ახალი ამბები

ოპოზიციამ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა

საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით ერთობლივი განცხადებით მიმართეს, „რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის მართლმსაჯულებისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და რუსეთის გავლენისგან საქართველოს განთავისუფლებას“.

ერთობლივ მიმართვაში, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვიცე-სპიკერმა და პარტია მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა 25 მაისს წაიკითხა, ხაზგასმულია, რომ „საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო არ უნდა გადაიხადოს ესოდენ მაღალი ფასი“.

„მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული პრობლემებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელის მომწერი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დეპუტატები ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის“, – ნათქვამია ტექსტში.

ოპოზიციამ ხაზი გაუსვა, რომ როდესაც უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, „საქართველო ის პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომლის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები“.

„ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს“, – განაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა.

„ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა, ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედია თავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები“, – დასძინეს მათვე.

ერთადერთი ოოზიციური საპარლამენტო პარტია, რომელმაც ერთობლივ მიმართვას ხელი არ მოაწერა, ევროპელი სოციალისტებია. პარტიის პრესსამსახურში „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ საკითხზე პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button