არასამთავრობოები ნიკა გვარამიას საქმეს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან
„[„მთავარი არხის“ დირექტორის], ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. [მის] მიმართ წარმოებული საქმე, მთლიანობაში, ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტული მედია გარემოს არსებობაზე“, – განაცხადეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 3 მაისს, პრესის დამოუკიდებლობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობოების განმარტებით, პროკურატურის მიერ გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. მათივე თქმით, დაუსაბუთებელი იყო თავად სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებაც, რაგანაც საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილი კითხვებს ვერც განაჩენი პასუხობს. „ამასთანავე, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ ქმნიდა საფუძველს, ქმედებაში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირებისთვის“.
უფლებადამცველები გვარამიას საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას მიმართ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს განაჩენები გამოტანილია „კანონიერების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევით და დასტურდება პოლიტიკური მოტივის/მდგენელის უპირატესობა. ხელმომწერი ორგანიზაციები ვიზიარებთ ამ შეფასებას“.
„ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საკასაციო წესით. მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ვადა თითქმის იწურება, ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივრის განხილვა არათუ არ დაწყებულა, სასამართლოს შემადგენლობაც კი არ არის განსაზღვრული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
უფლებადამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის საქმე პირდაპირ უკავშირდება ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პრიოიტეტიდან მე-7-ს, რომლის მიხედვითაც, „უფრო ძლიერი ძალისხმევა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად“ და „ჯერ კიდევ შესასრულებელია“.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლის გაცხადებულ მიზანს“, – აცხადებენ ისინი და ხაზს უსვამენ, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, „ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას“.
ამდენად განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:
- საქართველოს უზენაეს სასამართლოს დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე;
- საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/04/2023 – აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები: ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია
- 21/04/2023 – საერთაშორისო ორგანიზაციები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)