ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: „სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს“

„მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 10 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებან შეხვედრის დასრულების შემდეგ უზენაეს სასამართლოში გამართულ პრესკონფერენციაზე. საბჭოს წევრებმა პრემიერთან შეხვედრა 6 აპრილს გამართულ სხდომაზე მას შემდეგ მოითხოვეს, რაც წინა დღით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების შესახებ გახდა ცნობილი.

პრემიერის თქმით, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გახდა „სასამართლო დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, როგორც შიდა ჩარევებისგან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან“. ამდენად, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით „მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის. მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის, სუვერენულ სასამართლოზე და მოსამართლეებზე“.

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისგან, ყოველგვარი ზეწოლისგან. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ჩვენ, მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, ვისწრაფვით“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლების 10-წლიანი მმართველობის პერიოდში გატარდა „ფუნდამენტური რეფორმები სასამართლოში იმისთვის, რომ სასამართლო გამხდარიყო ისეთი, როგორიც არის დღეს- დამოუკიდებელი და თავისუფალი“.

„ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, აბსოლუტურად, როგორც იტყვიან, დღესავით ნათელი გახდა ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა. როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი ჩავიბარეთ ჩვენ სასამართლო 2012 წელს“, – თქვა პრემიერმა და დაამატა, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი მართავდნენ.

„სასამართლო იმ დროს იყო რეალური პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი და ჩვენ სასამართლოს ვუთხარით, რომ იმ დღეს, როცა გახდა „ქართული ოცნება“ ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელ პარტნიორებთან და კოლეგებთან საუბრები გაიხსენა, რომელთა რჩევაც მისივე თქმით, იყო, რომ „მოსამართლეების მიმართ ჩვენ აბსოლუტურად არავითარი ზომები არ უნდა მიგვეღო და ჩვენ რა თქმა უნდა, არც არაფერი გაგვიკეთებია, პირიქით, ჩვენ მოსვლის დღიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს“.

„ასევე მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საელჩოების, რომ მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა უვადოდ, რაც ასევე ჩვენმა მთავრობამ გააკეთა. 4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში, მე ასე ვიტყოდი“, – განაცხადა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ „ამას ადასტურებს“ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები.

„საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალია ნდობა ჩვენი სასამართლოს მიმართ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოსადმი საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება. „ამხელა განსხვავება, ამხელა პროგრესი. ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ და ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობენ სამართალს ქვეყანაში“.

„მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს], ყველა მოსამართლეს, თქვენი საქმიანობისთვის“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა – „ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრისას, პრემიერმა უპასუხა – „…მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის, შემაშფოთებელი მე ვიტყოდი, იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ხაზმგასმით მინდა აღვნიშნო რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი“.

დამატებით კითხვაზე, მიიღო თუ არა ინფორმაცია, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული შემთხვევების შესახებ – ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა – „მე გიდასტურებთ, რომ მივიღე ეს ინფორმაცია. ამის თაობაზე მოგახსენებთ მოგვიანებით. მივიღე ინფორმაცია, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან [გვრიტიშვილისგან], სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და ამას საზოგადოება გაიგებს“.

მანვე დაამატა, რომ მოქმედი ხელისუფლება „მაქსიმალურად ერიდება“ „რაიმე ფორმით ზედმეტ კონტაქტსაც კი [სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებთან] და ჩვენ გარდა იმისა, რომ მხოლოდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს, მაქსიმალურად გავქვს შემცირებული ეს კონტაქტები, შეხვედრები“. „თუ სურვილი იქნება და რაიმე კონკრეტულ საქმეს შეეხება, მე ყოველთვის მზად ვარ როგორც პრემიერმინისტრი და მთავრობის მეთაური, რომ მოვისმინო ინფორმაცია მოსამართლეებისგან, გავიზიარო მათი წუხილი და ამის შემდეგ ჩვენ დავიგეგმოთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ერთად“, – განმარტა პრემიერმა.

