skip to content
ახალი ამბები

თბილისმა ევროკავშირის რეგიონულ ამბასადორიალს უმასპინძლა

თბილისმა 14-15 მარტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ამბასადორიალს უმასპინძლა, რომელშიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე, თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

14 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მაიკლ ზიბერტმა ამბასადორიალის მიზნებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მოიცავს ევროკავშირის პოლიტიკის განხილვას რეგიონის ქვეყნების მიმართ, ზოგიერთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, კომუნიკაციებს, დაკავშირებადობას, „კასპიის ზღვაზე ხიდების გადებას“ და სხვა თემებს.

ევროკავშირის განზრახვაზე იმ კანონპროექტის მსგავსი კანონის მიღებაზე კითხვის საპასუხოდ, რომელსაც გასულ კვირას საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, მან უპასუხა, რომ ესმის, რომ ეს საქართველოსთვის აქტუალური საკითხია. ზიბერტმა ასევე აღნიშნა, რომ „საბედნიეროდ“, კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირებას გულისხმობდა, დეპუტატებმა ჩააგდეს. იქვე მან ისიც განმარტა, რომ ევროკავშირი უკვე კი არ იღებს ამ კანონს, არამედ იწყებს საკითხზე დაინტერესებულ მხარეთა შორის ფართო დისკუსიას. მისივე თქმით, კანონპროექტი ჯერ არც არსებობს. „თემაც განსხვავებულია: ის არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირებას, რომლებიც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ“. „საუბარია უცხო ქვეყნის მთავრობების ლობისტურ აქტივობებზე”, – აღნიშნა მან და დასძინა: „არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ვაკვირდებით, როდესაც ისინი სთხოვენ ლობისტურ კომპანიებს მათზე მუშაობას… და ჩვენ გვსურს დავაკვირდეთ [მათ] ცოტა უფრო ახლოდან და განვიხილოთ ეს დაინტერესებულ მხარეებთან“.

მან ასევე აღნიშნა: „ბოლო კვირაში ბევრი ვიდეო ვნახე, ​​სადაც ევროპის დროშები ფრიალებს ძალიან გაბედულ მომენტებში. მე ვნახე ქალი, რომელიც ევროპის დროშას აფრიალებს წყლის ჭავლის წინააღმდეგ, ასე რომ, ეს არის სურათი, რომელიც ჩემს გონებაში რჩება“.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასმული კითხვის პასუხად, მან აღნიშნა, რომ დეკემბერი ჯერ კიდევ შორსაა და დასძინა: „ჩვენ ვხედავთ, რომ ბურთი საქართველოს მოედანზეა. ეს არის სამართლებრივი პროცესების, ნორმების ფურცლებზე გადატანის საკითხი“. ზიბერტმა იქვე ამ საკითხების იმპლემენტაციისა და შესრულების გზების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური და პროცესში სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ჩართული.

ზიბერტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამბასადორიალის ფორმატს მიღმა ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. მანვე აღნიშნა, რომ ხსენებული აქტორები „ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და აუცილებელ ინგრედიენტს წარმოადგენენ ნებისმიერი დემოკრატიისთვის. [ამასთან ის] ძალიან საჭიროა ევროკავშირისკენ საქართველოს წინსვლისთვის“.

ამბასადორიალის კიდევ ერთმა მონაწილემ, კატარინა მატერნოვამ, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოში დირექტორატის თანაშემწის მოადგილემ, გაიმეორა მისი კოლეგის შენიშვნები საქართველოს კანდიდატურის სტატუსის შესახებ და აღნიშნა, რომ „ბურთი საქართველოს მოედანზეა“. მან ხაზგასმით თქვა, რომ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყო „წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი“. მან ასევე თქვა: „გადაწყვეტილება დღეს რომ მიიღებოდეს, ძალიან რთულია მსჯელობა [თუ რა იქნებოდა], მაგრამ აშკარაა, რომ ჯერ კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ მიერ იყო შემოთავაზებული“.

მატერნოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩაერთვება გაფართოების პაკეტში და მომზადდება ევროპული პერსპექტივის მქონე ყველა ქვეყნის ძალიან საფუძვლიანი შეფასება…“. „დიდი იმედი მაქვს, რომ შემოდგომამდე პერიოდში იქნება საკმარისი პროგრესი კანდიდატის სტატუსის მისაღებად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button