ქართული ოცნება „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს დაარეგისტრირებს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის 12-პუქტიანი რეკომენდაციების მე-4 პუნქტის* შესრულების ფარგლებში, ქართული ოცნება „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნის შესახებ ცვლილებათა პაკეტს დაარეგისტრირებს.
- 24/12/2021 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში „შეჩერებული ანტიკორუფციული პოლიტიკის“ შესახებ
მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შეიქმნება სსიპ „ანტიკორუფციული ბიურო“, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება. ოხანაშვილის განმარტებით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
ამ მიზნით, აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას და ის საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
„კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციული საბჭოს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს და მათ თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. თავის მხრივ, პრემიერი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ამ კანდიდატებიდან შეარჩევს.
„ჩვენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, დღესვე წარვადგენთ ამ ინიციატივას მხარდაჭერისთვის და კომიტეტი უახლოეს მომავალში დაიწყებს ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე საკომიტეტო მოსმენებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ მიანდო ქართულმა ოცნებამ ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა პრემიერს, მაში როდესაც ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ ის პარლამენტს შეერჩია, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ პრემიერმინისტრს აქვს „სრული ლეგიტიმაცია“ რომ „ღია“ და „გამჭვირვალე“ კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატებიდან ბიუროს ხელმძღვანელად ერთ-ერთი დანიშნოს.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/12/2021 – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, მთავრობა ანტიკორუფციულ რეფორმას უგულებელყოფს
- 10/06/2021 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ოფშორული კომპანიების მფლობელობა ქვეყანაში ელიტურ კორუფციას ახალისებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)