კითხვაზე – ეთანხმება თუ არა მოსამართლეთა განცხადებას, რომ რომ აშშ ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს? – პრემიერმა თქვა, რომ ჯერ არავის უნახავს „არცერთი მტკიცებულება, რომელიც თან ახლავდა ამ [მოსამართლეთა დასანქცირების] გადაწყვეტილებას“. „შესაბამისად, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროა და გაუგებარია, ამის თაობაზე თქვენ ალბათ გაეცანით საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას და წერილს, რომლითაც მან მიმართა თავის კოლეგას“, – თქვა მან და იმედი გამოთქვა, რომ „სიმართლე გაირკვევა“.

მანვე დაამატა, რომ მოსამართლეთა დასანქცირება ხელისუფლებისთვის „სიურპრიზი“ იყო. „მე არასოდეს მომისმენია, რომ რაღაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ალბათ, პირიქით უნდა მომხდარიყო და თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ყოველთვის მოვისმინოთ“, – განაცხადა მანვე. პრემიერისვე თქმით, „ყველამ იცის“, რომ მოსამართლეები, რომელთაც სანქციები შეეხოთ, არიან „ძალიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას“.

„ყველა ხელისუფალის და თითოეული მოქალაქის ვალდებულება უნდა იყოს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოსამართლეებს, მათი ინტერესებისა და სასამართლოს დაცვაში, ამას მე როგორც პრემიერმინისტრი ვაკეთებ და ხვალაც გავაკეთებ კიდევ უფრო მეტი შემართებით“, – ხაზგასმით თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, „სიამაყის განცდა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას“.

„მე გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე და მიმართოთ პატივისცემით, ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერმინისტრი და მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტულნი და კორექტულად მიმართოთ ადამიანებს და მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადება

პრემიერმინისტრამდე ტრიბუნასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე გამოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ „ძალიან სამწუხაროა“, რომ არის მცდელობა, „მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა გადმოინაცვლოს სასამართლოში“. „სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო და გაუგონარი გადაწყვეტილება, რაც მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ სამი მოქმედი უვადო მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე“.

მისი განმარტებით, სასამართლო წლების განმავლობაში არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა, მაგრამ „არცერთხელ, არცერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი და ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორიც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა“. „შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე“.

ნინო ქადაგიძისვე თქმით, თხოვნის მიუხედავად, არ მიაწოდეს „არათუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი და მინიშნებები, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი““ამიტომ მე მათ სრულ თანადგომას ვუცხადებ“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა „მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვიქნები მათი და თითოეული ჩემი და ჩვენი მოსამართლის ხელშეუხებლობის და თავისუფლების გარანტორი“.

მანვე გაიმეორა პრემიერის ნათქვამი, რომ „ქართული მართლმსაჯულება ყველა მოცემულობით, ყველა ასპექტში, ყველა პარამეტრით წინ უსწრებს არა ერთ ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას“. „შესაბამისად, ჩემთვის ცოტა მძიმე განცდები ჩნდება, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ რთულ და ძალიან ღირებულ, მნიშვნელოვან გზაზე“, – თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, „დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ჩვენ პრემიერსაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე, მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას“.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „კორუფციის გამო“ 4 ქართველი მოსამართლის – მიხეილ ჩინჩალაძისთვის, ლევან მურუსიძისთვის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძისთვის ვიზის აკრძალვაზე სანქციების დაწესების შესახებ 5 აპრილს განაცხადა. სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღესვე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართა, სადაც მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა პრემიერთან შეხვედრა მოითხოვა. თავად სანქცირებულმა მოსამართლეებმა მათ მიმართ ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს და აშშ-ის საელჩო ქართულ სასამართლო სისტემზე გავლენის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულეს. ერთ-ერთი მათგანი, ირაკლი შენგელია აპირებს, რომ სანქციების დაწესების გამო აშშ-ს სასამართლოშიც უჩივლოს.

იმავე ხაზს მიჰყვნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები და სანქცირებული მოსამართლეების მიმართ ღია მხარდაჭერა გამოხატეს. საპირისპირო რეაქცია ჰქონდათ ოპოზიციაში. მათ საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით პრეზიდენტ ზუაბიშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევაც სთხოვეს. 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრეზიდენტს, დღეს ოფიციალურად მიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button