუთში ცარიელ კონვერტს აგდებს და მოუნიშნავი საარჩევნო ბიულეტენით გამოდის. “ფიდესის” მუშაკი ამ ბიულეტენს სათანადოდ მონიშნავს და მეორე ამომრჩეველს გაატანს, რომელიც, თავის მხრივ ცარიელ ბიულეტენს გამოიტანს. ამ ჯაჭვის გაგრძელებით მმართველი პარტიის უფროსობა ადგილებზე შესაბამის შედეგს უზრუნველყოფს. საარჩევნო ადმინისტრაციის თვალთახედვით, მათ მხოლოდ ერთი ბიულეტენი აკლიათ, რაც უმნიშვნელო დარღვევაა. 2022-ში, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ვებ-გვერდმა Átlátszó ეს სქემა ვიდეოზეც აღბეჭდა.
მედიის მოთვინიერება
იმ ამომრჩეველს, რომელსაც ასეთი ღია მუქარა ვერ დააშინებდა, ისეთ მედია გარემოში ამყოფებდნენ, სადაც მხოლოდ მთავრობის ხმა ესმოდათ. ორბანი დღეს უნგრულ მედიას თითქმის მთლიანად აკონტროლებს. 2010 წელს მან ყველა კრიტიკულ მედიას გადაუკეტა სახელმწიფო სარეკლამო სახსრები, ხოლო კერძო რეკლამის იმ დამკვეთებს, რომლებიც “ფიდესის” მიერ შერისხული მედია საშუალებების მხარდაჭერას აგრძელებდნენ, სახელმწიფო კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა. 2011 წელს მან “ფიდესის” მიერ კონტროლირებული მედია საბჭოც დააარსა, რომელსაც უფლება მიეცა, გამაკოტრებელი ჯარიმები დაეწესებინა იმ მედია საშუალებებისთვის, რომლებიც “ფიდესის” მსოფლმხედველობას არ იზიარებდნენ.
ყოველი მხრიდან ფინანსური დარტყმის ქვეშ მოქცეული დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედია საშუალებები დასუსტდნენ და ზედიზედ გაკოტრება დაიწყეს. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა მთელს მსოფლიოში საინფორმაციო საშუალებები ფინანსური პრობლემების წინაშე იდგნენ ციფრულ სამყაროსთან ადაპტაციის სირთულეების გამო. გარედან ისე ჩანდა, რომ უნგრეთში მედიის პრობლემები ამ ტენდენციას უკავშირდებოდა და არა სხვა, პოლიტიკურ მიზეზებს. ფინანსურად დასუსტებული მედია საშუალებები ორბანის ბიზნესმენმა მეგობრებმა იაფად ჩაიგდეს ხელში, რის შემდეგაც, სახელმწიფო რეკლამებით მათი დაფინანსება აღდგა და ფინანსებიც დასტაბილურდა. ამრიგად, ორბანმა თავისუფალ მედიას ჟურნლისტების დაპატიმრების, ცალსახა ცენზურის ან მტრული მედიის ძალით დახურვის გარეშე, ეკონომიკური ზეწოლით მოუთავა ხელი.
ამ აწყობილ სისტემაში ბზარი 2014 წლის არჩევნების შემდეგ გაჩნდა, როცა ორბანს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ოლიგარქი, ლაიოშ სიმიცკა განუდგა და მცირე ხნით თავისი მედია საშუალებები ორბანის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართო, სწორედ 2018 წლის არჩევნების წინ. მას შემდეგ რაც მოკვლით დაემუქრნენ, სიმიცკამ თავისი კომპანიები ორბანის მოკავშირეებს გადააბარა და ქვეყნიდან გაიქცა. ორბანმა შეცდომაზე ისწავლა და 2018 წლის არჩევნების დამთავრებისთანავე ჩამოაყალიბა “ცენტრალური ევროპის პრესისა და მედიის ფონდი”, რომელსაც მისმა ერთგულმა ოლიგარქებმა ხუთასზე მეტი მედია საშუალება „აჩუქეს“. ამგვარად ჩამოყალიბდა მემარჯვენე საინფორმაციო საშუალებების კონგლომერატი, რომელიც დღესაც ორბანის ერთგული რჩება.
პლურალისტური მედია ლანდშაფტი დემოკრატიის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უზარმაზარი მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით – საარჩევნო პერიოდში. 2022-ში ყველა სამაუწყებლო კომპანია და თითქმის ყველა ბეჭდვითი მედია რეგულარულად იმეორებდა მთავრობის საარჩევნო გზავნილებს. ოპოზიციას კი ძალიან უჭირდა ამომრჩევლამდე თავისი ხმის მიწვდენა რამდენიმე ონლაინ მედიის, შეზღუდული ტირაჟის ბეჭდური მედიის, ერთი ონლაინ რადიო სადგურის და ბუდაპეშტის მხოლოდ ნაწილის დაფარვის მქონე საკაბელო ტელევიზიის ამარა.
ოპოზიციის ლიდერმა, პეტერ მარკი-ზოიმ, სულ რაღაც ხუთი წუთიღა მიიღო საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავისი პროგრამის წარსადგენად, თანაც ოთხშაბათ დილით. თუ უნგრელ ამომრჩეველს ოპოზიციური კოალიციის მოსაზრებების გაგება სურდა, ამისთვის ძალისხმევაც დასჭირდებოდა. ვითარება იმანაც დაამძიმა, რომ ოპოზიციას გაუჭირდა ერთიანი საინფორმაციო ფრონტის გამართვა. ფიდესმა კი პოლიტიკურ რეკლამაზე მთელ ოპოზიაზე ათჯერ მეტი დახარჯა. მმართველი პარტიის გზავნილი მკაფიოდ და იმდენად ხმამაღლა ისმოდა, რომ ოპოზიციის ისედაც დაბნეული და მოგუდული ხმა მთლიანად გადაფარა. ყოველივე ამის მიუხედავად, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის პოპულარობის მაჩვენებლები “ფიდესის” თანაბარი იყო, თუმცა გამოკითხვებში გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი წილიც მოჩანდა.
ომი უკრაინაში
არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტით ადრე რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. მათ მიერ გაჩაღებული ომი საარჩევნო კამპანიის საკვანძო საკითხად იქცა. ორბანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ახლო მოკავშირეა და მოსკოვში ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე იყო ჩასული. ერთი შეხედვით, ამას პრემიერ მინისტრის რეპუტაციის დაზიანება შეეძლო გახურებული საარჩევნო კამპანიის პირობებში. თუმცა ორბანმა ჭკვიანურად გამოიყენა რუსეთთან კავშირი. მან თავი „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ კანდიდატად წარმოაჩინა. ორბანი ხალხს დაპირდა, რომ უნგრეთი ნეიტრალობას შეინარჩუნებდა და ნატო-ს ძალისხმევაში არ ჩაერთვებოდა. მთავრობამ უარი თქვა უკრაინისთვის განკუთვნილი დასავლური შეირაღების უნგრეთის ტერიტორიაზე გატარებაზე და პირობაც დადო, რომ საგარეო პოლიტიკაში უწინარესი უნგრეთის ინტერესი იქნებოდა. ორბანი ამტკიცებდა, რომ უნგრეთმა მოსკოვთან ურთიერთობის ხაზი ღიად უნდა შეინარჩუნოს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობა და ამასთან, უნგრელებისათვის იაფი საწვავის უწყვეტად მიწოდება შეძლოს. ყოველგვარი საბუთის გარეშე, ორბანმა ოპოზიცია იმაში დაადანაშაულა, რომ ქვეყნის ომში ჩათრევა სურდათ და ვითომდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საეჭვო საიდუმლო შეთანხმებებს დებდნენ. მედიის სრული სამთავრობო კონტროლის პირობებში, ოპოზიციას ამ ტყუილებზე პასუხის გაცემის საშუალება არ მიეცა.
ორბანის დომინირებამ მედია სივრცეში ის განაპირობა, რომ “მშიდობისა და უსაფრთხოების” გარანტად მისი წარმოჩენის გზავნილი ყველგან ჩანდა. ის სწრაფადვე გახდა პოპულარული. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, ომზე ორბანის პოზიცია “ფიდესს” გვარიანად წაეხმარა დაწინაურებაში. ამ კრიზისს შეეძლო ორბანი დაეღუპა, მაგრამ გამოწვევაზე ოსტატური რეაგირებით ორბანმა დაამტკიცა, რომ გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც ესმის უნგრელი ამომრჩევლის გულისთქმა. ისეც ხდება, რომ ავტოკრატებსაც გააჩნიათ ჭეშმარიტი პოლიტიკური ტალანტი: ორბანს სისუსტის უპირატესობად გადაქცევის ისეთი უნარი აღმოაჩნდა, რომ მისი დამარცხება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებშიც გართულდებოდა.
