Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერს ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი წარუდგინეს

საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 6 თებერვალს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ზურაბ აზნაურაშვილის, რაჟდენ კუპრაშვილისა და ელგუჯა მაკალათიას კანდიდატურები წარუდგინა. პრემიერი თანამდებობაზე 6 წლის ვადით მათგან ერთ-ერთს 1 კვირის ვადაში შეარჩევს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, 38 კანდიდატიდან, რომელთაც ბიუროს ხელმძღვანელის კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოხატეს, გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ 8 დაიბარეს და მათგან 3 შეარჩიეს. დანარჩენების მიერ წარმოდგენილი განცხადებები/დოკუმენტაცია კანონით და დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

პრემიერისთვის წარდგენილ კანდიდატთა ბიოგრაფიები

ზურაბ აზნაურაშვილი, რომელიც თბილისის ღია უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ასისტენტ-პროფესორია, 2020 წლის იანვრიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი ინსპექტორია. უფრო ადრე, 2019 წლის 19 აგვისტოდან 2020 წლის 24 იანვრამდე იგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილე იყო. 2016-2019 წლებში, აზნაურაშვილი რეგიონული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი და ევროპის საბჭოს საგრანტო პროგრამების მენეჯერის პოზიციებზე მსახურობდა. 2013 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 2010-2013 წლებში, იგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საწარმოების მართვის მიმართულების სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი, ელგუჯა მაკალათია საჯარო სამსახურის ბიუროს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილეა. უფრო ადრე, 2014-2016 წლებში, იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, 2014 წელს კი – შსს-ის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს განყოფილების უფროსი. 2013-2014 წლებში მას ამავე აკადემიაში გადამზადებისა და დაწინაურების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 2012-2013 წლებში კი – აკადემიის საუბნო ფაკულტეტის უფროსი ინსტრუქტორი იყო.

რაჟდენ კუპრაშვილი, რომელსაც იურისტად მუშაობის 16-წლიანი სტაჟი აქვს, 2019 წლიდან სახელმწიფო ორგანიზაციის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მოქმედი დირექტორის თანამდებობას იკავებს. წარსულში იგი შემდეგ კომპანიებს ხელმძღვანელობდა – „კუპრაშვილი და ადვოკატები“ და „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“, ასევე მუშაობდა იურისტის პოზიციაზე საპროექტო–საკვლევაძიებო ინსტიტუტში „ტრანსპროექტი“. 2001-2009 წლებში იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე იყო.


ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში 2022 წლის 23 დეკემბერს განაცხადეს. 5 იანვარს კანდიდატების შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე აირჩიეს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის მსურველებს განაცხადების წარდგენა 11 იანვარიდან 25 იანვრის ჩათვლით პერიოდში შეეძლოთ.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ნასამართლეობის არმქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია. კონკურსი განაცხადების შერჩევისა და გასაუბრების ეტაპებს მოიცავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button