ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტების მიერ შეძენილი გენერატორები უკრაინაში ჩაიტანეს

ქართველი სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული კამპანიის – „გაუზიარე სინათლე“ – ფარგლებში შეძენილი 338 გენერატორი 27 დეკემბერს უკრაინაში ჩაიტანეს.

კამპანიის ორგანიზატორების თქმით, გენერატორები კიევში უკვე ჩამოტვირთეს და უახლოეს დღეებში ისინი „უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილას იქნება“ და რამდენიმე ადგილას დამონტაჟდება, მათ შორის, ბოიარკისა და პერეასლავლ-ხმელნიცკის წყლის სატუმბ სადგურებში, კიევის ოლქის სამედიცინო დახმარების პუნქტებში, ხარკოვის ოლქის სკოლაში, ვინიცას საბავშვო ბაღსა და სხვ.

აქტივისტებმა უკრაინისთვის გენერატორების შესაძენად კამპანია დეკემბრის დასაწყისში დაიწყეს და ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის დასახმარებლად თითქმის ორი კვირის განმავლობაში 400 000-ზე მეტი ლარი შეაგროვეს. მას შემდეგ, რაც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა 6 დეკემბერს თქვა, რომ გენერატორები საქართველოს ხელისუფლებას 1 თვის წინ სთხოვეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ, უკრაინაში მაღალი სიმძლავრის გენერატორები საქართველოს მთავრობამაც გაგზავნა.

რუსეთის საჰაერო ავიაიერიშების შედეგად უკრაინას ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების პრობლემები აქვს. უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მძიმე ზამთრისთვის მომზადებისა და საკვებით, წყალითა და თბილი ტანისამოსით მომარაგებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. მათ მსოფლიოსგან გენერატორებით დახმარებაც ითხოვეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button