ახალი ამბები

სააპელაციომ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში მსჯავრდებულებს სასჯელი 1 წლით შეუმცირა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 16 იანვარს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაწილში გაამართლა 2021 წლის 5 ივლისს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და აწ უკვე გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოპერატორზე ძალადობაში ექვსი მსჯავრდებული და მათ სასჯელი 5-დან 4-წლამდე შეუმცირა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

მსჯავრდებულებს გამოძიება ედავებოდა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას (225-ის მე-2), ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას (154-ის მე-2), დევნას (156-ის მე-2-ის „ა“ და „გ“) და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან (118-ის მე-3).

საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულები ყველა ბრალში დამნაშავედ 2022 წლის აპრილში ცნო და თითოეულს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

არასამთავრობოები სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „საგანგაშოდ“ მიიჩნევს მედიის თემებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ და აცხადებს, რომ „განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია“.

„საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას „უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა“.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ (საია) გააკრიტიკა და თქვა, რომ „ეს წარმოადგენს 2021 წლის 05 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს, რაშიც უპირველესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიუძღვით, როგორც გამოძიების წარმართვასა და ბრალის წარდგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს“.


2021 წლის ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. ჰომოფიბიური ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.

საგულისხმოა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია და ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 17 იანვარს, 14:00 სთ-ზე „მედიის ადვოკატირების კოალიციისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button