ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი PACE-ს პრეზიდენტს მიმართავს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 24 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს წერილით მიმართა და რუსეთის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერაზე ქართული ოცნების დეპუტატების უარი განმარტა. მან ასამბლეა რეზოლუციის ტექსტში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეტანის გამო გააკრიტიკა.

PACE-ს რეზოლუცია სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“ გმობს მოსკოვის მიერ უკრაინის რეგიონების ახალ ანექსიას და რუსეთის რეჟიმს „ტერორისტულად“ მოიხსენიებს.

მიხეილ სააკაშვილის შესახებ შესწორება

ქართული ოცნება, სავარაუდოდ, არ დაეთანხმა რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც წერია: „ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყონებლივ გაათავისუფლოს ვლადიმირ კარა-მურზა. ასამბლეა ასე მოითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის)“.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დააპატიმრეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიციის ნაწილი ამ არგუმენტებს არ იზიარებენ. ამასთან, ისინი და სახალხო დამცველის აპარატი ყოფილი პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებენ, რაც, შესაძლოა, მისი პირობითი გათავისუფლების წინაპირობა გახდეს.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოხსენიებამ რეზოლუციის ტექსტში უბიძგა მმართველი პარტიის დელეგატებს, რომ არ დაეჭირათ მხარი რეზოლუციისთვის და რომ ეს ფაქტი „ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას და ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში“.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასზე მეტი განაჩენი გამოიტანა ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, ხოლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე“ და ამით დაამტკიცა, რომ „მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული“.

აღნიშნა რა, რომ „საქართველოს 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია“ და რომ 2013-2021 წლებში 5.5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა“.

მისივე თქმით, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს „საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში“.

„და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა“, – ნათქვამია წერილში.

წერილის დასასრულს, პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ასამბლეის წევრები „მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button