ოპოზიციის შეცდომა: ფართო კოალიციის საფრთხე
თუმცა, საბოლოოდ, ორბანის პარტიულმა სიამ ხმათა 54, ოპოზიციურმა სიამ კი – მხოლოდ 34 პროცენტი კიდევ ერთი მიზეზის გამო მიიღო. ოპოზიციურმა კოალიციამ ხუთი მემარცხენე-ცენტრისტული პარტია ყოფილ ულტრამემარჯვენე პარტიასთან, “იობიკთან” გააერთიანა. ორბანი “იობიკს” წლიდან წლამდე ცინცლავდა მის ულტრამემარჯვენე დღის წესრიგს. ბოლოს ამ ოპოზიციურ პარტიას გზა-კვალი აებნა და 2018 წლის არჩევნების შემდეგ ორ ნაწილად გაიყო. მცირე, ექსტრემისტულმა ფრაქციამ დააფუძნა ახალი, კიდევ უფრო მემარჯვენე პარტია Mi Hazánk (“ჩვენი ქვეყანა”), ხოლო ცენტრისტულმა ნაწილმა ძველი სახელი შეინარჩუნა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანდა იმ სულისკვეთებით, რომ ორბანის გაძევება თავის ულტრამემარჯვენე პრინციპების დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ოღონდაც, “იობიკის” მხარდამჭერებმა ასე არ ჩათვალეს და არჩევნების დღეს პარტიის ლიდერებს აღარ ენდნენ. შედეგად, გაერთიანებულმა კოალიციამ 2018 წლის არჩევნებისას მათ მიერ ცალ-ცალკე აღებულთან შედარებით ერთი მილიონი ხმა დაკარგა. “იობიკის” ამომრჩევლებმა “ფიდესს” მისცეს ხმა, რომელიც კამპანიის განმავლობაში მათთვის ნაცნობ და მნიშვნელოვან ძველ თემებს აჟღერებდა: უპირისპირდებოდა იმიგრაციას, სექსუალური უმცირესობების უფლებებს, ‘ლიბერალურ’ ღირებულებებს და ამავდროულად იცავდა ეთნონაციონალიზმს, ანტისემიტური გამოხტომების თანხლებით – ზუსტად ისე, როგორც ამას ადრე “იობიკი” აკეთებდა. კიდევ უფრო ექსტრემისტულად განწყობილი ამომრჩევლის ხმა “ჩვენს ქვეყანას” ერგო – მათ ხმათა ექვსი პროცენტი აიღეს და პარლამენტში ექვსი ადგილიც დაიბევეს.
ოპოზიციური კოალიციისათვის “იობიკის” ხმების ჩამოსაშორებლად ორბანმა კიდევ ერთ ოსტატურ ხრიკს მიმართა ჯერ კიდევ მანამ, სანამ კამპანიის მთავარ თემად ომი იქცეოდა. 2021 წელს, “ფიდესის” უმრავლესობის წყალობით, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის ოფიციალური მიზანიც “სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული გზავნილებისგან ბავშვების დაცვა” იყო. ამ კანონმა გენდერის საკითხში მოქნილობაზე [მზადყოფნა, გარკვეული სტერეოტპული ატრიბუტები მიეკუთვნოს ორივე სქესს და არა მხოლოდ ერთს, ანდა ამგვარი “გენდერული” სტერეოტიპების შეფარდებითობის და ცვალებადობის აღიარება – რედ.] საუბარი პორნოგრაფიას გაუტოლა. აიკრძალა ამგვარად ჩათვლილი მასალები სკოლებში, ტელევიზიაში, წიგნების მაღაზიებსა და ნებისმიერ სხვა ადგილას. ევროკავშირის რეაქცია მეყსეული იყო: ევროკომისიამ უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის გამო პროცედურები აამუშავა. ამის საპასუხოდ, ორბანმა ძალისხმევა გააორმაგა და 2022 წელს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, რომელშიც მოქალაქეებს ამ თემაზე აზრი უნდა გამოეთქვათ.
მსგავსი შეზღუდვების დამწესებელი კანონი უკვე ძალაში იყო შესული, ამიტომ რეფერენდუმის ჩატარების ერთადერთი – საარჩევნო კამპანიისათვის ამომრჩევლის მობილიზების მიზანი ჰქონდა. სწორედ ამ საფრთხის გამო, უნგრეთში ასევე არსებობდა კანონი, რომელიც კრძალავდა რეფერენდუმების ჩატარებას არჩევნებთან ერთად. თუმცა, ორბანმა ეს კანონი შეცვალა სწორედ “იობიკის” ხმების წყალობით, მაშინ, როცა ოპოზიციური კოალიციის დანარჩენმა პარტიებმა ან არ დაუჭირეს მხარი ცვლილებას ან ბოიკოტი გამოუცხადეს ხმის მიცემას. შესაძლებელია, სექსუალური უმცირესობების უფლებებზე შეტევის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ “იობიკის” ამომრჩეველი ოპოზიციული კოალიციისაგან ჩამოეშორებინათ. რეფერენდუმმა ამ კამპანიის მედია საშუალებების ყურადღების ცენტრში ყოფნა განაპირობა მანამ, სანამ საბოლოოდ ის ომის თემამ არ დაჩრდილა.
რეფერენდუმის კამპანიაში მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიებმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდეს, ბიულეტინები გაეფუჭებინათ შედეგების გასაუქმებლად. მათი ძალისხმევა წარმატებული აღმოჩნდა. რეფერენდუმი არ შედგა. თუმცაღა, “იობიკის” ამომრჩევლებმა მასიურად დაუჭირეს მხარი “ფიდესს”. მართალია, არავის გამოუკვლევია, რამდენად მოახდინა საპარალამენტო არჩევნებში “იობიკის” ამომრჩევლის ქცევაზე გავლენა ამ რეფერენდუმმა, თუმცა, სავარაუდოდ, ორბანის პოლიტიკურმა ალღომ გაამართლა და ამ კამპანიით ოპოზიციური კოალიციიდან “იობიკის” მხარდამჭერების გახლეჩვა მოხერხდა.
მართალია, “იობიკის” ამომრჩევლებმა გაერთიანული ოპოზიცია არჩევნების დღეს მიატოვეს, მაგრამ პარტიამ საკმაოდ იხეირა. როცა ოპოზიცია საარჩევნო კამპანიისთვის ემზადებოდა, “იობიკის” ამომრჩეველის რაოდენობა ყველაზე სოლიდურად გამოიყურებოდა და, ამდენად, კოალიციურ სიაში პროპორციულად მეტი ადგილებიც შეხვდათ. მიუხედავად თავისი ამომრჩევლის საქციელისა, “იობიკმა” ოპოზიციის მიერ მოგებული 54 მანდატიდან ათი დაიბევა. შედეგად, “ფიდესს” 135 ადგილი აქვს, “ჩვენს სამშობლოს” ექვსი, მათ მხარდამჭერ გერმანულ ეთნიკურ სიას კიდევ ერთი. თანაც, ევროკავშირის წინააღმდეგ “კულტურის ბრძოლებში” ორბანს “იობიკის” კიდევ ათი ხმის, ანუ პარლამენტის სამი მეოთხედის იმედი შეიძლება ჰქონდეს.
ბინძური თამაშების მომლოდინე უნგრული არასამთავრობო ორგანიზციების და სხვათა მოთხოვნით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) ბოლო არჩევნებზე ასობით დამკვირვებელი მიავლინა. წინა ორ არჩევნებს შედარებით მცირერიცხოვანი მისიები დააკვირდნენ და დაასკვნეს, რომ საარჩევნო ყუთთან აზრის გამოხატვა უნგრელებს თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა პროცესი არ იყო სამართლიანი. 2022 წლის მისიის ანგარიშში ეუთოს სტანდარტების კიდევ უფრო მძიმე დარღვევები აისახა: დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ არჩევნები სამართლიანი არ იყო – რადგან ამომრჩეველს მხოლოდ მთავრობის გზავნილების გაგება შეეძლო, ხოლო მთავრობის მძლავრი რესურსები “ფიდესის” საარჩევნო კამპანიას ხმარდებოდა.
