skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენმა ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული მუზეუმის ოთხი ყოფილი თანამშრომლის – ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, „საიას“ განმარტებით, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2022 წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების სიაში დასახელებული პირების ერთობლივი პროექტიც იყო. თუმცა, კრიტიკულად განწყობილი ყოფილი თანამშრომლების პროექტის განხორციელებაში ხელშეშლის მიზნით, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „შეიმუშავა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი“.

„კერძოდ, დებულებით დირექტორატს მიენიჭა უფლებამოსილება, დაფინანსებული პროექტების შესახებ მიმართოს დამფინანსებელს და მოითხოვოს საგრანტო თანხა. დირექტორატს ასევე, მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს, დაუშვებს თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით“.

ორგანიზაციის ცნობით, დირექტორატის უმრავლესობამ მინისტრის „დისკრიმინაციული განზრახვა“ აღასრულა. შედეგად, ხელშეკრულება რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ 12 პროექტის ავტორებს გაუფორმეს, უარი კი – მხოლოდ ხსენებული ყოფილი თანამშრომლების მიერ წარდგენილი პროექტის განხორციელებაზე თქვეს.

„საიას“ განმარტებით, ეროვნული მუზეუმის ხსენებული ოთხი ყოფილი თანამშრომელი იმ პეტიციებზე ხელმომწერები არიან, რომლებიც „ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს“ უკავშირდებოდა. „მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, პეტიციების ხელმომწერთა დევნა კი, რეორგანიზაციის შედეგებშიც ნათლად გამოჩნდა“.

ორგანიზაციის განმარტებით, ომბუდსმენის ოფისის რეკომენდაციაში მითითებულია, რომ მოვლენების თანმიმდევრობამ დაადასტურა, რომ მუზეუმის სამ ყოფილ თანამშრომელს პროექტის დაფინანსებაზე უარი მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციების გამო უთხრეს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა „პირად ცხოვრებასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას გამოხატვის თავისუფლებით დაცული აზრის გამო“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ომბუდსმენმა თეა წულუკიანსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრებს მოუწოდა, რომ:

  • გამარჯვებული პროექტის დაფინანსების მიღების მოთხოვნით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მიმართონ;
  • მომავალში არ დაუშვან განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button