skip to content
ახალი ამბები

მმართველი გუნდი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ვიოლა ფონ კრამონის ყოფნას ეხმიანება

„უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტების საწინააღმდეგოდ 7-9 მარტს გამართული აქციებისას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ყოფნას მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის ხელშეწყობასა და ძალადობრივი ქმედებების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ასეთ ადამიანებს, როგორიც არის ქალბატონი ვიოლა, ნამდვილად არანაირი სურვილი არ აქვთ, საქართველოს განვითარების და საქართველოს წინსვლის“.

„საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ვიოლა ფონ კრამონი და [ანდრიუს] კუბილიუსი არ არიან ის ადამიანები, ვინც დასავლეთის დამოკიდებულებას გამოხატავს პროცესის მიმართ – ეს იყო ჩვენი ლოზუნგი ყოველთვის. ვიოლა ფონ კრამონი, ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით, ყველაფერს ამას ხაზს უსვამს. იგი ჩამოვიდა, რათა დისკრედიტაცია მოახდინოს დასავლური პოლიტიკის“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

პარლამენტის კიდევ ერთმა ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ქალბატონი ვიოლა მუშაობს სწორედ იქ, სადაც კანონი სჯის მოქალაქეებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებას, გადასახადების გადამხდელების ფულით ნაყიდი ქონების დაწვას, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ჩამოსულია სრულიად საპირისპირო მიზნით, ქართულ საზოგადოებას სთავაზობს სრულიად საწინააღმდეგოდ იმისას, რასაც თავის ქვეყანაში და ევროპარლამენტში წარმოადგენს“.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ევროპარლამენტი „ბოლო ხანებში ძალიან გამოირჩევა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით“. „გვახსოვს მაგალითად, 7 მარტს, როდესაც აქცია დაიწყო, [ფონ კრამონი] ასე გამოეხმაურა – ეს ყველაფერი მაიდანს მაგონებსო, თითქოს სასურველი დაინახა, თორემ პარალელის გავლების შესაძლებლობა მას არ ჰქონდა ობიექტურად“, – განაცხადა დეპუტატმა.

„ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ, მიტინგებზე, ასეთი მოუწყოს თავის ქვეყანაში, მოლოტოვის კოქტეილი ისროლოს და მერე, მხარდაჭერას ვუცხადებო… ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის კულტურის, ტრადიციების, აკადემიური საზოგადოებით და ამ ტონალობაში საუბარი, ძალიან შეეშალა ქალბატონ კრამონს და იმედია, ამას გაიაზრებს და ბოდიშს მოიხდის“, – თქვა, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატის, მარიამ ლაშხის თქმით, მიუღებელია, რომ ევროპარლამენტარი ჩართული იყოს ძალადობისა და მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც „ევროპარლამენტი კანონის უზენაესობისა და დეპოლარიზებისკენ მოგიწოდებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button