როგორ მივედით იქამდე, რომ უნგრეთი, რომელიც 1990-იან წლებში რეგიონის დემოკრატიული განვითარების ლიდერი იყო, ისეთ ქვეყნად იქცა, სადაც ოპოზიცია გაერთიანების მიუხედავადაც კი ვერ ამარცხებს ავტოკრატს? უნგრეთში არჩვენების შედეგს დღეს ნაკლებად განსაზღვრავს პარტიების პლატფორმები, კამპანიები, თუ კანდიდატების მიმზიდველობა. მთავარია საარჩევნო კანონები, რომლებსაც ორბანი ოპოზიციის სავალალოდ გამუდმებით ცვლის. იმის გასარკვევად, თუ როგორ ახერხებს უნგრეთის მმართველი ძალა საარჩევნო კანონის მანიპულირებას, 1989 წელს უნდა დავრუნდეთ, როცა დღევანდელ არალიბერალურ საარჩევნო სისტემას ჩაეყარა საფუძველი.
ორბანის საარჩევნო სისტემის დაბადება
1989 წელს, ჯერ კიდევ ბერლინის კედლის დაცემამდე, “უნგრულმა მრგვალმა მაგიდამ” შვა ახალი კონსტიტუცია და ახალი საარჩევნო კანონი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალპარტიული არჩევნები მანამდე ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჩატარებულიყო, ამ კანონებზე მომუშავე პოლიტიკურ ლიდერებს ვერ ეცოდინებოდათ, რა შედეგს მიიღებდა მათი პარტიები საარჩევნო ყუთთან. ზოგი პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რათა პარტიული სიებით კანდიდატების სიმწირე გადაეფარა. სხვებს მაჟორიტარული სისტემა უფრო მოსწონდათ, ფიქრობდნენ რა, რომ ინდივიდებს პარტიებზე მეტი მხარდაჭერა ექნებოდათ. ყველა შეთანხმდა, რომ ციცქნა პარტიები პარლამენტში არ უნდა შესულიყვნენ, მმართველობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
შედეგად, შეიქმნა საარჩევნო კანონი, რომელშიც არ იყო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა საპარლამენტო მანდატების რაოდენობის შესაბამისობას პარტიის მიერ მიღებულ ხმების რაოდენობასთან. კანონით უნგრელებს ერთი ხმა მაჟორიტარებისთვის უნდა მიეცათ და მეორე კი პარტიული სიისთვის. პარტიებს უნდა გადაელახათ ოთხპროცენტიანი ბარიერი პარლამენტში შესასვლელად. კანონი უკიდურესად რთული იყო, ქმნიდა რა სისტემას, რომელიც “რიგითი ამომრჩევილისთვის გაუგებარი იყო”.
საარჩევნო სისტემის ხარვეზი უკვე 1990 წელს, ამ კანონით ჩატარებული პირველი არჩევნებისას გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 28 პარტია მონაწილეობდა, მხოლოდ ექვსმა გადალახა ბარიერი პარლამენტში შესასვლელად. ყველაზე მეტი ხმის მიმღებმა პარტიამ, მემარჯვენე-ცენტრისტულმა “უნგრეთის დემოკრატიულმა ფორუმმა”, ხმების 25% მიიღო, მაგრამ საპარლამენტო მანდატების 43% დაიბევა. მიღებული ხმების რაოდენობით მეორე ადგილზე გასულმა, მემარცხენე-ცენტრისტულმა “თავისუფალი დეომკრატების პარტიამ” ხმების 21%, მაგრამ მანდატების მხოლოდ 24% მიიღო. საარჩევნო სისტემა ისე იყო აწყობილი, რომ მეტი ხმის მიმღებ პარტიას საშუალებას აძლევდა მაჟორიტარული მანდატების ხარჯზე გაეზარდა წარმომადგენლობა პარლამენტში, რადგან პროპორციული სიით გასულთა რაოდენობა არ იკვეცებოდა მაჟორიტარული მანდატების შევსების კვალდაკვალ. მანდატების გადანაწილების კანონით გათვალისწინებული, რთული ფორმულა ხმების რაოდენობით პირველ ადგილზე თუნდაც შედარებით მცირე უპირატესობით გასულ პარტიას პარლამენტში გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებდა.
1994 წელს, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ფართო, ექვსპარტიული წარმომადგენლობა დამკვიდრდა და თავისი სტაბილურობაც დაამტკიცა, საარჩევნო ბარიერი უკვე ხუთ პროცენტამდე გაიზარდა და საარჩევნო სისტემის არაპროპორციულობა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. 1994 წელს ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა სოციალისტურმა პარტიამ მიიღო – 33 პროცენტი – თუმცა საპარლამენტო მანდატების 54 პროცენტი კი ჩაიბარა. მთავრობის უმრავლესობით დასაკომპელქტებლად მათ პარტნიორი არ სჭირდებოდათ, თუმცა ყოფილი კომუნისტების ხელისუფლებაში დაბრუნების შიშების გასაქარწყლებლად “თავისუფალი დემოკრატიების ალიანსთან” (მოგვიანებით, ისინი ‘ლიბერალებად’ იწოდებოდნენ) შევიდნენ კოალიციაში. ამ ნაბიჯმა ახალი პრობლემა შვა: ორ მმართველ პარტიას მანდატების 72 პროცენტი ქონდა, რაც კონსტიტუციის ცვლილებისთვის საკმარისი იყო.
არსებობდა შიში, რომ გადამწყვეტი უმრავლესობის ძალით კონსტიტუციის ცვლილების უფლება 1989 წლის დამოკრატიულ მონაპოვარს ემუქრებოდა. ამიტომაც, სოციალისტ-ლიბერალების მთავრობამ კონსტიტუცია ისე შეცვალა, რომ კვალიფიციური უმრავლეობის ძალაუფლება შეიზღუდა: კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებისათვის პარლამენტის ოთხი მეხუთედის ხმა გახდა საჭირო.
საარჩევნო სისტემის მიერ წახალისებული მანდატების არაპროპორციული განაწილების მიუხედავად, უნგრეთში ძალაუფლების გადაბარება სტაბილურად ხდებოდა. უნგრელი ამომრჩევლები გულდასმით ეუბნებოდნენ უარს სახელისუფლებო პარტიებს ახალ მანდატზე. 1990 წელს გამარჯვებული მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია, “დემოკრატიული ფორუმის” თამადობით, 1994 წელს სოციალუსტურმა-ლიბერალუმა კოალიციამ დაამარცხა, რომელიც, თავის მხრივ, 1998 წელს “ფიდესის” მეთაურობით შექმნილ მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციასთან დამარცხდა. ეს უკანსკნელი 2002 წელს დაამარცხა კვლავ სოციალისტურ-ლიბერალუმა კოალიციამ. 2006 წელს კი მმართველმა ძალამ წკიპზე, მაგრამ მაინც პირველად შეძლო ახალი მანდატის მოპოვება – სოციალისტურმა-ლიბერალუმა გაერთიანებამ ხმების 50 პროცენტი აიღო, ხოლო “ფიდესმა” კი 46 პროცენტი.
ფინანსების უგერგილო მართვამ და გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა 2008 წელს უნგრეთის გაკოტრება გამოიწვია. მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო და დროებითი, ტექნოკრატიული მთავრობისთვის დაეთმო სადავეები, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ნაკარნახევი ფისკალური ხარჯების შემცირების მკაცრი პროგრამა განახორციელა.
2010 წლის არჩევნებისთვის ლიბერალები იმდენად დემორალიზებული და არაპოპულარულები იყვნენ, რომ პარტიული სიის შედგენაც კი ვეღარ მოახერხეს. სოციალისტებიც დამარცხებას შერიგებული იყვნენ, რადგან ქვეყნის გაკოტრება ბრალდებოდათ. თანაც, 2006 წლის ჩანაწერი გავრცელდა, რომლითაც ცხადი გახდა, რომ პარტიის ლიდერი განზრახ ტყუოდა ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე მოძლიერდა ახლად ჩამოყალიბებული, ნეონაცისტური პარტია “იობიკი”, რომელიც ყველაფერს ებრაელ ბანკირებს და სამთავრობო კოალიციაში მყოფ ”კოსმოპოლიტ”’ ელიტებს აბრალებდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ახალმა პატარა, ახალგაზრდულმა, ლიბერალურმა პარტიამ, სახელწოდებით “პოლიტიკა სხვანაირი შეიძლება იყოს” (LMP), თუმცა მათი გზავნილი ბუნდოვანი იყო. ამომრჩეველმა ვერ გაიგო, რა ღირებულებებს ემსახურებოდა ეს პარტია. ისე გამოვიდა, რომ 2010 წელს სოციალისტები დისკრედიტირებული იყვნენ, ლიბერალურ ფრთას ახალი და გამოუცდელი პარტია ედგა სათავეში, მათი ალტერნატივა კი ულტრა-მემარჯვენე პარტია იყო. ამგვარად, მაშინ გონიერ ადამიანს “ფიდესის” – კოალიციასთან მართვის გამოცდილების მქონე მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის – გამარჯვება მხოლოდ გაუხარდებოდა.
