skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები ღია მმართველობის რეფორმების შეჩერების გამო შეშფოთებას გამოხატავენ 

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს შეშფოთება გამოხატა საქართველოს მთავრობის „განგრძობითი უმოქმედობის“ გამო, რის შედეგადაც, ღია მმართველობის პროცესი საქართველოში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შეჩერებულია.

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ჩართულმა რვა ორგანიზაციამ, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, განაცხადა, რომ საქართველო „უხეშად არღვევს როგორც ღია მმართველობის დეკლარაციით გათვალისწინებულ პრინციპებს, ასევე OGP ღირებულებებს“.

აღნიშნეს რა, რომ „ორი წელია ქვეყანას OGP-ის ფარგლებში არცერთი რეფორმა არ დაუგეგმავს და არ განუხორციელებია“, ორგანიზაციებმა მოუწოდეს ხელისუფლებას აღადგინოს და უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ქმედითი ჩართულობა ღია მმართველობის პროცესში. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველასთვის ცხადი გახდება, რომ ღია მმართველობის პროცესი, მისი მისია და ღირებულებები საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს“, – განაცხადეს მათ.

მათ ასევე მოუწოდეს OGP-ის საერთაშორისო სამდივნოს, რომ აქტიურად ჩაერთოს „ამ ხანგრძლივი კრიზისის“ მოგვარებაში.

ორგანიზაციებმა გაიხსენეს, რომ ღია მმართველობის პროცესის „ცხადი კრიზისი ქვეყანაში 2018 წლიდან გამწვავდა“, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც პროცესის კოორდინაციას ახორციელებდა, არასამთავრობო სექტორის წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილი უგულებელყო. არასამთავრობოების მიმართვის შემდეგ, ღია მმართველობის პროცესის კოორდინაციამ იუსტიციის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა, ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო სამდივნოს ხელმძღვანელობით.

განცხადების თანახმად, მთავრობამ, რომელმაც აიღო ვალდებულება „ფასადური თანამშრომლობის პროცესი რეალურად თანაშექმნის (co-creation) პროცესად გარდაქმნილიყო“, ახალი ფორმატი – ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დააფუძნა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობენ.

თუმცა, არასამთავრობოების თქმით, 2020 წლის თებერვალში შექმნიდან თითქმის ორი წლის თავზე, საბჭოს არცერთი შეხვედრა არ გამართულა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ 2020-2021 წლებში საქართველოს მთავრობამ ფორმალურად ორჯერ სცადა პროცესის აღდგენა.

„შედეგად, 2021 წლის 13-17 დეკემბერს დაგეგმილ ღია მმართველობის სამიტზე საქართველო ვერაფრით წარდგება“, – განაცხადეს ორგანიზაციებმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button