ახალი ამბები

ჯინ შაჰინი: საქართველოში შიდა ბრძოლაა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის 

ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა 26 აპრილს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც USAID-ის 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავდა, განაცხადა, რომ საქართველოში შიდა ბრძოლაა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის. ამერიკელი დემოკრატი სენატორი საქართველოს დიდი ხნის მხარდამჭერია და მისი სტუმარიც არაერთხელ ყოფილა.

განცხადება იმ ფართო დისკუსიის კონტექსტში გაკეთდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ბევრ რეგიონსა და ქვეყანაში ავტორიტარიზმის ზრდას შეეხებოდა.

„ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლაა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს დასავლეთისკენ, ევროპისკენ სვლა, მათ დემოკრატია სურთ“, – განაცხადა შაჰინმა და 2012 წელს სენატორ რიშთან ერთად საქართველოში ვიზიტი გაიხსენა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რის შემდეგაც, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მან იქვე დასძინა, რომ „რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად მიდის ავტოკრატიისკენ“.

სენატორის თქმით, „ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ ამ არჩევნების მხარდაჭერაში კრიტიკულ როლს შევასრულებთ და სადამკვირვებლო მისიის გაგზავნასაც შევუწყობთ ხელს“. შემდეგ სენატორმა USAID-ის ადმინისტრატორს, სამანტა პაუერს მიმართა: „შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს თუ არა USAID-ი გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას საქართველოს მხარდასაჭერად?“.

პაუერმა უპასუხა, რომ ის „სავსებით“ ეთანხმება სენატორ შაჰინის მიერ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასებას და განაცხადა, რომ „თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე და ზოგიერთი კანონი, რომელიც ბოლო დროს წარადგინეს, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს“. მან ხაზი გაუსვა, რომ „მეორე მხრივ, ეს უარყოფითი რეაგირება აჩვენებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები“. მანვე განაცხადა, რომ საჭიროა USAID-მა რესურსები სამართლიანი არჩევნებისკენ მიმართოს, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გაიგონონ მათი ხმა. „ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, – დასძინა USAID-ის ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, სენატორმა შაჰინმა მოუწოდა სამანტა პაუერს, რომ დამატებითი დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტს მიმართოს და დაარწმუნა ის, რომ კომიტეტი დაეხმარება გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიისთვის სახსრების უზრუნველყოფაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button