სწორედ ასე მოიგო ორბანმა 2010 წლის არჩევნები ხმათა 53 პროცენტით, ოღონდ ხმათა ეს რაოდენობა მანდატების 68%-ად გარდაისახა. შედეგად, 2010 წლის არჩევნები უნგრეთის უკანასკნელი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გამოდგა.
კონსტიტუციის გადასინჯვის შესაძლებლობა მიეცა პარტიას, რომელსაც უკვე ოც წელზე მეტი ხანი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობდა და არც კი ქონდა შიდა მექანიზმი ლიდერის შესაცვლელად. “ფიდესი” ორბანის პირად პოლიტიკურ პლატფორმად იქცა. ამ დროიდან მოყოლებული, ორბანი პირადად ამტკიცებს თითოეულ სადეპუტატო კანდიდატს. ამბობენ, რომ ყოველი მინისტრი ორბანს დანიშვნისთანავე გადადგომის ხელმოწერილ, მაგრამ დაუთარიღებელ წერილს აბარებს, რომელიც ორბანის უჯრაში ინახება იმ შემთხევისათვის, თუკი რომელიმე მათგანი ურჩობას გადაწყვეტს. ფორმალურად, “ფიდესი” ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთანაა კოალიციაში, თუმცა რეალურად, ქრისტიან-დემოკრატებს არ აქვთ მხარდამჭერთა დამოუკიდებელი ბაზა. ეს “ფიდესის” დანამატი და მათ “ქრისტიანული სახეა”, რაც ძალაუფლების მოჩვენებითი განაწილების მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის.
საარჩევნო ოლქების გადაკეთება
2010 წლის არჩევნებმა ორბანი, ფაქტობრივად, კანონზე მაღლა დააყენა: მას შეეძლო სურვილისამებრ შეეცვალა კონსტიტუცია, რაც თანამდებობაზე ყოფნის პირველი წლის განმავლობაში 12-ჯერ გააკეთა კიდეც. ერთ-ერთი ცვლილებით მან ადრე არსებული შეზღუდვა გააუქმა: კონსტიტუციის შეცვლას დეპუტატების ოთხი მეხუთედის თანხმობა აღარ სჭირდება. არჩევიდან ერთი წელიც კი არ იყო გასული, როცა ორბანმა ახალი კონსტიტუცია წარადგინა: კონსტიტუციის პროექტი დახურულ კარს მიღმა შემუშავდა, პარლამენტში მის განხილვას მხოლოდ ცხრა დღე დაეთმო და მას მხოლოდ ორბანის პარტიის წევრმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. ახალ კონსტიტუციას ასამოქმედებლად ასობით ახალი კანონი დასჭირდა, რომელთაგანაც ბევრი სწორედ არჩევნებს ეხებოდა.
2011 წლის კონსტიტუციით პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა განახევრდა – რასაც ბევრი მიესალმა კიდეც, რადგან 394 წევრიან პარლამენტს ბევრი უნგრელი მოუქნელად და ხარჯიანად მიიჩნევდა. თუმცა ამ ცვლილების განხორციელება ახალი საარჩევნო ოლქების შექმნას მოითხოვდა. კერძოდ რა პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მომხდარიყო ეს ცვლილება? ამაზე ახალ კონსტიტუციაში არაფერი იყო ნათქვამი.
იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში ახალი საარჩევნო ოლქების შექმნა გამჭვირვალედ წარემართა, მთავრობამ ახალი ოლქების საზღვრები დახურულ კარს მიღმა დაადგინა. შედეგად, მიღებული კანონით, რომელიც მისი ნომრით CCIII/2011 არის ცნობილი, თითოეული ოლქის საზღვრები დაზუსტდა. კანონი ნაჩქარევად მიიღეს და თანაც “ძირითადი კანონის” სტატუსით, რომ მის შემდგომში შეცვლას პარლამენტში ხმების ორი მესამედი დასჭირვებოდა. ახლად დადგენილი საარჩევნო ოლქები სიდიდით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა: ყველაზე პატარა ოლქში 60 ათასი ამომრჩეველი იყო, ყველაზე დიდში – დაახლოებით 90 ათასი. გასაკვირი არაა, რომ დიდი ოლქები – ძირითადად – იმ ტერიტორიას მოიცავს, სადაც მემარცხენე ოპოზიციის ამომრჩეველია თავმოყრილი, ხოლო პატარა ოლქები “ფიდესის” დასაყრდენია. ამგვარად, “ფიდესი” იმავე რაოდენობის ხმებით ოპოზიციაზე მეტი დეპუტატის არჩევას ახერხებს. ოლქების სიდიდეში განსხვავებები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა და თავად უნგრეთის საკმაოდ დაბალ სტანდარტებსაც კი გადააჭარბა. უნგრეთის კანონმდებლობით, 2018 წელს საარჩევნო ოლქების საზღვრები უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ხელახლა უნდა გადახედილიყო – თუმცა ეს არასდროს მომხდარა. 2022 წლის არჩევნებისთვის ამომრჩევლის რაოდენობამ 106 ოლქიდან 25-ში გადააჭარბა ეუთო/ოდირის მიერ დაწესებულ სტანდარტს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის სხვაობა ათ პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
ოლქების ზომის არჩევნების შედეგებზე გავლენის შესწავლამ აჩვენა, რომ თუ “ფიდესი” და მემარცხენე ოპოზიცია საარჩევნო ოლქების ახალი დაყოფის პირობებში ხმების თანაბარ რაოდენობას მოიპოვებდნენ, “ფიდესი” პარლამენტში ძველ სისტემასთან შედარებით ათი ადგილით მეტს მიიღებდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 2006 წლის არჩევნები ამ ოლქებით რომ ჩატარებულიყო, “ფიდესი” იმ არჩევნებსაც მოიგებდა, რომელიც ძველი წესებით წააგო. 12 აშკარაა, რომ “ფიდესმა” საარჩევნო ოლქების საზღვრები თავის სასარგებლოდ დაადგინა. ეს მიკერძოება 2022 წლის არჩევნებზეც შენარჩუნდა: არჩევნებზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ „საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება – ზოგჯერ ეს სხვაობა 33 პროცენტსაც კი აღწევს, რაც თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს ეწინააღმდეგება”.
მაჟორიტარული სისტემის ცვლილება
ორბანის ახალმა საარჩევნო კანონმდებლობამ მაჟორიტარების არჩევის წესიც შეცვალა. ძველი სისტემით მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული ხშირად მეორე ტურში წყდებოდა: თუ პირველ ტურში ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერცერთი კანდიდატი დააგროვებდა, ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მეორე ტურში გადადიოდა. მსგავსი სისტემა ცალკეულ პარტიებთან შედარებით უპირატესობას ფართო კოალიციებს ანიჭებს.
ორბანმა მეორე ტურის ცნება საერთოდ გააუქმა – ახლა გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, თუნდაც ხმების რაოდენობა ამომრჩევლის საერთო რაოდენობის ნახევარზე ბევრად ნაკლები იყოს. გამარჯვების უზრუნველყოფა კიდევ უფრო მარტივი გახდა მას შემდეგ, რაც ახალი პარტიების შექმენის წესი გამარტივდა. „ყალბი პარტიების“ შექმნისთვის დაწესებული ფინანსური სტიმული უზრუნველყოფს იმას, რომ ამომრჩევლის წინაშე ყოველთვის უამრავი კანდიდატია, რაც ხმების კიდევ უფრო მეტად დანაწევრებას იწვევს. 2014 წელს ასი ახალი პარტია აღმოცენდა, ხოლო 2018 წელს – სულ მცირე – 250. ასეთ პარტიებს არ აქვთ რეალური პროგრამა, მაგრამ ხშირად მათი სახელი ოპოზიციური პარტიების დასახელებას ჰგავს. მაგალითად, 2022 წელს “ფიდესის” მეგობარი ოლიგარქის მიერ დაფუძნებულ ახალ პარტიას ერქვა MEMO (აბრევიატურა სახელისა Megoldás Mozgalom), რაც ამომრჩეველს შეიძლება შეშლოდა პარტიაში სახელად MOMENTUM (სრული სახელი Momentum Mozgalom) არეოდა. არადა, ეს უკანასკნელი გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში იყო და ბიულეტენზე ცალკე არ ფიგურირებდა.
