skip to content
ახალი ამბები

ამერიკელი სენატორები 31 ოქტომბრის არჩევნებზე

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა 29 ოქტომბრის განცხადებაში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ აღნიშნეს, რომ „მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ პატივი სცეს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფის კუთხით“.

„მართალია, კოვიდ-19-ის პანდემიამ ხელი შეუშალა დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრები ყურადღებით დააკვირდებიან პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთად ჩავედით საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, დემოკრატია გაღრმავდა და ეკონომიკა გაიზარდა“, – განაცხადა ორმა სენატორმა და დასძინა, რომ „საარჩევნო სისტემაში შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმურობის გაძლიერების თვალსაზრისით. მოახლოებული არჩევნების კარგად ჩატარება კიდევ უფრო გააღრმავებს მიღწეულ წარმატებას და აჩვენებს ქართველი ხალხის სურვილს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი განაგრძოს“.

აღნიშნეს რა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერაცია არ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში, ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ „დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს“.

„ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს საქართველოს როგორც მეგობრები და პარტნიორები და თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს ვუსურვებთ“, – განაცხადეს მათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button