Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე გახდა


ემანუელ მაკრონი და გიორგი კვირიკაშვილი (მარცხნიდან მეოთხე და მეხუთე),19 სექტემბერი, 2017. ფოტო: facebook.com/OpenGovernmentPartnership

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე გახდა და ორგანიზაციას 2018 წლის ოქტომბრამდე უხელმძღვანელებს. OGP-ის თავმჯდომარეობა საქართველომ საფრანგეთისგან გადაიბარა.

თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონია, 19 სექტემბერს, მაღალი დონის ღონისძიებაზე გაიმართა, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში შედგა. ამას გარდა, გამჭირვალობის საერთაშორისო სკოლამ OGP-ის თანათავმჯდომარის პოსტზე მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი ჩაანაცვლა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც თავმჯდომარეობა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ოფიციალურად გადაიბარა, საქართველოს თავმჯდომარეობის ოთხი პრიორიტეტი დაასახელა: თანამშრომლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა; გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა; საჯარო მომსახურების მიწოდებაში ინოვაციების ხელშეწყობა; და OGP-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გააქტიურება.

ღონისძიების დროს OGP-მ ახალი პუბლიკაცია გამოაქვეყნა ხელისუფლების მიმართ ნდობის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ოცზე მეტი ლიდერის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მოსაზრებებს შეიცავს. კერძოდ, კვირიკაშვილი პარტნიორობასთან საქართველოს წარსულ ურთიერთობებზე და ქვეყნის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენი მთავრობისთვის დიდი პატივია, რომ წილად გვხვდა OGP-ის მომდევნო თავმჯდომარის პოსტზე ვიმსახუროთ და ხელი შევუწყოთ ძლიერ გლობალურ მოძრაობას ღიაობისა და უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ,“ – წერს პრემიერ-მინისტრი. „ახლა გარდამტეხი ეტაპია პარტნიორობისთვის და ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორ ქვეყნებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხალხს მიეცეს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ყოველდღურ ცხოვრებას ეხება“.

როგორც წამყვანი თავმჯდომარე, საქართველო პასუხისმგებელი იქნება საკუთარი უფლებამოსილების ვადაში დროებითი სამდივნოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტთან ერთად იმუშავებს  OGP-ის სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაზე, ასევე საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრებს უმასპინძლებს და OGP-ის ყოველწლიურ კონფერენციას გაუწევს ორგანიზებას.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ 2011 წლის სექტემბერში დაფუძნდა და ის 75 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. მისი მიზანია კორუფციასთან ბრძოლა და გამჭირვალე, ეფექტური და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა, ასევე, ამ მიზნებისთვის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება.   

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button