მეორე ტურის გაუქმებით, რეალურ ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების ძალიან მცირე შანსიღა შერჩათ – ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ისინი არჩევნებამდე გაერთიანდებოდნენ და “ფიდესის” წინააღმდეგ ერთიან კანდიდატს დააყენებდნენ. მაგრამ ორბანის ახალი საარჩევნო სისტემის სხვა დებულებებმა უკვე ოპოზიციური პარტიების გაერთიანება გაართულა. 2013 წლის საარჩევნო კანონის თანახმად, ყველა პარტია, რომელიც პარტიული სიით იყრიდა კენჭს, ვალდებული იყო, მაჟორიტარობის კანდიდატები მინიმუმ 27 საარჩევნო ოლქში წარედგინა – აქედან 19 რეგიონის სულ მცირე ცხრა ოლქში და დედაქალაქ ბუდაპეშტში. უნგრეთის პარლამენტში 106 ადგილი მაჟორიტარული სისტემით ირჩევა და 93 – პროპორციულით. შესაბამისად, პატარა ცენტრისტული და მემარცხენე პარტიები იძულებულნი იყვნენ, ცალკეულ ოლქებში ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ, რათა პარტიული სიით კენჭისყრის უფლება შეენარჩუნებინათ. ასეთი სისტემის პირობებში ორბანის მაჟორიტარობის კანდიდატებისათვის გამარჯვება გარანტირებული იყო.
ოპოზიციისთვის სისტემის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობა ძალების გაერთიანება კი იყო, მაგრამ ამას სხვა რისკები მოსდევდა. ახალი კანონის თანახმად, კოალიციებს პარლამენტში შესასვლელად უფრო დიდი ბარიერის გადალახვა უწევდათ. თუ ცალკეული პარტიის შემთხვევაში პარტიული სიით მანდატების მოსაპოვებლად საარჩევნო ბარიერი ამომრჩევლის ხმების ხუთი პროცენტია, ორი პარტიისგან შემდგარი კოალიციისთვის ბარიერი 10 პროცენტამდე იზრდება, ხოლო სამი ან მეტი პარტიის გაერთიანებისთვის – 15 პროცენტია.
მიუხედავად ამისა, 2014 წელს ხუთი მემარცხენე-ცენტრისტული პარტია კოალიციაში „ერთიანობის ალიანსი“ გაერთიანდა. ერთმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ (LMP) კოალიციაში გაერთიანებაზე უარი განაცხადა, რითაც მემარცხენე-ცენტრისტული ამომრჩევლის ხმები გაიყო. ამან იმ ოლქების რაოდენობა, სადაც ოპოზიციას იმ წელს მოგება შეეძლო, გაანახევრა და საშუალება მისცა “ფიდესს”, საარჩევნო ოლქების 91 პროცენტი მხოლოდ 45 პროცენტიანი მხარდაჭერის პირობებში ჩაეჯიბა. შიდა დაპირისპირებით ჯერ კიდევ დასუსტებული ოპოზიცია 2018 წელსაც დანაწევრებული იყო, თუმცა მისი პოზიციები ბუდაპეშტში ძლიერდებოდა. 2018 წელს, 49 პროცენტიანი მხარდაჭერის პირობებში, ორბანმა საარჩევნო ოლქების 86 პროცენტში მოიგო – თითქმის ყველა ოლქში ბუდაპეშტის გარდა. 2014 და 2018 წლების არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ ორბანის დამარცხება მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციას შეეძლო, რომელშიც ფართო პოლიტიკური სპექტრი იქნებოდა წარმოდგენილი.
საფრთხის მოლოდინში ორბანმა წესები კვლავ შეცვალა, რათა ოპოზიციის გაერთიანების პირობებშიც კი ხმების გაყოფა უზრუნველეყო. 2020 წელს განახლებული საარჩევნო კანონმდებლობით ყველა პარტია, რომელიც პარტიულ სიას წარადგენდა, ვალდებული იყო მაჟორიტარობის კანდიდატები 106-დან სულ მცირე 71 საარჩევნო ოლქში წარედგინა და არა 27-ში, როგორც ადრე. ამ პირობით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ფიდესს” ნაკლები პარტია დაუპირისპირდებოდა, საარჩევნო ოლქებში მაინც მაჟორიტარობის საკმარისზე მეტი კანდიდატი იქნებოდა წარმოდგენილი – რაც ხმების გაყოფის და “ფიდესის” გამარჯვების გარანტიას ქმნიდა.
ოპოზიცია კვლავ მძიმე არჩევანის წინაშე დადგა. თუ მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები დამოუკიდებელ საარჩევნო სიებს წარადგენდნენ, საარჩევნო ოლქებში ერთმანეთის კონკურენტები გახდებოდნენ და ყველგან წააგებდნენ. მაგრამ თუ გამარჯვების შანსების გაზრდის მიზნით საარჩევნო ოლქებში საერთო კანდიდატებს დააყენებდნენ, იძულებულნი იქნებოდნენ, ერთიანი პარტიული სიით ეყარათ კენჭი – მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივად ცოტა რამეზე თუ თანხმდებოდნენ. მათ პარტიული იდენტობის განიავება ავტოკრატიული რეჟიმის გაგრძელებაზე ნაკლებ საფრთხეთ ჩათვალეს. ექვსი პარტია – ხუთი მემარცხენე ცენტრისტული პარტია და “იობიკი” – საერთო სიის წარდგენაზე შეთანხმდნენ – სახელწოდებით „გავერთიანდეთ უნგრეთისთვის“. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენიდან პარტიების ინდივიდუალური სახელები გაქრა. უნგრეთის საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებისას განვლილი გზის გათვალისზინებით, ორბანის განდევნა იმედი მხოლოდ ასეთ უცნაურ ალიანსს შეიძლება ჰქონოდა.
2021 წლის მიწურულს კოალიციამ ქვეყნის მასშტაბით პრაიმერები ჩაატარა, რათა თითოეულ ოლქში დაედგინა, რომელი პარტიის კანდიდატს ჰქონდა “ფიდესსზე” გამარჯვების საუკეთესო შანსი. ეროვნული პრაიმერი, რომელსაც ერთიანი პარტიული სიის პირველი ნომერი და ორბანის მთავარი მეტოქე უნდა განესაზღვრა, მოულოდნელი შედეგით დასრულდა – პრაიმერში პატარა ქალაქის კონსერვატორმა მერმა – პიტერ მარკი-ზაიმ გაიმარჯვა. გამოსცადა რა თავისი კანდიდატები ყველა ოლქში, ოპოზიცია ორბანის დასამხობად მზად ჩანდა. თუმცაღა სინამდვილეში, 2022 წლის 3 აპრილს “ფიდესმა “ საარჩევნო ოლქების 83 პროცენტი მაინც მოიგო. ოპოზიციის გეგმამ ორბანის ძალაუფლება მის მიერ წინასწარ დაკუცმაცებულ ოლქებში მხოლოდ ოდნავ დაასუსტა. რატომ წააგო ოპოზიციამ ასე მწარედ?
