ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები თბილისს სტუმრობენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები თბილისს სტუმრობენ, სადაც 28 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. დღეს ისინი საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ და ოპოზიციის წარმომადგენლებს ესაუბრნენ. დაგეგმილია მათი შეხვედრა მმართველი პარტიის წევრებთანაც.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები – კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე, ბას კლეინი.
პრემიერმინისტრთან შეხვედრა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს და კომიტეტის თანამომხსენებელთა კონსტრუქციულ მუშაობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და აღნიშნეს ევროპის საბჭოს მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. ამ კონტექსტში, პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ოპოზიციასთან შეხვედრა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მათ „იმ საფრთხეებზე“ ისაუბრეს, რომლებსაც დღეს ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიას, ევროინტეგრაციას, ეროვნულ გეგმებსა და მიზნებს უქმნის. „ასევე ვისაუბრეთ [მიხეილ] სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – დასძინა მან.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები „შოკისმომგვრელად“ შეაფსეს, რადგანაც დეპუტატის შეფასებით, „ეს არ არის საპარლამენტო მუშაობა, ეს არის ფაქტობრივად ბრძოლა წესების გარეშე“. „კითხვაც კი არ აქვთ 12 პუნქტზე, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი, [თუმცა] გაკეთებული არაფერი არ არის“, – ხაზი გაუსვა მან.
„ევროპელ კოლეგებთან საუბარი შეეხო ერთი მხრივ, რა ბერკეტებით არის შესაძლებელი, რომ ზეწოლა გაძლიერდეს დღევანდელ ხელისუფლებაზე და მეორე მხრივ, როგორ მივაღწიოთ, რომ ქართველმა ხალხმა მის მიერ მოპოვებული უფლება – გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, არ დაკარგოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამო“, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
„ვისაუბრეთ [ევროკომისიის] 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე [და] იმ სირთულეებსა და ბარიერებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ [ამ მიმართულებით ქმნის]“, – განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ და ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხიც დასვეს.
„ჩვენ ვთქვით, ღიად, მკაფიოდ, დამარცვლით, რომ ჩვენ [ოპოზიცია] მხარს ვუჭერთ, რომ ჩვენმა ქვეყანა, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ურთულესი პოლიტიკური პროცესებისა“, – უთხრა ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ.
პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბო განაცხადა, რომ შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით გასატარებელ რეფორმებზე, ასევე ბუნებრივ საარჩევნო ბარიერზე იმსჯელეს, რაც „გამოიწვევს პოლარიზაციის შემცირებას და ახალი მოთამაშეების შემოსვლას პოლიტიკაში“.
მოქალაქეების დეპუტატის, ქეთევან თურაზაშვილის თქმით, ევროპელი კანონმდებლები შეხვედრაზე ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით მათი მოლოდინებითა და სამუშაო ჯგუფებში მათი ჩართულობის ხარისხით დაინტერესდნენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებთან შეხვედრა
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები ქართული ოცნების დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შეხვდნენ და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროპელი სტუმრების ინტერესის ძირითად საგანს წარმოადგენდა თუ რა ნაბიჯებს დგამს კომიტეტი 12 რეკომენდაციიდან ჯერ კიდევ შეუსრულებელ საკითხებთან მიმართებით.
„ეს არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი და ასევე, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები. განვუცხადეთ, რომ ამ ორ საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიიდან და ეუთო/ოდირიდან მიღებული გვაქვს დასკვნები. ჩვენ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავსებადია საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან, ვენეციის კომისიის მიდგომებთან, იქნება გათვალისწინებული და ასე იქნება ყველა კანონი მიღებული“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)