„კონსერვატიული მოძრაობა“: დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს უფლებებს ჩვენ განვუსაზღვრავთ
ღიად პრორუსული იდეოლოგიის მქონე ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობაში“ („ალტ ინფო“) 16 იანვარს განაცხადეს, რომ გუშინ, ლევან ბერძენიშვილს კახეთის რეგიონის ქალაქ ყვარელში ლექციის ჩატარებაში ხელი მათ შეუშალეს და დასძინეს, რომ „დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ“, თავად განუსაზღვრავენ „აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ“.
„ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს, [მაგრამ] ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს“, – ნათქვამია „კონსერვატიული მოძრაობის“ განცხადებაში.
კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი და ყოფილი პოლიტიკოსი, ლევან ბერძენიშვილი ყვარლის ახლადგახსნილ ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ლექციის ჩასატარებლად, გუშინ, 15 იანვარს ჩავიდა, სადაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა თემაზე – „ილია [ჭავჭავაძე] და აქტივიზმი“. თუმცა, ცენტრთან შეკრებილმა დაახლოებით 20-მდე მოქალაქემ მას ავტომობილიდან გადმოსვლის შესაძლებლობა არ მისცა. მედიით გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ შეკრებილები ბერძენიშვილს ერეკლე II-ის მისამართით კრიტიკას უხსენებენ და ყვარლის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ინციდენტი ხელისუფლების ორგანიზებული იყო. „ორგანიზებული სახე ჰქონდა, აშკარად საჯარო მოხელეები იყვნენ, ესენი არ იყვნენ უბრალო მოქალაქეები“, – თქვა მან და ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველთა სიმცირეზე გაამახვილა ყურადღება.
ორგანიზაციის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყება მოითხოვა „ყვარლის ევროკლუბმა“ და სამართალდამცველ უწყებასთან თანმშრომლობის მზაობა დააფიქსირა. „ადგილზე კოორდინირებულად შეკრებილმა აგრესიულმა ჯგუფებმა გადაკეტეს ჩვენს სივრცემდე მოსასვლელი ყველა გზა და მოწვეული მომხსენებელი ადგილამდე არ მოუშვეს“, – განაცხადეს კლუბში და დასძინეს, რომ სივრცეში შესვლის შესაძლებლობა არც ლექციაზე მისულ მოქალაქეებს მისცეს.
ყვარელში მომხდარს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. „სამოქალაქო საქართველო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.
საგულისხმოა, რომ რამდენიმე თვის წინ, ლევან ბერძენიშვილის მხრიდან 1783 წელს რუსეთთან გაფორმებული ტრაქტატის გამო ერეკლე II-ის მიმართ კრიტიკას ულტრამემერჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების კრიტიკა მოჰყვა. ამ მიზეზით, გასული წლის ივნისში თავს ლევან ბერძენიშვილის ძმას, დავით ბერძენიშვილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატს, ხათუნა სამნიძესაც დაესხნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/07/2022 – რესპუბლიკური პარტიის წევრებზე თავდამსხმელი გირაოთი გაათავისუფლეს
- 06/06/2022 – ხათუნა სამნიძე: რუსთაველზე თავს ორი მამაკაცი დაგვესხა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)