მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას პროტესტი მოჰყვა
მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენაზე – „ავტოპორტრეტი სარკესთან“ – საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას, კედელზე საღებავით დაწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. მომხდარზე შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, რასაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მათ ხელოვანების მიმართ „რეპრესიები“ დაგმეს და მხატვრის წინააღმდეგ დაწყებული საქმის გადაკვალიფიცირება მოითხოვეს.
ზუსტად რას იძიებს შსს?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს, რამაც „მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“ და ისჯება შინაპატიმრობით 1-2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 3-5 წლამდე.
პროტესტი ეროვნულ გალერეასთან
სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერად კულტურის სფეროს წარმომადგენლები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები გუშინ, 12 თებერვალს შეიკრიბნენ და მხატვრის მიმართ სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატეს.
საპროტესტო აქციის პარალელულად, შეკრებილებმა სულაბერიძის მიმართ ქურდობის მუხლით დაწყებული საქმის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვეს, რომელსაც შსს-ში ხვალ, 14 თებერვალს წარადგენენ. ხელმოწერები მათ განცხადებას დაურთეს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მხატვარი სხვის ნამუშევარს არ შეხებია, არავინ და არაფერი დაუზიანებია, ამასთან „ტექსტის შინაარსი ზოგადი და ფილოსოფიური სლოგანია, ის არავისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი არ არის”.
მხატვრის მიმართ დაწყებულმა გამოძიებამ ხელოვანების ნაწილში გააჩინა განცდა, რომ სულაბერიძის მინაწერი კულტურის მოქმედი მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროტესტად იყო აღქმული, რომელიც ბოლო პერიოდში არაერთხელ დაადანაშაულეს „რეპრესიებსა“ და „კრიტიკული აზრის დევნაში“. მაგალითად, კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა გამოცემა „ნეტგაზეთს“ უთხრა, „მორიგ ჯერზე ვაპროტესტებ ხელოვნების სფეროში პოლიციურ პოლიტიკას, რაც განსაკუთრებით, თეა წულუკიანის მინისტრობიდან არის ძალიან ცხადი“.
- 27/10/2022 – ომბუდსმენმა ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა
- 02/11/2022 – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები „რეპრესიულ წმენდაზე“ საუბრობენ
პროტესტის ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. მათ ჭარბ რაოდენობას გუშინვე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და იკითხა – „20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს ????“. „ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!“, – დასძინა მან.
საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა სამართალდამცველებსა და აქტივისტ ნატა ფერაძეს შორის, რის შედეგადაც ფერაძეს ცხვირი დაუზიანდა. მისი თქმით, პოლიციელები მას იმ საღებავების გამო დაუპირისპირდნენ, რომლებიც პარკში ეწყო და ისინი არც კი გამოუყენებია. „ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას… მეტაკნენ, უცებ, და ტუჩი მტკივა, ცხვირიდან სისხლი მომდის“, – უთხრა ფერაძემ ჟურნალისტებს.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების პენცენტრის განცხადება
აქციამდე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა მხატვრის მიმართ აღძრული საქმის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ხაზი გაუსვეს, რომ საკითხი უშუალოდ მხატვარსა და გალერეის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.
მათვე განმარტეს, რომ ხელოვანს „ზიანი არავისთვის მიუყენებია“ და მისი მოქმედება „შეიძლება განიხილებოდეს არტისტული აქციონიზმისა და ჰეფენინგის ფორმატის ფარგლებში,“ მისი შეფასება კი „მხოლოდ მხატვრული სფეროს კომპეტენციებშია და არ არის კანონდარღვევა“.
განმცხადებლემა გამოხატვის თავისუფლებას დაუჭირეს მხარი და აღნიშნეს, რომ „ამ თავისუფლების შეზღუდვა არის ტოტალიტარული რეჟიმების სახასიათო ნიშანი“. იგივე უფლება დაიცვა არასამთავრობო ორგანიზაცია „პენცენტრმაც“ თავის განცხადებაში, რომელსაც ხელს 90-მდე ხელოვანი აწერს. მასში ნათქვამია, რომ „მხატვრის წინააღმდეგ, მისი ნამუშევრის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა […] თავისი არსით არის პუტინის რუსეთისთვის დამახასიათებელი ქმედება და ცხადყოფს, რომ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოქმედებენ საქართველოს სახელმწიფოსთვის შეუთავსებელი ღირებულებებითა და ფასეულობებით“.
პენცენტრის თქმით, ამ „რეპრესიული თავდასხმის“ მიზანი სხვა ქართველი ხელოვანების დაშინებაა, რაც „შეუთავსებელია საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს ფასეულობებთან და ღირებულებებთან, ასევე წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციასთან“.
პენცენტრი მიიჩნევს, რომ „კულტურის მინისტრი არაკომპეტენტურია და ის მიზანმიმართულად ანგრევს ხელოვანების, მეცნიერების, კულტურის მენეჯერების და ზოგადად, კულტურის ქომაგების მიერ ათწლეულობით გაწეული შრომის შედეგად შექმნილ ინსტიტუციებს; აზიანებს შემოქმედებით პროცესებს და განგებ ცდილობს საქართველოს მოქცევას კულტურულ იზოლაციაში, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას“.
ეროვნული გალარეის დირექტორის პასუხი
სანდრო სულაბერიძის მიმართ სოლიდარობის პროტესტს, 12 თებერვალს სოციალური ქსელით უპასუხა ეროვნული გალერეის დირექტორმა, მაცაცო გაბუნიამ, რომელმაც მხატვრის ქმედებას „ინფანტილური მავნებლობა“ უწოდა და თქვა, რომ მისი ამ „პერფორმანსისა“ და „უცოდველი აქტის“ გამო უკვე „არაერთი ადამიანი დაზარალდა“, რაშიც გულისხმობს სამსახურიდან გათავისუფლებულ გამოფენის ზედამხედველებს.
მისივე განცხადებით, კანონისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, ავტორმა, თუ მისმა თაყვანისმცემელმა, „ფაქტია, გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი!“, – რის შესახებაც მან პოლიციას აცნობა.
„მომიტევეთ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს და საზოგადების წინაშე ჩემს მიერ აღებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გამო, ქუჩური „გაგებებით“ ვერ ვიხელმძღვანელებ, რადგან ხვალ ვინმემ ფიროსმანი რომ გაიტანოს, პირველი მე მომთხოვთ პასუხს და მართალიც იქნებით“, – აღნიშნა მან და მოუწოდა ხელოვანებს, რომ სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ისე დაგეგმონ, რომ კანონთან კონფლიქტში არ შევიდნენ და თუ მაინც შევლენ სასჯელისთვისაც მზად იყვნენ.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის განცხადება
4 თებერვალს მომხდარზე განცხადება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმაც გაავრცელა და განმარტა, რომ „მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია“. „ამ დროისთვის, „ათინათის” მიერ კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს“, – აღნიშნეს მუზეუმში.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/11/2022 – ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ სასამართლო მოიგო
- 26/10/2022 – სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლის გათავისუფლება ბათილად ცნო
- 01/09/2022 – კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოიგო
- 09/08/2022 – სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ ცნო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)