ახალი ამბები

OGP საქართველოს შეამოწმებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რევაზ ჯაველიძის სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელსაც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აღმასრულებელი დირექტორი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველომ არ დაიცვა OGP-ის პროცესი სამოქმედო გეგმის ორი ციკლის დროს, ვინაიდან ვერ წარმოადგინა 2021-2023 და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმები.

წერილი აცნობებს საქართველოს მთავრობას, რომ OGP-ის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველო OGP-ის კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტის (C&S) შემოწმებას დაექვემდებარება. შემოწმების პროცესი მოიცავს ზედმიწევნით შესწავლას და მხარდაჭერას C&S-ის, მხარდაჭერის ქვეკომიტეტისა და მმართველი კომიტეტის მხრიდან, რათა მოგვარდეს ის საკითხები, რის გამოც საქართველო შემოწმების ქვეშ მოექცა.

იმისათვის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს უმოქმედოდ აღიარების რისკი და მოგვარდეს შემოწმების პროცესი, საქართველომ არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა ახალი სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს.

ანალოგიური წერილი ერთი წლის წინ, 2022 წლის თებერვალში მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელს (და ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრს) ილია დარჩიაშვილსაც გაეგზავნა მას შემდეგ, რაც საქართველომ პირველად ვერ წარადგინა სამოქმედო გეგმა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ 78 წევრ სახელმწიფოს და 76 ადგილობრივ მთავრობას აერთიანებს. მისი მიზანია კორუფციასთან ბრძოლა და გამჭირვალე, ეფექტური და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა, ასევე, ამ მიზნებისთვის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება და მოქალაქეთა ჩართულობა პოლიტიკის განხორციელებაში.

საქართველო 2011 წლიდან OGP-ის წევრია. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, ოთხი უკავშირდება საქართველოს ვალდებულებებს OGP-ის წინაშე: სასამართლო სისტემის გამჭირვალობა, დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, დე-ოლიგარქიზაციის განხორციელება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button