ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი სენატორ შაჰინის წინააღმდეგ კრიტიკასა და არასამთავრობოების დაფინანსების რეგულირების მოწოდებებზე საუბრობს 

არასამათავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა“ და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ პროექტის გახსნაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი სენატორ ჯინ შაჰინის მიმართ ქართული ოცნებისა და „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების კრიტიკას შეეხო, რომელიც მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამ უკანასკნელმა 16 ნოემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე დასვა კითხვა – უნდა გადახედოს თუ არა აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ქვეყანაში „უზარმაზარი უკუსვლის“ ფონზე. ელჩმა დეგნანმა ასევე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების რეგულირების თაობაზე ქართული ოცნებიდან გასულების მოწოდებებზე.

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მიერ სენატორ შაჰინის მისამართით ნათქვამი სიტყვის – „ჩათლახი“ -შეფასებისას, ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ „როგორც მე მესმის, არცერთმა ქართველმა არ უნდა გამოიყენოს მსგავსი ენა ვინმეს წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს სრულიად შეუფერებელია და ქართველების უმეტესობამ ეს აღიარა“.

რაც შეეხება მოწოდებებს არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის თაობაზე, ელჩმა განაცხადა: „ეს ჩემთვის ჟღერს როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან ამოღებული“.

„ეს არის ის, რასაც ვხედავთ რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან. „არ მგონია, რომ ამისთვის მუშაობდა საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში, რათა ამ ტიპის შევიწროებას დაბრუნებოდა“.

„მე ვფიქრობ, ჩემი გამოცდილებით, ვინაიდან ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში, მე მინახავს რეალურად მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება აკეთებს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ელჩმა.

ამ კონტექსტში, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ არასამთავრობოები მუშაობენ, რათა მოაგვარონ გარემოს დაცვის საკითხები, სამართლოებრივი დახმარება აღმოუჩინონ მათ, ვისაც ეს სჭირდება, დაეხმარონ სტუდენტებს და ახალგაზრდებს, ასევე შრომისუუნარო ადამიანებს. „ბევრი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია არსებობს, რომელთაც სურთ, მოაგვარონ პრობლემები და ქვეყანა და საზოგადოება უკეთესი გახადონ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

„სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს იმ ქართველებს, რომლებიც შეიკრიბნენ, რათა არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპის ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „ზოგჯერ ეს მაკვირვებს, რადგანაც პარლამენტის დეპუტატები, მათ შორის, მმართველი პარტიიდან, მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, დაიწყეს საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციებში და საქართველოს განვითარებაში სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების კარგი მუშაობით შეიტანეს წვლილი“.

იმ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომ ამერიკის დახმარება პირდაპირ არასამათავრობო სექტორში მიდის, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „შეგიძლიათ ჰკითხოთ თხილის მწარმოებელ ფერმერებს, ან მოცვის მწარმოებელ ფერმერებს, ანდაც რძის პროდუქტების მწარმოებლებს, ვინ გააფართოვა მათი წარმოება, ან როგორ შეძლეს საკუთარი რძისა და ყველის გაყიდვა უფრო მეტ ბაზრებზე, ასევე ჰკითხოთ რა ტიპის დახმარებას იღებენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან“.

ელჩმა სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში აშშ-ის დახმარებაზეც ისაუბრა და საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის ძალებსა და სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის არსებულ ურთიერთობასაც შეეხო.

„ეს არ კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს, ძირითადად, ხელისუფლების მეშვეობით ან უშუალოდ, ხალხთან ერთად კეთდება”, – დასძინა მან.

„მაგრამ, ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ რამდენიმე ძალიან კარგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და საზოგაროებრივ ორგანიზაციასთან, რომლებიც უფრო ძლიერი საქართველოს მშენებლობას ეხმარებიან, რომლებიც ყველა დონეზე აგვარებენ საკითხებს, რათა გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი, შეიქმნას სამუშაო ადგილები და უკეთესო გარემო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, – აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, აშშ-ის დახმარებამ ხელი შეუწყო ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. „სწორედ ისინი არიან, ვისზეც ჩვენ ვზრუნავთ – ქართველი ხალხი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button