ამომრჩევლის შერჩევა
როცა 2022 წლის არჩევნები მოახლოვდა ხოლო ოპოზიციური კოალიციის ერთიანობა ცხადი გახდა, ორბანმა თამაშის წესები კვლავ შეცვალა – ოღონდ ამჟამად, ოლქების საზღვრების შეცვლის ნაცვლად, მან ამომრჩევლების გამოცვლა მოახერხა. 2021 წლის ნოემბერში მიღებული კანონის ძალით მან ერთგვალი „საამომრჩევლო ტურიზმი“ დააკანონა: ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცათ, ხმის მისაცემად ქვეყნის ნებისმიერ წერტილში დარეგისტირებულიყვნენ – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თავიან ახალ უბანში არ ცხოვრობდნენ. უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტმა მაშინვე გამოსცა გაფრთხილება, რომ ეს კანონი „ქმნის რისკს, რომ ბევრი ამომრჩეველი არჩევნების შედეგზე ზემოქმედების მიზნით იმ ერთმანდატიან ოლქებში დარეგისტრირდება, სადაც არჩევნებში მაღალი კონკურენციაა მოსალოდნელი.“
ახალმა კანონმა ორბანს მისცა საშუალება, ამომრჩეველი “ფიდესის” დაბევებული ოლქებიდან ან იმ ოლქებიდან, სადაც ოპოზიცია ადვილად იგებდა, იქით გადაესროლა, სადაც მათ მძაფრი კონკურენციის პირობებში “ფიდესის” გამარჯვების უზრუნველყოფა შეეძლოთ. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2022 წელს დაახლოებით 157,551 ამომრჩეველმა შეიცვალა საარჩევნო რეგისტრაციის მისამართი და იქ მისცა ხმა, სადაც მუდმივად არ ცხოვრობდა. ხმების დათვლისას “ფიდესის” მხარდამჭერი „ტურისტი“ ამომრჩევლების ბიულეტენები ოპოზიციის მხარდამჭერ, საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლის მიერ გამოგზავნილ ბიულეტენებთან ერთად დაითვალეს. შედეგად, საამომრჩევლო ტურიზმის შედეგზე გავლენის ხარისხის ზუსტად შეფასება შეუძლებელი შეიქნა. ის ფაქტი, რომ პიტერ მარკი-ზაიმ მოულოდნელად საკუთარ საარჩევნო ოლქში წააგო, სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ საამომრჩევლო ტურიზმი შესაძლოა კონკრეტული ოპოზიციური კანდიდატების მიმართ ყოფილიყო მიმართული.
“ფიდესი” ძალიან კარგად იცნობს საკუთარ მხარდამჭერებს და გააჩნია ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზა, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რეგულარულად აახლებდა. ოპოზიციას ამ მონაცემებზე წვდომა არ აქვს – შესაბამისად, საამომრჩევლო ტურიზმის კანონს ისე ვერ იყენებს, როგორც მმართველი პარტია. “ფიდესმა” შეძლო 150 000-ზე მეტი ამომრჩევლის კონკურენტულ ოლქებში “შეშხაპუნება” და, ეგებ, მხოლოდ ამ ერთი საკანონმდებლო ცვლილებით მოახერხა 2022 წლის არჩევნებში ბევრი ოლქის საკუთარ ხელში შენარჩუნება.
ეს პირველი შემთხვევა როდი იყო, როდესაც ორბანმა დამატებითი ადგილები ხმის მიმცემთა ვინაობისა და ადგილმდებარეობის მანიპულირებით მოიპოვა. 2014 წლის კანონმდებლობით მან წარმოშობით უნგრელებს, რომლებიც არასოდეს უცხოვრიათ უნგრეთის ამჟამინდელ საზღვრებში, მოქალაქეობასა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას შესთავაზა. ეს შესაძლებლობა უნგრეთში მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ “თანამემამულეებზე” გავრცელა და მათგან ბევრმა ამით ისარგებლა. ამ ხალხის უმრავლესობა მკვეთრად ნაციონალისტურადაა განწყობილი და ორბანს უჭერს მხარს. რადგან ისინი ქვეყანაში არ სახლობენ, მაჟორიტარულ არჩევნებში ვერ მონაწილეობენ და მხოლოდ პარტიულ სიას აძლევენ ხმას. თუ გავითვალისწინებთ, რომ უნგრეთში რვა მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან რეალურად არჩევნებში ხუთი-ხუთნახევარი მილიონი მონაწილეობს, სამეზობლოში დარეგისტრირებულ 450 000-ზე მეტ “თანამემამულე” ამომრჩეველს არჩევნების შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
ყველა სიკეთესთან ერთად ამ ამომრჩევლებს შეუძლიათ, ბიულეტენი დაუცველი ფოსტით გამოაგზავნოს. ხშირად, ეს ბიულეტენები პარტიების აქტივისტებს და სხვა პარტიულ შუამავლებს ჩამოაქვთ და საარჩევნო ადმინისტრაციის და დამკვირვებელთა მიერ საერთოდ არ კონტროლდება. თანაც, იმ საბაბით, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს, უნგრეთის მთავრობა ამომრჩეველთა სიებს საიდუმლოდ ინახავს, რათა ანაზდად მეორე პასპორტის მფლობელთა ვინაობა არ გამჟღავნდეს. შედეგად, ოპოზიციამ არც კი იცის, ვინ არიან ეს ამომრჩევლები და, შესაბამისად, არც მათთან კამპანიის წარმოებისა და საკუთარ მხარეს გადაბირების შესაძლებლობა აქვს.
უნგრეთის სამეზობლოში მყოფი ამომრჩევლების უდიდესი უმრავლესობა ხმას ორბანს აძლევს. 2014 წელს “ფიდესმა” ამ ამომრჩევლის ხმების 95 პროცენტი მიიღო, რამაც პარტიას პარტიული სიით 1,4 მანდატის სამყოფი ხმები მისცა. 2018 წელს ფიდესმა ახლო საზღვარგარეთის ხმების 96 პროცენტი და ერთი მანდატისათვის საკმარისი ხმები მოიპოვა. 2022 წელს საზღვარგარეთიდან ხმის მიმცემთა წრე ბევრად უფრო გაფართოვდა, “ფიდესმა” მათი ხმების 94 პროცენტი ანუ 2,5 მანდატისათვის საკმარისი ხმები მოიპოვა. მარტო 2014 და 2018 წლების არჩევნებს თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ სწორედ ამ ამომრჩევლის მხარდაჭერამ მისცა ორბანს ის ერთი მანდატი, რომელიც მას ორი-მესამედის უმრავლესობის უზრუნველსაყოფად სჭირდებოდა, 2022 წელს კი აბსოლუტურ უმრავლესობას სამი მანდატით გადააბიჯებინა.
საამომრჩევლო ტურიზმის კანონის მიღებს შემდეგ, ოპოზიცია ეჭვობდა, რომ ორბანი საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს უნგრეთში გადმოიყვანდა, რათა მათ არა მხოლოდ პროპორციულ, არამედ მაჟორიტარულ არჩევნებშიც მიეღოთ მონაწილება – განსაკუთრებით იმ ოლქებში, სადაც მაღალი კონკურენცია იყო. არსებობს ცნობები, რომ ფიდესი ამას ჯერ კიდევ 2018 წელს აკეთებდა მანამ, სანამ ამ პრაქტიკას დააკანონებდა. 2022 წლის არჩევნების დღეს, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამომრჩევლებით სავსე მიკროავტობუსები დააფიქსირეს, რომლებსაც ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე მიყავდათ. ამ მანქანების მგზავრები ხმას იმას აძლევდნენ, ვისაც საჭიროა, და ჟურნალისტებსაც ესხმოდნენ თავს.
2010 წელს ორბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრმა განათლებულმა უნგრელმა, რომელიც მას ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის მთავრობა ემიგრაციის მონაცემებს არ ამხელს, 2010 წლის შემდეგ უნგრეთის ათი მილიონი მოქალაქიდან ხუთასი ათასზე მეტი უნგრეთიდან წავიდა. გააჩნიათ რა რეგისტრაციის მისამართი უნგრეთში, მათ ორივე სისტემით – პროპორციული და მაჟორიტარული – გამართულ არჩევნებში შეუძლიათ ხმის მიცემა. თუმცა, უნგრეთის მთავრობის მოთხოვნით, ხმის მისაცემად ისინი საელჩოებსა და საკონსულოებში პირადად უნდა გამოცხადნენ.
