skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ

ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება სთხოვა. გვარამიას 2022 წლის 16 მაისს პატიმრობა შეუფარდეს. 2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ იგი პატიმრობაში დატოვა.

ევროპარლამენტარები გმობენ „ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს“ და აცხადებენ, რომ „კრიტიკული მედიის გაჩუმება არ უნდა ხდებოდეს“, ვინაიდან ის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტია. წერილში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს პრეზიდენტის უფლებამოსილება გვარამიას პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

„საქართველომ დამოუკიდებლობის დღიდან მკაფიოდ განაცხადა თავისი ევროპული მისწრაფებების შესახებ. ეს ევროპული გზა კონსტიტუციაშია ასახული და ის ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზეა, ქართველი ხალხის თითქმის 90%-ის მხარდაჭერით, რომელმაც თანმიმდევრულად აჩვენა თავისი ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები და ხაზს უსვამენ, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ორი გულისხმობს მეტ ძალისხმევას თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, ასევე ისეთი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფას, რომელიც იქნება სრულიად და რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი.

ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს და „დაეხმარება საქართველოს დაუახლოვდეს თავის ეროვნულ მიზანს – ევროკავშირის წევრობას“.

წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: მარკეტა გრეგოროვა, პატრიკ ბრეიერი, ფაბიო მასიმო კასტალდო, ანა ფოტიგა, რაფაელ გლუკსმანი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი, მიკულას პეკსა და სხვები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button