ახალი ამბები

საგარეჯოში სროლისას 5 ადამიანი დაიღუპა, 5 დაიჭრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 იანვრის ღამეს, კახეთის რეგიონის ქალაქ საგარეჯოს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით 5 ადამიანი მოკლა, 5 დაჭრა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მოკლულთა შორის 1 პოლიციელია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

„ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა“, – უთხრა ჟურნალისტებს ადგილზე მიმდინარე სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. მისი თქმით, თავდამსხმელი სახლში სრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც უცბად დაიწყო სროლა ჯერ „ერთი მხრიდან აივნის, მერე მეორე მხრიდან“, რის შემდეგაც შვილმა სახლი დატოვა.

შს მინისტრის თქმით, შემთხვევის ადგილას სამართალდამცველების მისვლის შემდეგ, მამაკაცმა პოლიციელების მისამართითაც ისროლა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გომელაურის მონათხრობით, თავდამსხმელის სახლში შესულ პოლიციელებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. „როდესაც კარი შეაღო უკვე პოლიციამ, გასროლის ხმა იყო. უკვე რომ შევიდნენ, საწოლზე იყო გადაწოლილი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, თავიდან სისხლი მოსდიოდა“, – უთხრა შს მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, პოლიციელებმა იქვე ხელყუმბარის რამდენიმე რგოლიც იპოვეს, რის შემდეგაც ადგილზე გამნაღმველებმა იმუშავეს.

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამხედრო სამსახურში 2006-2021 წლებში მსახურობდა და ამ მომენტისთვის არ აქვს ინფორმაცია, თუ საიდან ჰქონდა მას იარაღი და ხელყუმბარა. „კითხავენ შვილს მიდის გამოძიება. ვერც შვილი გვეუბნება ჯერ რა მოხდა“, – დასძინა მინისტრმა.

საგარეჯოში მომხდარის გამო მწუხარება გამოხატეს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მათვე დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button