მეზობელ ქვეყნებში მყოფი “თანამემამულეებისგან” განსხვავებით, რომლებსაც ხმის მიცემა ფოსტით, ყოველგვარი შემოწმების გარეშე შეუძლიათ, ემიგრანტმა ამომრჩევლებმა უამრავი შემოწმება უნდა გაიარონ. შედეგად, ემიგრანტების ხმებმა 2014 ან 2018 წელს ერთი მანდატიც ვერ მოიპოვა. გაურკვეველია, მოახდინა თუ არა ემიგრანტი ამომრჩევლის ხმებმა რამე გავლენა 2022 წელს, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციამ ემიგრანტი ამომრჩევლების ხმები “ტურისტი” ამომრჩევლების ხმებთან ერთად დათვალა. წინასწარი ანალიზით მოჩანს, რომ ემიგრანტების ხმებმა ბუდაპეშტის ერთ ოლქში მაინც “ფიდესის” ნაცვლად გაერთიანებულ ოპოზიციას მოუტანა გამარჯვება. თუმცა ემიგრანტი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემა ისეთივე მარტივი რომ ყოფილიყო, როგორც მეზობელ ქვეყნებში მყოფი უნგრელებისთვის, შესაძლოა, ოპოზიციას კიდევ უფრო მეტი ოლქი წაეგლიჯა მმართველი პარტიისათვის.
პროპორციულ არჩევნებში გასამარჯვებლად
2014 წლის მიღებული ცვლილებებით ორბანმა პროპორციული ხმების დათვლის წესიც შეცვალა რითაც საარჩევნო სისტემაში “ჩააშენა” “ფიდესის” უპირატესობა და ოპოზიციას მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება მოესპო. ორბანამდე არსებულ სისტემაში, მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხებული კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ემატებოდა პარტიებისთვის მიცემულ პროპორციულ ხმებს. ამ გზით, არასრულფასოვნად, მაგრამ მაინც, ცდილობდნენ გაეწონასწორებინათ კონკრეტული პარტიებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა და მათ მიერ მიღებულ საპარლამენტო მანდატების წილი. ვთქვათ, რომელიღაც საარჩევნო უბანში X პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა მიიღო 400 ხმა, ხოლო Y პარტიის კანდიდატმა – 200, „დაკარგული“ ხმები – ანუ Y პარტიის მაჟორიტარი კანდიდატისთვის მიცემული ხმები – ემატებოდა Y პარტიის პროპორციულ ხმებს მაჟორიტარი კანდიდატის მარცხის დასაკომპენსირებლად. „დამარცხებულის კომპენსირება“ გავრცელებულია შერეულ საარჩევნო სისტემებში, სადაც ამომრჩევლები ცალკე აძლევენ ხმას მაჟორიტარ კანდიდატებს და ცალკე კი – პარტიებს.
ორბანის საარჩევნო სისტემამ ამას „გამარჯვებულის კომპენსირების“ წესი დაუმატა. დღეს მოქმედი წესით, ნებისმიერი ხმა, რომელიც არ არის აუცილებელი მაჟორიტარის ასარჩევად, ითვლება „დაკარგულად“ მაშინაც კი, თუ ეს ხმა გამარჯვებული კანდიდატს ეკუთვნოდა და პარტიის პროპრციული წესით მიღებულ ყულაბას ემატება. ამგვარად, X და Y მაჟორიტარების მაგალითში, სადაც კანდიდატებმა 400 და 200 ხმა მიიღეს, 200 ხმა ემატება Y პარტიის მიერ მიღებულ პროპორციულ ხმებს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, მაგრამ ამავდროულად 199 ხმა ემატება X პარტიის პროპორციულ ხმებს, ვინაიდან X პარტიის კანდიდატს რეალურად მხოლოდ 201 ხმა სჭირდებოდა გამარჯვებისთვის მაშინ, როცა მან დამატებით კიდევ 199 ხმა მიიღო. ამგვარი კომპენსაცია გამარჯვებულ პარტიებს საშუალებას აძლევს წარმატების მასშტაბი გაზარდონ და მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს პარლამენტში, რითაც კიდევ უფრო იზრდება საარჩევნო სისტემის არაპროპორციულობა.
“გამარჯვებულის კომპენსაციამ” ორბანს სამ არჩევნებში მოაგებინა კვალიფიციური უმრავლესობა. 2014 წლის არჩევნებში მან ამგზით დამატებით ექვსი საპარლამენტო მანდატი ჩაიჯიბა, 2018 წლის არჩევნებში – ხუთი, 2022 წელს კი – ისევ ექვსი. „ფიდესმა“ 2014 და 2018 წლებში ზუსტად იმდენი მანდატი მიიღო რაც ორმესამედიან უმრავლესობას სჭირდებოდა, 2022 წელს კი დამატებით გაინაღდა სამი ადგილი, ამდენად, აშკარაა, რომ სწორედ “გამარჯვებულის კომპენსაციის” გზით მიღებულმა მანდატებმა ატყორცნა „ფიდესი“ უბრალო უმრავლესობიდან საკონსტიტუციო უმრავლესობამდე.
საარჩევნო კანონმდებლობის ორბანისეულმა ცვლილებებმა 2014 წელს მის სასარგებლოდ კიდევ ერთი ფანდი შეაპარა პროპორციულ არჩევნებში. უნგრეთის 1989 წლის საარჩევნო კანონმდებლობით ეთნიკური უმცირესობებისთვის გარანტირებული იყო საპარლამენტო მანდატების გარკვეული რაოდენობა. ორბანის ახალმა საარჩევნო კანონმდებლობამ შეცვალა უმცირესობების წარმომადგენლობის წესი.
თორმეტი ეთნიკური უმცირესობიდან ნებისმიერს შეუძლია ამომრჩევლისთვის „უმცირესობის სიის“ შეთავაზება. ამომრჩევლები, რომლებიც აპირებენ „უმცირესობისთვის“ ხმის მიცემას, არჩევნებამდე უნდა დარეგისტრიდნენ. მათ ასევე უარი უნდა თქვან პროპროციულ არჩევნებში ხმის მიცემაზე უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ. უმცირესობის წარმომადგენლების არჩევის წახალისება იმით ხდება, რომ მათი წარმომადგენლის ასარჩევად პარლამენტში სულ რაღაც ოცი ათასი ხმაა საჭირო, მაშინ, როცა პროპორციულ არჩევნებში მანდატის მოსაპოვებლად საჭიროა დაახლოებით სამოცი ათსი ხმა. 2014 წელს ერთმა ბოშამ მოიპოვა ადგილი პარლამენტში, 2018 და 2022 წლებში კი გერმანულმა უმცირესობამ გადალახა ბარიერი. რეალურად, სამივე წარმომადგენელი „ფიდესის“ პარლამენტარები იყვნენ, რომელთაც ისარგებლეს იმით, რომ უმცირესობის სახელით იყრიდნენ კენჭს და ნაკლები ხმებით, შედარებით იოლად მოიპოვეს დეპუტატის მანდატი.
როცა უნგრეთის მთავრობამ უმცირესობების წარმომადგენლების არჩევა გააადვილა, ამისთვის მან საზღვარგარეთელი დამკვირვებლების კომპლიმენტები დაიმსახურა. თუმცა სინამდვილეში, უმცირესობათა უფლებები „ფიდესმა“ პარლამენტში საკუთარი დეპუტატების რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენა.
დასკვნა: უნგრული ოპოზიციის მომავალი
2022 წლის არჩევნების შემდეგ, უნგრული ოპოზიცია ცუდ დღეშია. ორბანის მიერ აღმართული საარჩევნო ბარიერების ლაბირინთში, მათ გამარჯვებისაკენ ერთადერთი დარჩენილი ბილიკის გავლა სცადეს – არჩევნების წინ ერთად დადგნენ, კონკურენტულ ოლქებში პრაიმარიები ჩაატარეს და რთულ პირობებში მეტნაკლებად ერთიანი საარჩევნო კამპანიაც აწარმოეს. სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციამ მოახერხა ორბანის დამარცხებისთვის ლოგიკური გზის შერჩევა, ორბანმა კიდევ ერთხელ გადაათამაშა სისტემა, კონკურენტულ ოლქებში ახალი ამომრჩევლები ჩაიყვანა, ძველი ხრიკები კი უფრო სისტემურად გამოიყენა.
ორბანის დიდი გამარჯვება, რომელმაც მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიცია ცუდ დღეში ჩააგდო, ნათლად მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, როგორ შეასწოროს კანონები და დახვეწოს თავისი პოლიტიკური გზავნილები ისე, რომ მოწინააღმდეგეებს გაუმკლავდეს. მანდატების ორი მესამედის კონტროლი ნიშნავს, რომ მას ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება შეუძლია და, ამდენად, საარჩევნო რეგულაციებს რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ შეცვლის ოპოზიციის მიერ არჩეული ტაქტიკის გასაცუდებლად.
