PACE-ის თანამომხსენებლები ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის ყოვლისმომცველ რეფორმებს ითხოვენ
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ 3 აპრილს განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას შეასრულონ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, განახორციელონ ყოვლისმომცველი რეფორმები სასამართლო სისტემაში, გამოიძიონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე განხორციელებული თავდასხმები. განცხადება საქართველოს დეპოლარიზაციისკენაც მოუწოდებს და შეშფოთებას გამოთქვამს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
PACE-ის თანამომხსენებლები საქართველოს ფაქტების შემსწავლელი მისიით 27-29 მარტს სტუმრობდნენ და ოფიციალურ პირებს, ასევე საპარლამენტო კომიტეტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრებისას მათ რიგი საკითები განიხილეს, მათ შორის, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, დემოკრატიული რეფორმები, პოლიტიკური გარემო, პოლარიზაცია, სასამართლო სისტემის რეფორმა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებები.
- 29/03/2023 – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები თბილისს სტუმრობენ
განცხადებაში თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე კრიტიკულ გზაგასაყარზე იმყოფება. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, გადალახონ უკიდურესი შუღლი და პოლარიზაცია, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა და შეშფოთება გამოთქვეს რეფორმების პროცესის აშკარა შეჩერების გამო. თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ 12 პრიორიტეტული სფერო ახალი არაა ქვეყნისთვის და რომ დიდწილად ემთხვევა ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს და რომ პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა გადამწყვეტი პრიორიტეტია. თუმცა, მათივე თქმით, ამისათვის ყველა ძალის პოლიტიკური ნებაა საჭირო, რათა საკუთარი ქცევა და დამოკიდებულებები შეცვალონ.
თანამომხსენებლებმა დაგმეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე, ხშირად „ანონიმური აქტორების“ მიერ, განხორციელებული თავდასხმები. „აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოშია, მნიშვნელოვანია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმოს და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიძიოს ეს თავდასხმები, რომელთა მიზანიც ამ ორგანიზაციების გაჩუმება და სტიგმატიზებაა”, – ნათქვამია განცხადებაში.
- 17/02/2023 – საქართველოზე PACE-ის მომხსენებლები მოუწოდებენ პარტიებს არ მიიღონ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი
თანამომხსენებლების თქმით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მართალია, ბოლო რეზოლუციის მიღების შემდეგ, გარკვეული რეფორმები განხორციელდა, კვლავ საჭიროა ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც წინა სასამართლო სისტემის რეფორმების დამოუკიდებელ შეფასებას დაეფუძნება, როგორც ამას ასამბლეა ითხოვს. მათ ხელისუფლებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებისკენაც მოუწოდეს, რათა კორპორატივიზმთან, გამჭვირვალობის ნაკლებობასთან და სასამართლო სისტემაზე შეუსაბამო გავლენასთან დაკავშირებული წუხილები აღმოიფხვრას.
თანამომხსენებლებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტისა და მისი ე.წ. პერსონალური მიდგომის თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და შეიძლება პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მოჰყვეს. ისინი კერძო ინტერესების წინააღმდეგ ე.წ. სისტემური მიდგომის გამოყენების წინადადებით გამოვიდნენ, რასაც ვენეციის კომისიაც უჭერს მხარს.
თანამომხსენებლებმა შეშფოთება გამოხატეს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო არსებული უთანხმოების გამო და განაცხადეს: „სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზება და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს ნეიტრალური, სანდო და საიმედო ინფორმაცია. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების არსებობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ამ მიმართულებით და, ამიტომ, მოვუწოდეთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრაფად მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელი ექიმების ჩართვას, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ სააკაშვილს მკურნალობაში“.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/01/2023 – საქართველო PACE-ს მონიტორინგის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშში
- 24/10/2022 – შალვა პაპუაშვილი PACE-ს პრეზიდენტს მიმართავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)