შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს უპასუხა, რომელმაც პაპუაშვილისადმი გამოგზავნილ ღია წერილში შეშფოთება გამოხატა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი რუსული ტიპის კანონპროექტის თაობაზე.

წერილში, რომელიც შალვა პაპუაშვილმა 3 მარტს Facebook-ზეც გამოაქვეყნა, პარლამენტის თავმჯდომარე იზიარებს მოსაზრებას, რომ „ნებისმიერი რეგულაცია, რომელი, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მკაცრად უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს“. იგი იქვე დასძენს, რომ პარლამენტში „უცხოეთის აგენტებზე“ ინიცირებული ერთ-ერთი კანონპროექტი აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის „ლიბერალური ვერსიაა“.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ წარდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით საპარლამენტო დისკუსიები იქნება ინკლუზიური იმ მიზნით, რომ მოიძებნოს ისეთი საუკეთესო ვერსია, რომელიც გაითვალისწინებს როგორც საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას, ისე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

წერილში იგი ასევე განმარტავს, რომ „პოლიტიკის ფორმულირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის პრივილეგიას თან ახლავს პასუხისმგებლობაც“ და  მოქალაქეებს აქვთ უფლება „ინფორმაცია ჰქონდეთ იმ აქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე“.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ პარტიებს გამჭვირვალობასთან და ანგარიშვალდებულებასთან  „უმკაცრესი რეგულაციები“ აქვთ, „არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუდმივად მზარდი ჩართულობისა და მასზე ზეგავლენის მიუხედავად, არ არსებობს ეფექტიანი რეგულაცია, რომლებიც უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება უცხოურ დაფინანსებას“.

„რაც უფრო მიიწევს წინ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრება და პატივისცემა“, – აცხადებს პაპუაშვილი და დასძენს, რომ „მსგავსი რეგულაციის არსებობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გამოც, როგორებიცაა ფულის გათეთრება, კორუფცია, ტერორიზმის დაფინანსება და რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსგან ნაკარნახევი სხვა საფრთხეები“.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ორივე კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან, „რათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები კანონმდებლობაში აისახოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით“.

აღნიშნავს რა რომ, რომ საქართველომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და მასთან თანამშრომლობით არსებით პროგრესს მიაღწია დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში, პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ „საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version