skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლის გათავისუფლება ბათილად ცნო

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან 2022 წლის იანვარში შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, გუგა გოგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ორგანიზაციის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ სააგენტოს გოგაძისთვის კომპენსაციის სახით გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდური ხელფასის გადახდა დააკისრა. გოგაძე იმის კომპენსაციასაც ითხოვდა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობაზე მისი აღდგენა შეუძლებელია. მისი ეს მოთხოვნა სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სააგენტოს გოგაძისთვის დამატებით 3 000 ლარის გადახდა დაავალა.

„მასობრივი გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მეორე პრეცედენტია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის. ამ საქმეებს უახლოეს თვეებში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განმარტებით, გუგა გოგაძე ერთ-ერთი იმ 70-მდე პირიდან, რომლებიც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა უწყებიდან გაათავისუფლეს.


საგულისხმოა, რომ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მის დაქვემდებარებულ უწყებებში თავისუფალი აზრის „დევნასა“ და თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით“ გათავისუფლებაში აქტიურად ადანაშაულებენ.

მსგავსი ბრალდებები ისმოდა მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის მსახურობის პერიოდში სისტემიდან თანამშრომელთა „უკანონო გათავისუფლებების“ გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი იზარალა.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გამოხმაურება და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ პასუხი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ „არაზუსტ“ ინფორმაციას 26 ოქტომბერსვე გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და განაცხადა, რომ „უკვე თითქოს ტენდენციად იქცა სხვადასხვა პირის მიერ კულტურის სამინისტროს ან მისი სსიპ-ების წინააღმდეგ წარმოებული წაგებული სასამართლო დავების მოგებულად გამოცხადება“.

სააგენტოს განცხადებით, ყალბია ინფორმაცია, თითქოს სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო გუგა გოგაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება. „პირიქით, სასამართლომ, როგორც პირველ, ისე სააპელაციო ინსტანციაში, უარი უთხრა გუგა გოგაძეს სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე“, – ხაზი გაუსვეს სააგენტოში.

უწყებამ ასევე განმარტა, რომ სასამართლომ სააგენტოს გოგაძისთვის მხოლოდ გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი გაცდენილი დროის ანაზღაურება დააკისრა. ამასთან, ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა კომპენსაციის სახით 28 000 ლარის გადახდაზე და სააგენტოს მისთვის მხოლოდ 3 000 ლარის გადახდა დააკისრა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 27 ოქტომბერს უპასუხეს „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე გუგა გოგაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, განაცდური დღეების სრულად ანაზღაურებას და პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის კომპენსაციის გადახდას მოითხოვდა.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პირველი ორი მოთხოვნა – ბათილად იქნა ცნობილი გუგა გოგაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და სააგენტოს მისთვის იძულებითი განაცდურის გადახდა დაევალა“, – აღნიშნეს „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ და დასძინეს, რომ სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ მხოლოდ დამატებით 28 000-ლარიანი კომპენსაციის ნაწილში დააკმაყოფილა და სააგენტოს მოთხოვნილი თანხის ნაცვლად 3 000-ლარის გადახდა დააკისრა.

„სააგენტოს განცხადებაში მოცემული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციაში არ დააკმაყოფილა გუგა გოგაძის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან სამსახურში აღდგენის მოთხოვნა პირველი ინსტანციის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაში აღარ იყო“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გოგაძის სამსახურში აღდგენაზე არ უმსჯელია, სააპელაციო სასამართლოს წინაშეც არ და ვერ იქნებოდა „დაყენებული აღნიშნული მოთხოვნა“.

ორგანიზაციისვე შეფასებით, იმას, რომ სააგენტო არ უარყოფს მათთვის განაცდურისა და კომპენსაციის დაკისრებას, „სამართლებრივ ნონსენსამდე მივყავართ“. ვინაიდან, თუკი სასამართლოს შეფასებით, გათავისუფლების ბრძანება კანონიერი იყო, „გაუგებარია რა სამართლებრივ საფუძველს შეიძლებოდა დაყრდნობოდა მოთხოვნა სააგენტოსთვის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრების შესახებ“.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 27  ოქტომბრის 16:30 სთ-ზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ გამოხმაურებების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button