ახალი ამბები

„ერთად ევროპაში“ – პარლამენტთან ენმ-ის ორგანიზებული აქცია გაიმართა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, 9 აპრილს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა სახელწოდებით „ერთად ევროპაში“.

ენმ-ის წევრები, მხარდამჭერები, აქტივისტები, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები პარლამენტთან 17:00 სთ-დან იმის სათქმელად შეიკრიბნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები „არ შეეგუებიან ქვეყნის რუსეთიზაციას“ და „თავისუფლების დაკარგვას“.

სხვებთან ერთად, შეკრებილებს სიტყვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმაც მიმართა და თქვა, რომ „რუსული პროპაგანდა დამარცხებულია“, რადგან „მიუხედავად, პოლიტიკური გემოვნებისა, დღეს აქ ყველა ერთად ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“.

„რამდენი არ გვეძახა რუსულმა პროპაგანდამ, ჩვენმა შიდა თუ გარე მტერმა, რომ თურმე არის ერთი პარტია და სხვა პარტიები არ იქნებიან, თურმე უნდა ვიყოთ გათითოკაცებულები, თურმე ერთმანეთს უნდა დავუპირისპირდეთ და რეალურად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საპირისპიროდ, გვჭირდება ერთობა, ხელების ჩაკიდება და ბრძოლა გამარჯვებამდე“, – განაცხადა მან.

ენმ-ის თავმჯდომარემ საზოგადოებას აქციის მოთხოვნებიც გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, „ნომერ პირველი მოთხოვნა არის“ 2023 წლის 7-9 მარტის აქციებისას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება, რომელსაც 7-11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მანვე შემდეგ სამ მოთხოვნად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების „დაუყოვნებლივი გადადგომა“; პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, ასევე დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა დაასახელა.

აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის „პოლიტპატიმრებისა“ და ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ჰიბრიდული ომის იარაღია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ისინი მხოლოდ „ფასადურად ამბობენ, რომ თითქოს საქართველო უყვართ, თითქოს ევროპა და ევროპაში ინტეგრაცია უნდათ, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ ისინი რუსულ დავალებას ასრულებენ დღეს საქართველოში““. „ჩვენ ამას არ შევეგუებით“, – აღნიშნა ვაშაძემ და დასძინა, რომ „გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მთავარია, ვირწმუნოთ, რომ „ქართული ოცნება“ აღარ არსებობს“.

აქციაზე სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც გამოვიდა და თქვა, რომ „მიგვაჩნია ეს ხელისუფლება პრორუსულ მთავრობად, ისევე როგორც 89 წელს იჯდა აქ კომუნისტური მთავრობა. ზუსტად ერთი და იგივეა, ერთნაირად მართული მოსკოვიდან“, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სამშობლო არა რუსეთის გუბერნიაა, არამედ არის თავისუფალი, თავისუფლებისმოყვარე ადამიანთა ერთობა, რომლის ადგილიც არა რუსეთის მონობაში, რამედ ევროპის თავისუფალ ერებთანაა“ – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ მოქმედი ხელისუფლება „საშიშია ამ გზაზე“.

აქციაზე სიტყვით ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისიც გამოვიდა და საზოგადოებას შვილის გათავისუფლებაში დახმარება და გვერდში დგომა სთხოვა. გრიგორიადისის შეფასებით, მისი შვილი „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეული მსხვერპლია, რადგანაც მისივე თქმით, საპროტესტო აქციების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ისეთ ადამიანებზე საუბრობდნენ, როგორ „ვიზუალშიც ზუსტად ჯდებოდა ლაზარე“.

„… უბრალოდ მითხარით, დღევანდელ სასამართლოში შეიძლება ადამიანი გაასამართლონ? [ლევან] მურუსიძის სასამართლოში შეიძლება, რომ ადამიანი გასამართლდეს? რომ გვქონოდა ნორმალური სასამართლო, წყნარად, მშვიდად დაველოდებოდი პროცესს და გავამართლებდი ჩემს შვილს იმიტომ, რომ ვიცი, ის არავის მოკვლას არ აპირებდა. მაგრამ როგორ… მოდი და ამ სასამართლომ გაასამართლოს ხალხი“, – მიმართა მან შეკრებილებს და დასძინა – „ძალიან გთხოვთ, დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ და ეს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ წავიყვანოთ იქით, საითაც ევროპაა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button