ერთიანი ოპოზიციისათვის მთავარი თავსატკივარი ახლა “იობიკის” ამომრჩევლის მასიური გაქცევაა “ფიდესისაკენ”. აშკარაა, რომ “იობიკის” ლიდერების წანაცვლება პოლიტიკური ცენტრისაკენ მათი პარტიისათვის წამგებიანი სტრატეგია აღმოჩნდა. ამომრჩევლები ლიდერებს არ გაყვნენ და უჩვენეს, რომ იდეოლოგიურად მემარჯვენე პარტიას უფრო დაუჭერენ მხარს – თუნდაც ის ავტოკრატიული იყოს – ვიდრე მემარცხენე ძალებთან ნებისმიერ კოალიციას. ამ გაკვეთილს “იობიკის” არჩეული დეპუტატები აუცილებლად გაითვალისწინებენ, იმისდა მიუხედავად, რომ პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის სიით აირჩიეს. თუ 2026 წლისთვის ამომრჩევლის გულის მობრუნება სურთ, “იობიკის” დეპუტატები მარჯვნივ უნდა გადაიხარონ.
ისე ჩანს, რომ მემარცხენე პარტიებმაც დაკარგეს ამომრჩევლები, რომელთაც “იობიკთან” კოალიციაში შესვლა ეხამუშათ. სტატისტიკური მონაცემებიდან მხარდამჭერების მასობრივი გაქცევა არ იკითხება, თუმცა, ისე ჩანს, რომ მათმა ნაწილმა ხმა “ორკუდიანი ძაღლის პარტიას” მისცა – ჯგუფს, რომელიც პოლიტიკოსებს დასცინის. “ორკუდიანი ძაღლის პარტიამ” უნგრეთის მკვიდრი მოსახლეობის 3.5%-ის მხარდაჭერა მიიღო – ამას ზოგად საარჩევნო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცაღა, უჩვენა, რომ მემარჯვენე და მემარცხენე ძალების ერთ კოალიციაში გაერთიანება სახიფათო საქმეა.
გაერთიანებული ოპოზიციის საერთო მიზანი ორბანის ჩამოშორება და უნგრეთში კონსტიტუციური, დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენა იყო თუმცაღა, უნგრეთში უმრავლესობა კონსერვატიულადაა განწყობილი, ხოლო პოლიტიკური სპექტრის მემარჯვენე-ცენტრში რეალური ალტერნატივები ნაკლებადაა.. 2022 წლის არჩევნებმა უჩვენა, რომ კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩეველი ხმას ნებისმიერ მემარჯვენე პარტიას უფრო მისცემს, ვიდრე დემოკრატიულ აღორძინებას, თუკი ეს ხელისუფლებაში მემარცხენეების მისვლას იგულისხმებს.
განათლების უფრო მაღალი ცენზის მქონე, ქალაქელი ამომრჩეველი მზად იყო ხმა კოალიციისთვის მიეცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მასში მათთვის საძულველი პარტია (მაგალითად, “იობიკი”) შედიოდა. თუმცაღა უფრო ნაკლებად განათლებული, უფრო ღარიბი ამომრჩეველი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა – ეგებ, მათ სამთავრობო მედიის ნარატივები დაიჯერეს, ეგებ, ვერ დაინახეს ორბანის ალტერნატივა, ანდა “ფიდესის” ადგილობრივი მმართველობის აქტივისტები სამუშაოს დაკარგვით დაემუქრნენ. მიზეზი ალბათ მრავალგვარია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლის უმრავლესობამ უარყო გაერთიანებული ოპოზიციის წინადადება, ერთად მოეშორებინათ თავიდან ავტოკრატი.
არჩევნების შემდეგ ოპოზიცია არ დაშლილა. პეტერ მარკი-ზაიმ თავისი საპარლამენტო მანდატი დატოვა და მშობლიური ქალაქის მერობას დაუბრუნდა, თუმცა შეზღუდული გავრცელების მქონე ოპოზიციურ მედიაში კვლავაც მოჩანს. ოპოზიციის რამდენიმე სხვა ლიდერმაც არჩია, არ შესულიყო პარლამენტში, რომელშიც მათ ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდათ. წესები ხომ ორბანმა პარლამენტშიც შეცვალა: ოპოზიციონერ დეპუტატებს გამოსვლებისთვის ცოტა დრო აქვთ, არა აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და კანონპროექტების განხილვის პროცედურების შენელებაც კი არ ძალუძთ. 2016 წელს, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ დაადგინა, რომ ოპოზიციონერების დაჯარიმების გავრცელებული პრაქტიკა პარლამენტში გამოსვლის სურვილის გამო თვითგამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას არღვევს. გამოხდა წლები, მაგრამ არაფერი შეცვლილა – არანაირი საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უნგრეთის ახალ პარლამენტში თავისი სათქმელის გაჟღერების მეტი საშუალება მიეცემათ.
ჯერჯერობით, ოპოზიცია იდეების გენერირების ეტაპზეა – ერთ-ერთი მათგანია ალტერნატიული პარლამენტის შექმნა, რომელშიც ნორმალური პოლიტიკური დებატების ადგილი იქნება. რამდენიმე ცნობილმა პარტიულმა ლიდერმა პოზიციები დატოვა და ახალ თაობას დაუთმო გზა 2026 წლის არჩევნების სამზადისში, თუმცა ჯერ ადრეა იმის თქმა, რამდენად უკეთესი იდეების წინ წამოწევას მოახერხებს ეს ახალი ტალღა. ცენტრისტული და მემარცხენე პარტიები ალბათ გადაწყობას შეძლებენ და შეეცდებიან კიდევ ერთხელ სცადონ ბედი, თუმცაღა არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ ორბანი მათ ხელისუფლებასთან მიუშვებს, ან რომ კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლები შეურიგდებიან ისეთ ოპოზიციურ კოალიციას, რომლის ნაწილიც მემარცენე სპექტრიდან იქნება.
თუკი უნგრელებს თავისი მთავრობის შეცვლა არჩევნებით არ შეუძლიათ, რადგანაც უნგრეთი დემოკრატიული სახელმწიფო აღარაა, მაშინ ორბანის მმართველობა მხოლოდ სხვაგვარად შეიძლება დასრულდეს. 2022 წელს ხმების მოსაქუჩებლად ორბანმა იმდენი ფული დახარჯა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ღრმა დეფიციტშია. მან ევროკავშირის მიერ ამ მიმდინარე ციკლში გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უკვე დახარჯა, ევროპკომისიამ კი არჩევნებიდან მეორე დღესვე აცნობა ბუდაპეშტს, რომ დაფინანსებას შეუმცირებს. წარსულში, ორბანის დასახმარებლად ჯიბეს ხელს რუსეთი გაიკრავდა ხოლმე, მაგრამ სანქციებს ქვეშ მყოფი მოსკოვი ახლა ნაკლებად ხელგაშლილია. ორბანი ჩინეთთანაც მუშაობს, თუმცა გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად, არაა გამორიცხული რომ არც ჩინეთმა აიტკიოს თავი ორბანის ხარჯების დასაფარად.
დაფინანსების ნაკლებობის პირობებში, შეიძლება მოიშალოს ის სისტემა, რომლითაც ორბანი ოლიგარქებს ეხმარებოდა, ოლიგარქები კი მის ძალაუფლებას უჭერდნენ მხარს. ეს თუ მოხდა, უნგრეთი შეიძლება დემოკრატიისათვის სასიკვდილო შტოპორში ჩაეშვას, რომლის მაგალითიც რუსეთში, თურქეთსა და ვენესუელაში უკვე ვიხილეთ: პოლიტიკური მხარდაჭერის შემცირებას პოლიტიკური რეპრესიების გაფართოება მოჰყვება, რასაც ინვესტორების გაქცევა და ეკონომიკის კოლაფსი მოსდევს. ევროკავშირის წევრობა უნგრეთში ეკონომიკური კოლაფსის შედეგებს შეარბილებს – თუმცა ევროპელებს ეს ძვირი დაუჯდებათ. ის კია, რომ ვენესუელასთან შედარებით ნაკლებად დრამატულმა ეკონომიკურმა კრიზისმაც შეიძლება ხელი მოუთავოს ორბანს. ეგებ, ეს ერთადერთი სცენარია, რომლის თავიდან აცილებასაც ორბანი კანონების შეცვლით ვეღარ შეძლებს.
სტატია თარგმნეს: მარი გაბედავამ, ანა ჯობავამ და თამარა სართანიამ.
რედაქტირება ჯაბა დევდარიანისა