ახალი ამბები

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო კვლავ ვერ შედგა

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღევანდელ პლენარულ სხდომაზეც ვერ შედგა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის დეპუტატებმა კენჭისყრის ჩატარებისთვის საჭირო რეგისტრაცია არ გაიარეს.

რეგისტრაციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა მოსამართლეთა მიმართ და აღნიშნა: „ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, დღესაც არ გაივლის საპარლამენტო უმრავლესობა რეგისტრაციას“. გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც დაუჭირა მხარი.

მხოლოდ 52-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია მაშინ, როცა კვორუმისთვის სულ ცოტა 76 დეპუტატია საჭირო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ, „მნიშვნელოვანი კორუფციის“ ბრალდებით ბოლოდროინდელი სანქციების გამო ოპოზიციამ კომისიის შექმნის ინიციატივა გასულ კვირას გააჟღერა.

დეპუტატთა გამოხმაურება

კენჭისყის ჩავარდნას მმართველი პარტიისსა ოპოზიციონერი რეპუტატების შეფასებები მოჰყვა. ქვემოთ საკიხთზე მხარეთა განსხვავებული პოზიციებია წარმოდგენილი:

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის პრინციპის საკითხია. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს მიღწევა რაიმე ფორმით დაჩრდილოს. „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალური, სისხლიანი პოლიტიკური ძალა… კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს საგამოძიებო კომისია შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვალაპარაკებთ სასამართლოზე „ნაცმოძრაობას“.“

მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე: „ბუნებრივია, ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს!… ერთხელ ჩვენ უსამართლოდ კანდიდატის სტატუსი არ მოგვეცა და ეს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა… სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა, თუ არა საბოტაჟს… „ნაცმოძრაობას“ და მის მთელ კლასტერს ვერ წარმოუდგენია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად.

ქართველ მოსამართლეებს სავიზო შეზღუდვებს უწესებენ და შენ, ოპოზიციონერი რომ გქვია, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის გვერდით დადგე და თქვა, რომ მტკიცებულების გარეშე ეს დაუშვებელია, პირიქით ამის საფუძველზე ამბობ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ მტკიცებულებები და კომისია“.

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა არის დიამეტრულად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება და ამას ამბობს არამხოლოდ მმართველი ძალა, არამედ ამაზე მეტყველებს ყველა სანდო მონაცემი, რომელიც სასამართლოს ეხება.. ყველა მონაცემით ჩანს, რომ დღეს მოქალაქეები ამ სასამართლოს მიიჩნევენ ბევრად უფრო თავისუფალ და სამართლიან სასამართლოდ, ვიდრე როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება… ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით ოპოზიციას, მათი სურვილი არ არის არც დამოუკიდებელი და არც თავისუფალი სასამართლო, არც რაიმე ობიექტურის დადგენა. სინამდვილეში, მათ აქვთ სამი კონკრეტული ამოცანა. პირველი, ხელი შეუშალონ ევრო რეკომენდაციების შესრულებას და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიცემას. მეორე, სასამართლოში ჩარევა და როგორმე გავლენის დაბრუნება, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევა და მესამე, სასამართლოსა და მოსამართლეებზე შურისძიება, რომლებმაც გაასამართლეს მათი დამნაშავე პოლიტიკური ლიდერები. ეს არის კონკრეტული ამოცანები. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივეცით შესაძლებლობა, რომ საქართველოს სასამართლოს გამოუთხარონ ძირი და მორიგი შეტევა განახორციელონ სასამართლო სისტემაზე“.

ლევან ბეჟაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „კიდევ ერთხელ ადასტურებენ ეს ადამიანები, რომ რეალურად ქართულ ოცნებას აქვს პირდაპირი პოლიტიკური გავლენა და პოლიტიკური მფარველობა სასამრთლოს კლანურ სისტემაზე, ამიტომ შემდეგი ნაბიჯი უდნა იყოს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ამ ყველაფრის წარდგენა მტკიცებულებების სახით და თხოვნა, რომ სასამართლო კლანის პოლიტიკური მფარველების დასანქცინრება მოხდეს“.

თამარ კორძაია – დამოუკიდებელი დეპუტატი: „პრემიერმინისტრი აფარებს ხელს სასამართლო კლანს და მის გავლენიან ფიგურებს, ასევე საქართველოს პარალმენტი ცდილობს, რომ დაფაროს ის კორუფციული პრობლემები, რაც სასამართლო სისტემაში არის. ეს არის უკვე ცალსახა დადასტურება იმისა, რომ ქართული ოცნება მფარველობს სასამართლო კლანს. ამაზე მეტ ლუსტრაციას თავად კომისიის შექმნაც კი ვერ შეძლებდა დღევანდელი ხელისუფლების, რაც თვითონ გააკეთეს ამ ორი დღის განმავლობაში“.

გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“: „მტკიცებულებებს, რომელსაც ზოგიერთი „ქართული ოცნებიდან“ მაინც ითხოვდა და იმეორებდა, სად არისო, აგერ ბატონო მტკიცებულება კლანის არსებობის საქართველოში. რეჟიმი იცავს კლანს, არის დაკავშირებული კლანთან, და ყველა მტკიცებულება თვითონ შექმნეს თავისი თავის წინააღმდეგ“.

ხატია დეკანოიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ფაქტია, რომ კლანი და „ქართული ოცნება“ არის ერთი, და ფაქტია, რომ ახალი სანქციებიც იქნება, და ამ ახალ სანქციებში ძალიან მარტივად შეიძლება პოლიტიკური პერსონებიც მოყვნენ. შეშინებულია ხელისუფლება, შეეშინდა საგამოძიებო კომისიის შექმნის…“

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button